გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Datadog-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი ქლაუდ აპლიკაციების მონიტორინგის პლატფორმის აქციების ფასის 28%-ზე მეტით გაიზარდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 42%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Datadog-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 25%-ით — $547.5 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $524.73 მილიონს. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) კი $0.45-ს მიაღწია (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.34).
Datadog-ს ამ ძლიერი შედეგების მიღწევაში დაეხმარა იმ მომხმარებლების რიცხვის ზრდა, რომელთა ყოველწლიური განმეორებითი ხარჯებიც $100,000-ს შეადგენს. მათი რაოდენობა წლიდან წლამდე 20%-ით — 3130-მდე გაიზარდა.
ამავდროულად, საოპერაციო ფულადი ნაკადებისა და თავისუფალი ფულადი ნაკადების გამომუშავება, გასული წლის იმავე მეოთხედთან შედარებით, შესაბამისად, 83%-ით და 105%-ით დაჩქარდა.
კომპანიაში მოელიან, რომ ძლიერი ზრდა გაგრძელდება. მენეჯმენტის პროგნოზით მიმდინარე კვარტალში შემოსავალი წლიდან წლამდე 21%-ით გაიზრდება და $566 მილიონს მიაღწევს. Datadog-ში ასევე მოელიან, რომ კორექტირებული EPS დაახლოებით $0.43-ს შეადგენს. ეს ორივე მაჩვენებელი საკმაოდ უსწრებს უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $543 მილიონს და $0.35-ს უტოლდება.
ინვესტორები შეშფოთებულნი იყვნენ მომხმარებლების მიერ Cloud Computing სივრცეში მოღვაწე კომპანიების სერვისების ათვისების შენელებით, რადგან ეკონომიკური გაურკვევლობა ჯერ კიდევ აქტუალურია. ზოგიერთი ინვესტორი შიშობდა, რომ ეს წინაღობები Dagadog-ზე ნეგატიურად აისახებოდა, თუმცა კომპანიის ძლიერმა წარმადობამ და მოსალოდნელზე უკეთესმა ზრდამ ხელი შეუწყო ეჭვების გაქარწყლებას.
Datadog-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $102.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 26 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $108.05-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $133.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Datadog-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 26 ანალიტიკოსიდან 15-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.