გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Novo Nordisk, Paramount Global, Bluegreen Vacations, Tecnoglass და Freshpet.
Novo Nordisk
გუშინ, ანალიტიკოსების დადებითი შეფასებების შემდეგ, ჯანდაცვის დანიური კომპანიის — Novo Nordisk-ის აქციების ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 48%-ით არის გაუმჯობესებული. ამის მიღწევა სულაც არ არის რთული ისეთი კომპანიისთვის, რომელსაც აშშ-ის აფთიაქების თაროებზე ორი ყველაზე პოპულარული მედიკამენტი — Wegovy და Ozempic აქვს.
გუშინ კი კომპანიის აქციები დადებითად შეაფასა ორმა ანალიტიკოსმა — რიჩარდ ვოსერმა J.P. Morgan-დან და მარკ პერსელმა Morgan Stanley-დან. პირველმა მათგანმა Novo Nordisk-ის აქციების სამიზნე ფასი $108-დან $115 მდე გაზარდა, ხოლო მეორემ — $101-დან $105-მდე. ჯანდაცვის კომპანიის აქციებს ორივე მათგანმა ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა.
რამდენიმე დღის წინ Novo Nordisk-ის აქციებმა კიდევ ერთი შეფასება მიიღო. Jefferies-ის ანალიტიკოსმა — პიტერ უელფორდმა კომპანიის აქციების სამიზნე ფასი $61-დან $62-მდე გაზარდა, თუმცა მან გაყიდვის რეკომენდაცია შეინარჩუნა.
ეს შეფასებები მოჰყვა მოსალოდნელზე ძლიერ კვარტალურ ანგარიშს, რომელიც კომპანიამ ხუთშაბათს წარადგინა. Novo Nordisk-ის შემოსავალმა $8.36 მილიარდი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $8.16 მილიარდი), ხოლო EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) — $0.71 (პროგნოზი — $0.67). გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ 2023 წლის პირველ ცხრა თვეში წლიდან წლამდე გაყიდვების 29%-იანი ზრდა დააფიქსირა, რაც მისი პოპულარული მედიკამენტების — Wegovy-ისა და Ozempic-ის დამსახურებაა.
Paramount Global
გუშინ, ანალიტიკოსის ნეგატიური შეფასების შემდეგ, გართობის ინდუსტრიის კომპანიის — Paramount Global-ის აქციების ფასი თითქმის 8%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 26%-ით არის დაკლებული.
Bank of America-ს ანალიტიკოსმა — ჯესიკა რეიფ ერლიჩმა Paramount-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია გაყიდვით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი მკვეთრად — $32-დან $9-მდე შეამცირა.
ჯესიკამ თქვა, რომ Paramount-ის აქციების ფასის ზრდის შესახებ მისი ძირითადი თეზისი ეფუძნებოდა კომპანიის აქტივების ღირებულებას, მაგრამ არ ჩანს, რომ მენეჯმენტი გეგმავს რაიმე აქტივების გაყიდვას უახლოეს მომავალში, მიუხედავად იმისა, რომ Paramount-მა მიიღო შეთავაზებები ისეთი მფლობელობების გაყიდვისთვის, როგორებიც არის Showtime და BET. ანალიტიკოსი ასევე აღნიშნავს, რომ დროთა განმავლობაში ამ ქონების ღირებულება მცირდება. გარდა ამისა, BofA-ში ხაზს უსვამენ რთულ მაკრო გარემოს და სეკულარულ წინაღობებს, რომლებიც 2024 წლისთვის ბიზნესზე ნეგატიურად იმოქმედებს.
Paramount Global-მა კვარტალური ანგარიში ხუთშაბათს წარადგინა. კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე 3%-ით გაიზარდა და $7.13 მილიარდი შეადგინა. ამ მაჩვენებელმა ანალიტიკოსების პროგნოზებს $11.12 მილიონით გადააჭარბა. კორექტირებულმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.30-ს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $0.10).
კომპანიის პირდაპირ მომხმარებლებზე ორიენტირებული სტრიმინგის სეგმენტის ზრდა ძლიერი იყო — შემოსავალმა 38%-ით — $1.67 მილიარდამდე მოიმატა, მაგრამ მისი ხაზოვანი სატელევიზიო განყოფილება კლებას განაგრძობს.
Paramount+-ის გამომწერების რაოდენობა 2.7 მილიონით გაიზარდა და აბონენტთა საერთო რიცხვმა 63 მილიონს გადააჭარბა. მომსახურების სეგმენტიდან მიღებულმა შემოსავალმა წლიდან წლამდე 61%-ით მოიმატა გამომწერების რაოდენობისა და რეკლამების მიმართულებით გაყიდვების ზრდის წყალობით.
Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $13.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 22 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $30.00-ს, ხოლო მინიმალური — $9.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Paramount-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 22 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 9-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Bluegreen Vacations
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, დასასვენებელი საკუთრებების კომპანიის — Bluegreen Vacations-ის აქციების ფასი მკვეთრად — თითქმის 107%-ით გაიზარდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 190%-ით არის გაუმჯობესებული.
ზრდა მას შემდეგ დაფიქსირდა, რაც Bluegreen Vacations-მა გუშინ დილით გამოაქვეყნა პრესრელიზი, რომელშიც კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, Hilton Grand Vacations-სგან შესყიდვის წინადადებას დათანხმდნენ. Hilton სრულად ნაღდი ანგარიშსწორებით Bluegreen-ის თითო აქციისთვის $75-ს გადაიხდის.
ეს გარიგება Bluegreen Vacations-ს აფასებს $1.5 მილიარდად, კომპანიის დავალიანების ჩათვლით. მოსალოდნელია, რომ შესყიდვა 2024 წლის პირველ ნახევარში განხორციელდება.
ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ გარიგება ანტიმონოპოლიური მოტივით გაპროტესტების ან დაბლოკვის საგანი გახდეს. სრულად ნაღდი ფულით ანგარიშსწორება კი ნიშნავს, რომ Bluegreen-ის აქციონერებს არ დასჭირდებათ ფიქრი Hilton-ის აქციების ფასის რყევებზე.
Hilton Grand Vacations-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $34.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 4 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $57.50-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $73.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Hilton Grand Vacations-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 68%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 4 ანალიტიკოსიდან 3-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tecnoglass
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Tecnoglass-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი არქიტექტურული მინის კომპანიის აქციების ფასი 12%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის მანძილზე ეს მაჩვენებელი დაახლოებით 3%-ით არის დაკლებული.
Tecnoglass-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 4.4%-ით — $210.74 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $206.25 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $46.6 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $0.98 იყო (პროგნოზი — $0.97).
„ჩვენს კლასში საუკეთესო, ინოვაციურ პროდუქტებზე სტაბილურმა მოთხოვნამ ხელი შეუწყო ერთოჯახიანი საცხოვრებლებიდან მიღებული შემოსავლის ზრდას და ეს ხდება რთული გარემოს მიუხედავად“ — განაცხადა Tecnoglass-ის ოპერაციულმა დირექტორმა — კრისტიან დეისმა.
რაც შეეხება მომავალს, კომპანიის მენეჯმენტი მოელის, რომ სრული 2023 წლის განმავლობაში შემოსავალი $835-$848 მილიონს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $830-$855 მილიონი). თუ საორიენტაციოდ ამ დიაპაზონის შუა წერტილს ავიღებთ გამოვა, რომ შემოსავალი წლიდან წლამდე 17%-ით გაიზრდება. გარდა ამისა, Tecnoglass-ში მოელიან, რომ EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) $300-$308 მილიონს შეადგენს. მანამდე მენეჯმენტი პროგნოზირებდა, რომ ეს მაჩვენებელი $320-$335 მილიონს მიაღწევდა.
Tecnoglass-ის აქციების ამჟამინდელი ფასი კი დაახლოებით $30.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $51.67-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $56.00-ს, ხოლო მინიმალური — $46.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tecnoglass-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 71.5%-იან ზრდას გულისხმობს.
Freshpet
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, Freshpet-მა ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი შინაური ცხოველების გაყინული საკვების მწარმოებლის აქციების ფასი თითქმის 17%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 29%-ით არის გაუმჯობესებული.
მესამე კვარტალში Freshpet-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 32.6%-ით — $200.6 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $194.2 მილიონს.
მთლიანი მოგების მარჟამ 29.4%-დან 33%-მდე მოიმატა, რადგან კომპანია Ennis-ის ახალ ობიექტში ზრდით და ასევე წარმოების დაბალი ხარჯებით სარგებლობს.
კორექტირებულმა EBITDA-მ $23.2 მილიონს მიაღწია. გასული წლის იმავე მეოთხედში ეს მაჩვენებელი $3.5 მილიონს შეადგენდა. GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) საფუძველზე, კომპანიის წმინდა ზარალი თითო აქციაზე $0.39-დან $0.15-მდე გაუმჯობესდა, რაც აღემატებოდა უოლ სტრიტის პროგნოზს — -$0.18-ს.
რაც შეეხება მომავალს, Freshpet-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლის შემოსავალი 27%-ით გაიზრდება და $755 მილიონს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $750 მილიონი). ასევე კომპანიაში კორექტირებული EBITDA-ს პროგნოზი $55 მილიონიდან $62 მილიონამდე გაზარდეს.
Freshpet-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $68.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $90.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $103.00-ს, ხოლო მინიმალური — $70.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Freshpet-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 9 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.