გუშინ, ბაზრის გახსნამდე, GE HealthCare Technologies-მა მოსალოდნელზე ძლიერი კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში კი სამედიცინო ტექნოლოგიების ამერიკული კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 19%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში GE HealthCare-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 5.4%-ით გაიზარდა და $4.82 მილიარდს მიაღწია (ანალიტიკოსების პროგნოზი — $4.8 მილიარდი). GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპები) მიხედვით გამოთვლილმა EPS-მა (მოგება თითო აქციაზე) $0.82 შეადგინა (პროგნოზი — $0.84), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $0.99 (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.90).
აღსანიშნავია, რომ ნებაყოფლობითი სამედიცინო ოპერაციების შემთხვევების ზრდამ, რომლებიც COVID-19 პანდემიის პერიოდში გადაიდო, GE HealthCare-ის მიერ წარმოებულ სამედიცინო აღჭურვილობაზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაზარდა.
GE HealthCare-ის ვიზუალიზაციის განყოფილებაში შემოსავალი 5%-ით გაიზარდა, ხოლო პაციენტების მოვლის გადაწყვეტების სეგმენტში — 9%-ით, უფრო მაღალი პროდუქტიულობის, ფასისა და მოცულობის გამო. გაყიდვები დაეცა კომპანიის ულტრაბგერით და ფარმაცევტული დიაგნოსტიკის მიმართულებებში.
კომპანიამ სოლიდური შედეგები დააფიქსირა იანვარში General Electric-ისგან გამოყოფის შემდეგ. პირველ კვარტალში გაყიდვებმა $4.70 მილიარდს მიაღწია, ხოლო მეორე მეოთხედში — $4.82 მილიარდს.
აღმასრულებელმა დირექტორმა — პიტერ არდუინმა განაცხადა, რომ უახლესმა შედეგებმა აჩვენა GE HealthCare-ის პროგრესი პროდუქტიულობასა და ფასში. მან დაამატა: „ჩვენ დარწმუნებულები ვართ კომპანიის 2023 წლის პერსპექტივაში“.
რაც შეეხება მომავალს, GE HealthCare-ის მენეჯმენტი ახლა მოელის, რომ მთელი წლისთვის EPS $3.75-$3.85-ს მიაღწევს (ძველი პროგნოზი — $3.70-$3.85).
GE HealthCare-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $67.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 6 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $83.60-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $94.00-ს, ხოლო მინიმალური — $72.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი GE HealthCare-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 25.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 6 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.