გუშინ საფონდო ბირჟაზე გავრცელდა მნიშვნელოვანი სიახლეები, რომლებმაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს სწორედ მათ მიმოვიხილავთ და შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Amazon, Baidu, WNS Holdings და Canada Goose Holdings.
Amazon
გუშინ, ანალიტიკოსების პოზიტიური შეფასებების შემდეგ, ტექნოლოგიური გიგანტის — Amazon-ის აქციების ფასი მცირედით — 0.2%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 50%-ით არის გაუმჯობესებული.
Oppenheimer-ის — ანალიტიკოსმა ჯეისონ ჰელფშტეინმა Amazon-ს 2024 წლის „ტოპ არჩევანი“ უწოდა. მან ხაზი გაუსვა კომპანიის სარეკლამო შესაძლებლობებს, წვდომას შეძლებულ მომხმარებლებზე და მარჟის გაფართოების პოტენციალს.
ამავდროულად, სკოტ დევიტმა Wedbush-დან Amazon-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია და $180-ის ტოლი სამიზნე ფასი შეუნარჩუნა. სკოტი მიიჩნევს, რომ კომპანია უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე ინვესტორებს ჰგონიათ — საცალო ვაჭრობის მარჟა კვლავ იზრდება და Amazon Web Services (AWS) წინ მიიწევს.
გარდა ამისა, D.A. Davidson-ის ანალიტიკოსმა — ტომ ფორტემ გაიმეორა Amazon-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია და $150-ის ტოლი სამიზნე ფასი. ტომმა განაცხადა, რომ მისი ფირმა კმაყოფილია ამაზონის გეგმებით, არდადეგების სეზონზე 250,000 თანამშრომელი დაიქირაოს. ანალიტიკოსმა ასევე ხაზი გაუსვა Amazon-ის განცხადებას, რომ კომპანიის მეორე ყოველწლიური Prime Big Deal Days-ის გაყიდვებმა ოქტომბერში გასული წლის იმავე ღონისძიების შედეგს გადააჭარბა.
შეგახსენებთ, რომ ტექნოლოგიური გიგანტის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ამ არდადეგების სეზონზე კომპანია დაიქირავებს 250,000 ადამიანს სრულ, სეზონურ და ნახევარ განაკვეთზე, მათ შორის 30,000 მომუშავეს კალიფორნიის შტატში. გარდა ამისა, Amazon ამ მუშაკებისთვის საათობრივ ხელფასს საათში $17-დან $28-მდე გაზრდის. გასულ წელს ეს მაჩვენებელი საშუალოდ $19-ს შეადგენდა.
250,000 ადამიანი კი 67%-ით აჭარბებს გასული წლის იმავე პერიოდში დაქირავებულ 150,000 თანამშრომელს. Amazon-ის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ წელს $1.3 მილიარდის მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს შეკვეთების შესრულებისა და ტრანსპორტირების მიმართულებით მომუშავე ადამიანების ხელფასების გასაზრდელად.
Amazon-ის აქციებზე ასევე პოზიტიურად იმოქმედა მენეჯმენტის განცხადებამ, რომ Amazon Pharmacy-ის მომხმარებლებს ქალაქ კოლეჯ-სტეიშენში, ტეხასის შტატში, ახლა შეუძლიათ რეცეპტით გამოწერილი მედიკამენტები კომპანიის დრონით მიწოდების სერვისის მეშვეობით, შეკვეთის განთავსებიდან 60 წუთში, დამატებითი საფასურის გარეშე მიიღონ. მომხმარებლებს ექნებათ წვდომა 500-ზე მეტ მედიკამენტზე, რომლებიც გრიპის, ასთმის, პნევმონიისა და სხვა ჩვეული სამედიცინო შემთხვევების სამკურნალოდ გამოიყენება. მიუხედავად იმისა, რომ დრონით მიწოდების ეს სერვისი ამჟამად მხოლოდ ერთ ქალაქშია ხელმისაწვდომი, ასეთი წარმოუდგენელი შეთავაზების გაფართოების პერსპექტივა უდავოდ საინტერესოა ინვესტორებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში.
აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი მომდევნო ხუთშაბათს, 26 ოქტომბერს, 2023 წლის მესამე კვარტლის ფინანსური შედეგების წარდგენას აპირებს. ანალიტიკოსები მოელიან, რომ Amazon-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 11.3%-ით — $141.3 მილიარდამდე გაიზრდება, ხოლო EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.58-ს შეადგენს.
Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $128.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 42 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $175.38-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $230.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Amazon-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 36.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 42 ანალიტიკოსიდან 41-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Baidu
გუშინ, ანალიტიკოსების ნეგატიური შეფასებების შემდეგ, ჩინური ტექნოლოგიური გიგანტის — Baidu-ს აქციების ფასი თითქმის 6%-ით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის დაკლებული.
Goldman Sachs-ის ანალიტიკოსმა — ლინკოლნ კონგმა Baidu-ს აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, თუმცა სამიზნე ფასი $197-დან $181-მდე შეამცირა.
ამავდროულად, JPMorgan Chase-მა ჩინური ტექნოლოგიური კომპანიის სამიზნე ფასი $200-დან $185-მდე შეამცირა. ლინკოლნის მსგავსად, მსხვილი ამერიკული ბანკი Baidu-ს მიმართ კვლავ პოზიტიურად არის განწყობილი და აქციებს ყიდვის რეკომენდაციას უნარჩუნებს.
სამიზნე ფასების ორმაგი შემცირება Baidu World-ის ყოველწლიური ღონისძიებიდან, მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაფიქსირდა.
Baidu-მ ეს ღონისძიება, სხვა საკითხებთან ერთად, ხელოვნური ინტელექტის (AI) ფუნქციების წარმოსაჩენად გამოიყენა.
ზოგიერთმა ადამიანმა შეიძლება იფიქროს, რომ კომპანია მხოლოდ ახლა ცდილობს AI ტენდენციებს დაეწიოს, რადგან სხვა ტექნოლოგიური გიგანტების პროდუქტები უკვე ყურადღების ცენტრში მოექცა. მათ შორის აღსანიშნავია ChatGPT-ის დეველოპერი OpenAI, რომელმაც მიიღო ინვესტიციები Microsoft-ისგან.
თუმცა, ხელოვნური ინტელექტი ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპზეა, ამიტომ არცერთი კომპანია ან აქცია არ უნდა იყოს მკაცრად შეფასებული ამ სფეროში მათი ძალისხმევის მასშტაბისა და წარმატების თვალსაზრისით. თუ Baidu-ს მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ საჭიროა, კომპანია ძლიერად დაეყრდნოს ამ ტექნოლოგიას, ინვესტორებს, სავარაუდოდ, სურთ დაინახონ, რომ ის შემოგვთავაზებს რაიმე სახის სასარგებლო ინოვაციას, რომელიც კომპანიას კონკურენტებისგან განასხვავებს.
Baidu-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $108.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 15 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $182.53-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $212.00-ს, ხოლო მინიმალური — $140.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Baidu-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 69%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 15 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
WNS Holdings
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, WNS Holdings-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა. სავაჭრო დღის განმავლობაში ბიზნეს პროცესების მართვის (BPM) გადაწყვეტების კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 19%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 29%-ზე მეტით არის დაკლებული.
WNS Holdings-ის კვარტალური კორექტირებული (სარემონტო ხარჯების საფუძველზე) შემოსავალი წლიდან წლამდე 12.3%-ით — $325 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $324.18 მილიონი). კორექტირებულმა წმინდა მოგებამ კი $54.1 მილიონი შეადგინა, ანუ კორექტირებული EPS $1.09 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $1.03).
კომპანიის მენეჯმენტმა შემოსავლების ზრდა მიაწერა ახალი კლიენტების შეძენას, ძველ მომხმარებლებთან არსებული ურთიერთობების გაღრმავებას, შესყიდვებს და ვალუტის ხელსაყრელ კურსს.
WNS-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კეშავ მურუგეშმა შეაქო კომპანიის წარმადობა რთულ მაკრო გარემოში და აღნიშნა, რომ WNS პროგრესირებს ხელოვნური ინტელექტისა და გენერაციული AI ინიციატივების მიმართულებით. მისი თქმით, კომპანიაში სჯერათ, რომ AI ტექნოლოგიები ბიზნესისთვის უფრო მეტ შესაძლებლობას წარმოადგენს, ვიდრე — რისკს.
რაც შეეხება მომავალს, WNS-ის მენეჯმენტმა მთელი წლის პროგნოზები შეამცირა. კომპანიაში ახლა მოელიან, რომ წლიური კორექტირებული შემოსავალი 8%-12%-ით გაიზრდება (წინა პროგნოზი — 12%-17%-იანი ზრდა).
WNS Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 8 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $86.63-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $95.00-ს, ხოლო მინიმალური — $80.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი WNS Holdings-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 55%-იან ზრდას გულისხმობს.
Canada Goose Holdings
გუშინ, ანალიტიკოსების ნეგატიური შეფასების შემდეგ, ექსტრემალური ამინდის ტანსაცმლის მწარმოებლის — Canada Goose Holdings-ის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. მიმდინარე წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 31%-ით არის დაკლებული.
TD Cowen ანალიტიკოსებმა Canada Goose-ის აქციების ყიდვის რეკომენდაცია ნეიტრალური რეიტინგით შეცვალეს, ხოლო სამიზნე ფასი $15-მდე შეამცირეს. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეკონომიკაში არსებული გაურკვევლობა და შემცირებული სამომხმარებლო ხარჯები კომპანიაზე ნეგატიურად აისახება.
აგვისტოს დასაწყისში წარდგენილ კვარტალურ ანგარიშში Canada Goose-მა წლიდან წლამდე შემოსავლის 21%-იანი ზრდა დააფიქსირა. თუმცა მოიმატა ზრდის ინიციატივების მხარდასაჭერად გაწეულმა საოპერაციო ხარჯებმაც. გარდა ამისა, ახალი ლოკაციების გახსნამ გამოიწვია უფრო დიდი საოპერაციო ზარალი — $99 მილიონი, ვიდრე გასული წლის იმავე კვარტალში — $82 მილიონი.
TD Cowen-ის ანალიტიკოსები ხაზს უსვამენ სუსტ ეკონომიკურ პირობებს ჩინეთსა და ევროპაში, რაც, პოტენციურად, Canada Goose-ის გაყიდვების ჩამორჩენას გამოიწვევს პროგნოზებთან შედარებით.
კომპანია განაგრძობს გაფართოებას თავისი მთავარი პროდუქტის — ზამთრის ქურთუკების მიღმა. Canada Goose უშვებს ფეხსაცმლის ახალ ხაზს. ეს შეიძლება გახდეს გაყიდვების მნიშვნელოვანი ახალი კატეგორია ბრენდისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში, განსაკუთრებით შემოდგომის თბილ სეზონზე.
Canada Goose-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 9 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.98-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $18.95-ს, ხოლო მინიმალური — $12.39-ს. საშუალო სამიზნე ფასი Canada Goose-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.4%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 9 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.