გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის CCC Intelligent Solutions, Alteryx, Novo Nordisk და Unity Software.
CCC Intelligent Solutions Holdings
CCC Intelligent Solutions ახალი თაობის სადაზღვევო სერვისების მიმწოდებელია ავტო ინდუსტრიისთვის. გუშინ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 4%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც მედიის ცნობით, მისი უმეტესი წილის მფლობელი CCC Intelligent-ის გაყიდვაზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი 36%-ზე მეტით არის გაზრდილი.
პარასკევს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, გამოქვეყნებულ ექსკლუზიურ მოხსენებაში, Reuters-მა დაწერა, რომ მფლობელი, კერძო საინვესტიციო ფირმა — Advent International CCC-ის გაყიდვას გეგმავს. Advent ამჟამად სპეციალიზებულ სადაზღვევო-მომსახურების კომპანიაში 56%-იან წილს ფლობს.
Reuters-მა დაამატა, რომ პოტენციურ მყიდველებთან დისკუსიაში CCC-ს მრჩეველი არის ცნობილი საინვესტიციო ბანკი — Morgan Stanley. Reuters-ის სტატიის შესახებ საჯარო კომენტარი ჯერჯერობით არც CCC-ს და არც Advent-ის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.
მიუხედავად იმისა, რომ CCC-მ ბოლოს წარდგენილ კვარტალურ ანგარიშში GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით თითქმის $98 მილიონის ოდენობით წმინდა ზარალი დააფიქსირა (გასული წლის იმავე კვარტალში — $15.6 მილიონის მოცულობის მოგება), შემოსავალმა — $211.7 მილიონი — ანალიტიკოსების პროგნოზს გადააჭარბა.
გარდა ამისა, კომპანიამ COVID-19-თან დაკავშირებული წინაღობები გადალახა. იმ პერიოდის განმავლობაში, მოთხოვნა შემცირდა ავტომობილებთან დაკავშირებულ მრავალი სახის პროდუქტსა და მომსახურებაზე, ლოკდაუნებისა და საწარმოების დროებით დახურვის გამო.
CCC Intelligent Solutions-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $12.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 5 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $13.25-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $14.00-ს, ხოლო მინიმალური — $13.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი CCC Intelligent Solutions-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 11%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 5 ანალიტიკოსიდან 4-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 1-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Alteryx
გუშინ, ანალიტიკოსის დადებითი შეფასების შემდეგ, მონაცემთა ანალიტიკის პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის — Alteryx-ის აქციების ფასი დაახლოებით 5%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 26%-ზე მეტით არის შემცირებული.
Morgan Stanley-მ Alteryx-ის აქციების ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი — $54 უცვლელი დატოვა.
ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე თითქმის 30%-ით არის შემცირებული, რაც, ამჟამინდელი ფასის პირობებში, უკეთეს რისკი/ანაზღაურება თანაფარდობას ქმნის — P/S (ფასი/გაყიდვები) კოეფიციენტი 2.7-ს შეადგენს და მოსალოდნელია, რომ მომგებიანობა გაიზრდება როგორც მიმდინარე, ისე მომავალ წელს.
Morgan Stanley-მ შენიშნა, რომ Alteryx-ის წლიური განმეორებითი შემოსავალი (ARR) $1 მილიარდს უახლოვდება და კომპანიამ Global 2000-ის (ჟურნალ Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მსოფლიოს 2000 საუკეთესო საჯარო კომპანიის ყოველწლიური რეიტინგი) 48% მოიცვა, რაც აჩვენებს, რომ Alteryx-ის პროგრამული უზრუნველყოფა ღირებული ინსტრუმენტია მსოფლიოს მრავალი უდიდესი კომპანიისთვის.
საინვესტიციო ბანკმა ასევე განაცხადა, რომ კომპანია სარგებელს მიიღებს, რადგან ის დიდ საწარმოებს ანალიტიკური სამუშაოს გამარტივებაში ეხმარება.
Alteryx-ის აქციები 2020 წლიდან რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან ქლაუდზე გადასვლის პროცესი ნელი იყო და კომპანიამ პანდემიის ადრეულ ეტაპზე მომხმარებლები დაკარგა.
გასულ თვეში მეორე კვარტლის ანგარიშში Alteryx-მა დააფიქსირა წლიური განმეორებითი შემოსავლის ზრდა 22%-ით — $890 მილიონამდე. მიუხედავად ამისა, მთლიანი შემოსავალი 4%-ით გაიზარდა და $188 მილიონი შეადგინა.
Alteryx-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 16 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $48.57-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $73.00-ს, ხოლო მინიმალური — $30.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Alteryx-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 33%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 16 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 6-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Novo Nordisk
გუშინ ჯანდაცვის კომპანიის Novo Nordisk-ის აქციების ფასი 2%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც მედიაში გავრცელდა ინფორმაცია მისი წარმოების გამოწვევების შესახებ. წლის დასაწყისიდან კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 36%-ით არის გაუმჯობესებული.
Reuters-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ Novo Nordisk-მა შეადგინა კონტრაქტი კერძო კომპანიასთან — PCI Pharma Services-თან, რათა ეს უკანასკნელი მას წონაში კლების მედიკამენტის — Wegovy-ის აწყობასა და ბაზრისთვის შეფუთვაში დაეხმაროს.
PCI, რომელიც დაფუძნებულია ფილადელფიაში, Wegovy-სთვის გამოყენებულ საინექციო კალმებს ააწყობს. კომპანიების შეთანხმების პირობები უცნობია, ისევე როგორც მათი გარიგების მასშტაბები.
Wegovy განსაკუთრებით დიდი მოთხოვნის მქონე მედიკამენტად იქცა, განსაკუთრებით აშშ-ში. Novo Nordisk-ს კი უჭირდა ამ მოთხოვნის დაკმაყოფილება ხუთ ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებში.
Novo Nordisk-ის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ამ საკითხის კომენტირებაზე, მაგრამ ეს სრულიად რეალურია წარმოების გაზრდის აუცილებლობის გათვალისწინებით. თუმცა დანიაში დაფუძნებული ჯანდაცვის კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ამ სამუშაოებისთვის გარე კომპანიებს იყენებს.
Unity Software
გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, Unity Software-ის აქციების ფასი დაახლოებით 8%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 24%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია აწარმოებს საყრდენ ძრავას, რომელიც მსოფლიოს კონსოლების, კომპიუტერებისა და მობილური ვიდეო თამაშების დაახლოებით ნახევრის მიერ გამოიყენება. ნეგატიური სიახლე დაკავშირებული იყო დეველოპერების ახალ გადასახადებთან, რომელიც კომპანიამ გასულ კვირას შემოიღო.
შემდეგ, კვირას ღამით, კომპანიამ X-ზე (ადრე ცნობილი, როგორც ტვიტერი) დაპოსტა, რომ მენეჯმენტმა მოისმინა მომხმარებლების საჩივრები და დაგეგმილ პოლიტიკაში ცვლილებები განხორციელდება. ამ ცვლილებების დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
ნებისმიერ შემთხვევაში, დაბნეულობამ ახალი გადასახადების ირგვლივ კვირის დასაწყისში აქციების ფასის ვარდნა გამოიწვია.
Unity ტრადიციულად მუშაობდა “freemium” მოდელით, რომლის მიხედვითაც თამაშების დეველოპერებს შეუძლიათ, მისი პლატფორმის უფასო სერვისი გარკვეული თამაშების შესაქმნელად გამოიყენონ, ხოლო სტუდიებს ან მეტი რესურსის მქონე დეველოპერებს შეუძლიათ, უფრო მეტი ფუნქციისთვის ფული გადაიხადონ ან Unity-ის რეკლამით მხარდაჭერილი პლატფორმა გამოიყენონ.
მაგრამ გასულ კვირას Unity-მ ინსტალაციის ახალი გადასახადის პოლიტიკა დააანონსა, რომლის მიხედვითაც კომპანია დააკისრებდა $0.20 საფასურს ყოველი ინსტალაციისთვის თამაშებზე, რომლებიც პლატფორმის უფასო სერვისით არის შექმნილი და $200,000-ზე მეტ წლიურ შემოსავალს გამოიმუშავებს. ხოლო ფასიანი სერვისების მომხმარებელი და განვითარებად ბაზრებზე მოღვაწე დეველოპერებისთვის საფასური უფრო დაბალი იქნებოდა.
როგორც ჩანს, ამ ნაბიჯმა აღაშფოთა ზოგიერთი დეველოპერი, რომელთაგან ბევრმა უკმაყოფილება საჯაროდ გამოხატა. ამას კი მოჰყვა კომპანიის პოსტი X-ზე.
Unity Software-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $33.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $49.19-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $61.00-ს, ხოლო მინიმალური — $39.50-ს. საშუალო სამიზნე ფასი Unity Software-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 47%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 10-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 7-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.