გუშინ საფონდო ბირჟაზე მთლიანობაში შერეული შედეგები დაფიქსირდა — S&P 500 ინდექსი 0.1%-ით გაიზარდა, Dow Jones Industrial Average 0.2%-ით შემცირდა, ხოლო Nasdaq Composite-მა 0.3%-ით მოიმატა.
გავრცელდა სიახლეები, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს კი შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Sigma Lithium, Evolution Petroleum, 3M, Ceco Environmental და U.S. Bancorp.
Sigma Lithium
გუშინ, მნიშვნელოვანი სიახლის შემდეგ, ლითიუმის მწარმოებელი ბრაზილიური სტარტაპის — Sigma Lithium-ის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის 43%-ით არის გაუმჯობესებული.
მიმდინარე წლის დასაწყისში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ Tesla Sigma Lithium-ის შეძენით იყო დაინტერესებული, რამაც კომპანიის აქციებზე პოზიტიური გავლენა იქონია.
გუშინ, ეს ენთუზიაზმი განახლდა, რადგან Sigma Lithium-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ, შესაძლოა, კომპანია გაიყიდოს.
გუშინ დილით გავრცელებულ პრესრელიზში, Sigma Lithium-ის დირექტორთა საბჭომ გამოაცხადა, რომ მიიღო „მრავალი სტრატეგიული წინადადება“ კომპანიის მთლიანად ან ნაწილობრივ შეძენის მიზნით. გარდა ამისა, Sigma Lithium-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ დაინტერესებულ პრეტენდენტებს შორის არიან გლობალური ინდუსტრიის ლიდერები ენერგეტიკის, ავტომობილების, ბატარეებისა და ლითიუმის გადამამუშავებელ ინდუსტრიებში.
ფაქტი, რომ სტარტაპის შეძენით ავტომობილებისა და ბატარეების მწარმოებელი კომპანიაც არის დაინტერესებული, ინვესტორებს, რა თქმა უნდა, Tesla-ს მიერ ადრე გამოჩენილ ინტერესს ახსენებს.
გაითვალისწინეთ, რომ Sigma Lithium-ის წარმომადგენლებს Tesla არც კი უხსენებიათ. ელექტრომობილების ინდუსტრიის ლიდერი შეიძლება ამ სიაში არც იყოს. მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ S&P Global Market Intelligence-ის ცნობით, Tesla-ს საბანკო ანგარიშზე $23 მილიარდზე მეტია და ყოველწლიურად კომპანიის სალაროებში $6 მილიარდის მოცულობის თავისუფალი ფულადი ნაკადები მიედინება. აქედან გამომდინარე, სურვილის შემთხვევაში, Tesla-სთვის დაახლოებით $4 მილიარდის ღირებულების ლითიუმის მწარმოებელი კომპანიის შეძენა პრობლემას ნამდვილად არ წარმოადგენს. Tesla-ს იმის შესაძლებლობაც აქვს, რომ სხვა დაინტერესებულ მხარეებთან „შეთავაზებების ომი“ გააჩაღოს, რაც Sigma Lithium-ის აქციების ფასს კიდევ უფრო გაზრდის.
ამ საკითხთან დაკავშირებით მხოლოდ ეჭვმაც კი Sigma Lithium-ზე საკმაოდ კარგა იმოქმედა და როდესაც უცნობი დეტალები გამომჟღავნდება, შეიძლება ბრაზილიური სტარტაპის აქციების ფასი უფრო გაიზარდოს.
Sigma Lithium-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $36.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 3 ანალიტიკოსი აფასებს და კომპანიის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $47.95-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $53.84-ს, ხოლო მინიმალური — $42.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Sigma Lithium-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 31.2%-იან ზრდას წარმოადგენს.
Evolution Petroleum
სამშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Evolution Petroleum-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ენერგეტიკული კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 21%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი თითქმის უცვლელია — მხოლოდ თითქმის 0.5%-ით არის გაუმჯობესებული.
ფისკალური 2023 წლის მეოთხე კვარტალში Evolution-ის შემოსავალი წლიდან წლამდე 57%-ით — $18.2 მილიონამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს — $21.64 მილიონს ჩამორჩა. გარდა ამისა, მკვეთრად დაიკლო კორექტირებულმა წმინდა მოგებამ — $15.1 მილიონიდან $166,000-მდეა, ანუ EPS (მოგება თითო აქციაზე) $0.00 იყო (უოლ სტრიტის პროგნოზი — $0.06).
მენეჯმენტმა ასევე დააანონსა ბოლო კვარტალური დივიდენდი — $0.12, რომელიც წინა ოთხ გადახდას შეესაბამება. ის 29 სექტემბერს გაიცემა ინვესტორებზე, რომლებიც 22 სექტემბრის მდგომარეობით კომპანიის აქციონერების სიაში იქნებიან.
მთლიანი ფისკალური 2023 წლისთვის კომპანიამ შემოსავალი 18%-ით — $128.5 მილიონამდე გაზარდა, ხოლო კორექტირებული წმინდა მოგება 2%-ით — დაახლოებით $34 მილიონამდე შემცირდა.
3M
გუშინ 3M-ის აქციების ფასი დაახლოებით 6%-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მენეჯმენტმა ინვესტორები ნელი ზრდის გარემოს შესახებ გააფრთხილა. 3M-ის წარმომადგენლებმა კომენტარი Morgan Stanley-ის მე-11 Annual Laguna Conference-ზე გუშინ დილით გააკეთეს.
კომპანიის ფინანსური დირექტორის — მონიშ პატოლავალას კომენტარებმა, როგორც ჩანს, ინვესტორებში გააღვიძა შიშები იმის შესახებ, რომ 3M-ის ძირითადი ბიზნესი კვლავ რთულ მდგომარეობაშია, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ ცოტა ხნის წინ პოზიტიური სიახლეები გაავრცელა.
3M-მა მოახერხა შეთანხმების მიღწევა სასამართლო პროცესებში, რომლებიც მის გაუმართავ სამხედრო ყურის დამხშობებთან და დაბინძურებულ წყალმომარაგებასთან იყო დაკავშირებული. გარდა ამისა, კომპანიამ ახლახან წარადგინა აღმასრულებელი დირექტორი — ბრაიან ჰანსონი, მისი ჯანდაცვის სეგმენტისთვის, რომლის კომპანიისგან გამოყოფაც წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.
თუმცა, ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ მესამე კვარტალში 3M-ის შემოსავალი, სავარაუდოდ, $7.9-$8 მილიარდს მიაღწევს (წინა პროგნოზი — $8 მილიარდი). კორექტირებული EPS-ის პროგნოზი — $2.25-$2.40 შენარჩუნდა.
3M არის კონგლომერატი და მისი ჯანდაცვის სეგმენტის გამოყოფის შედეგად, კომპანია კიდევ უფრო მგრძნობიარე გახდება ციკლური ძალების მიმართ, რაც, როგორც ჩანს, ხსნის მენეჯმენტის კომენტარების უმეტეს ნაწილს სუსტი გარემოს შესახებ.
3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $101.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $121.08-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $159.00-ს, ხოლო მინიმალური — $96.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი 3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 20%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 13 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 10-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Ceco Environmental
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, სპეციალიზებული საინჟინრო კომპანიის — Ceco Environmental-ის აქციების ფასი მცირედით — დაახლოებით 0.60%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 27%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
Ceco-ს მენეჯმენტმა გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, განაცხადა, რომ კომპანიამ უახლესი შესყიდვის გარიგება დახურა. 23 აგვისტოს მდგომარეობით, Ceco ფლობს Kemco Systems-ს — სამრეწველო გამოყენებისთვის წყლის გადამუშავებისა და ენერგიის დაზოგვის პროდუქტების დამპროექტებელსა და მწარმოებელს.
ამის შემდეგ Ceco-ს მენეჯმენტმა წლიური შემოსავლისა და მომგებიანობის პროგნოზები შეცვალა. კომპანიაში ახლა მიიჩნევენ, რომ შემოსავალი, 2022 წლის მაჩვენებელთან შედარებით, 24%-ით გაიზრდება და $525 მილიონს შეადგენს, ხოლო EBITDA (მოგება ვალის მომსახურების ხარჯების, გადასახადების, ცვეთისა და ამორტიზაციის გამოკლებამდე) 30%-ით — $55 მილიონამდე მოიმატებს.
Ceco Environmental-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $14.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 5 ანალიტიკოსი აფასებს და კომპანიის აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $20.75-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $24.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Ceco Environmental-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 43.5%-იან ზრდას წარმოადგენს.
U.S. Bancorp
გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, U.S. Bancorp-ის აქციების ფასი 5%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 21%-ით არის დაკლებული.
ოთხშაბათს U.S. Bancorp ნიუ-იორკში, Barclays Global Financial Services-ის კონფერენციაზე წარსდგა და, როგორც ჩანს, აქციების ფასის ვარდნის მიზეზიც სწორედ ეს იყო. პრეზენტაციაზე კომპანიის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა — ენდი ცესერმა და ფინანსურმა დირექტორმა — ჯონ სტერნმა წარადგინეს პროგნოზები, რომლებმაც ინვესტორების იმედგაცრუება გამოიწვია.
U.S. Bancorp-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მესამე კვარტალში წმინდა საპროცენტო შემოსავალი (NII) $4.2-$4.4 მილიარდს შეადგენს, რაც საუკეთესო შემთხვევაში მეორე კვარტლის შედეგს — $4.4 მილიარდს გაუტოლდება. გარდა ამისა, მოსალოდნელია, რომ კორექტირებული შემოსავალი $6.9-$7.1 მილიარდს მიაღწევს, რაც გასულ კვარტალში დაფიქსირებულ შედეგს — $7.2 მილიარდს ჩამორჩება.
თუმცა, 2023 წლის სრული ფისკალური წლისთვის მოსალოდნელია, რომ NII $17.5-$18 მილიარდს შეადგენს, რაც აღემატება 2022 წლის მაჩვენებელს — $14.7 მილიარდს. ამასთან, კომპანიაში პროგნოზირებენ, რომ შემოსავალი $28-$29 მილიარდს მიაღწევს, რაც ასევე აღემატება გასული წლის შედეგს — $24.3 მილიარდს.
U.S. Bancorp-ის ფინანსურმა დირექტორმა განაცხადა, რომ კვარტლიდან კვარტლამდე წმინდა საპროცენტო შემოსავლის ვარდნა გამოწვეულია სესხების ზრდის შემცირებით და დეპოზიტების უფრო მაღალი ხარჯებით. მოსალოდნელია, რომ მესამე კვარტალში წმინდა საპროცენტო მარჟა დაახლოებით 2.80%-ს შეადგენს, რაც მეორე კვარტლის იმავე მაჩვენებელს თითქმის 10 საბაზისო პუნქტით ჩამოუვარდება. თუმცა ჯონ სტერნმა აღნიშნა, რომ მეოთხე კვარტალში ყველაფერი ცოტათი უნდა გაუმჯობესდეს.
გარდა ამისა, სამშაბათს U.S. Bancorp-მა $0.48-ის მოცულობის დივიდენდის გაცემა დააანონსა, რაც წინა კვარტლის მაჩვენებელს შეესაბამება.
U.S. Bancorp-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $35.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $42.91-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $67.00-ს, ხოლო მინიმალური — $33.60-ს. საშუალო სამიზნე ფასი U.S. Bancorp-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 22%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს ამ 18 ანალიტიკოსიდან 7-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 11-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.