გუშინ საფონდო ბირჟა მოიცვა საინტერესო სიახლეებმა, რომლებმაც სხვადასხვა კომპანიის აქციებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის Chevron, Cisco Systems, LSI Industries, The Children’s Place და Wolfspeed.
Chevron
გუშინ, ნავთობკომპანიის — Chevron-ის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით გაიზარდა ძირითადად ორი მიზეზის გამო. პირველი იყო ნავთობის ფასების ზრდა, რაც, როგორც წესი, ნავთობისა და ბუნებრივი აირის მწარმოებელი კომპანიების აქციების ფასებზე დადებითად მოქმედებს. მეორე მიზეზი ანალიტიკოსის პოზიტიური შეფასება იყო. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500 0.8%-ით შემცირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის ფასები გვიან შუადღისთვის შემცირდა, დღის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა მაინც მოიმატა. Brent-ის ნედლი ნავთობის ფასი $0.34 დოლარით გაიზარდა და ბარელზე თითქმის $83 შეადგინა. სხვა თანაბარ პირობებში, ფასის ზრდა ნიშნავს უფრო მაღალ მომგებიანობას, განსაკუთრებით გლობალური ნავთობის გიგანტებისთვის, როგორიცაა Chevron.
იმავდროულად, UBS-ის ანალიტიკოსმა — ჯოშ სილვერშტეინმა Chevron-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $202-დან $209-მდე გაზარდა.
გარდა ამისა, ოთხშაბათს, Mizuho-ის ანალიტიკოსმა — ნიტინ კუმარმა Chevron-ის ნეიტრალური რეიტინგი ყიდვის რეკომენდაციით შეცვალა, ხოლო სამიზნე ფასი $205-დან $209-მდე გაზარდა.
Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $160.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 17 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $188.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $212.00-ს, ხოლო მინიმალური — $165.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Chevron-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 18%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 17 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 5-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.
Cisco Systems
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Cisco Systems-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ტექნოლოგიური კომპანიის აქციების ფასი 3%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 14%-ით არის გაუმჯობესებული.
Cisco-ს კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 16%-ით — $15.2 მილიარდამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $15.05 მილიარდი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა 37%-ით მოიმატა და $1.14 შეადგინა. უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.06-ს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა. შედეგების გაუმჯობესება გამოიწვია იმან, რომ Cisco განაგრძობს პროგრამულ უზრუნველყოფაზე ორიენტირებულ ბიზნესად ჩამოყალიბებას. ამ მიმართულების შემოსავალი 17%-ით გაიზარდა, ხოლო გამოწერებიდან მიღებული შემოსავალი — 20%-ით.
Cisco უკვე დომინანტია საწარმოთა ქსელის ინფრასტრუქტურაში, ბაზრის 41%-იანი წილით. ზოგადად, ბიზნეს ტენდენციები ძალიან ჯანსაღი ჩანს. Cisco-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ პროდუქტის შეკვეთები თანმიმდევრულად 30%-ით გაიზარდა.
Cisco-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $55.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.77-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $65.00-ს, ხოლო მინიმალური — $45.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Cisco-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 4%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 19 ანალიტიკოსიდან 6-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 12-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და 1-მა — ყიდვის რეკომენდაცია.
LSI Industries
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, LSI Industries-მა მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომერციული განათებების სპეციალისტის აქციების ფასი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 24%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
LSI Industries-ის კვარტალურმა შემოსავალმა $123.5 მილიონი შეადგინა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $118.6 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა EPS-მა — $0.30 (პროგნოზი — $0.19).
მთლიანობაში, LSI Industries-მა წარმოადგინა ძლიერი კვარტალური ანგარიში — მისი განათების სეგმენტის გაყიდვების 5%-იანი ზრდა მოსალოდნელზე უკეთესი შედეგია. კომპანიის კორექტირებული წმინდა შემოსავალი წლიდან წლამდე 46%-ით გაიზარდა და $8.8 მილიონს მიაღწია, ხოლო თავისუფალმა ფულადმა ნაკადებმა 94%-ით — $15.6 მილიონამდე მოიმატა. LSI-მ ასევე განაგრძო პროგრესი ბალანსის გაუმჯობესებაში — კომპანიამ დავალიანება 50%-ით — $33.4 მილიონამდე შეამცირა.
აქციების ფასის ზრდის გათვალისწინებით, ამჟამად LSI Industries-ის ფორვარდული P/E კოეფიციენტი დაახლოებით 15-ს შეადგენს.
მიუხედავად იმისა, რომ LSI-ს მენეჯმენტს მეოთხე კვარტლისთვის კონკრეტული პროგნოზები არ გამოუქვეყნებია, კომპანიამ საზოგადოებას მიაწოდა გარკვეული განახლებები იმის შესახებ, თუ რას უნდა ელოდნენ აქციონერები მიმდინარე ფისკალურ წელს. მენეჯმენტი მიიჩნევს, რომ LSI კარგ პოზიციაშია გაფართოებული კონტრაქტის მოსაპოვებლად იმ მომხმარებელთან, რომელიც ამჟამად ელექტრომობილების ბატარეების წარმოების კომპლექსის ექსპანსიით არის დაკავებული. ამ კონტრაქტის წარმატებით გაფორმების შემთხვევაში LSI Industries-ში მნიშვნელოვან ზრდას მოელიან.
The Children’s Place
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, The Children’s Place-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 7%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 20%-ზე მეტით არის შემცირებული.
The Children’s Place ბავშვთა ტანსაცმლისა და აქსესუარების სპეციალიზებული საცალო ვაჭრობის კომპანიაა. მეორე კვარტალში მისი შემოსავალი წლიდან წლამდე 9.3%-ით — $345.6 მილიონამდე გაიზარდა (ანალიტიკოსების პროგნოზი — $342.2 მილიონი), ხოლო კორექტირებულმა ზარალმა თითო აქციაზე, გასული წლის იმავე კვარტალთან შედარებით, $0.89-დან $2.12-მდე მოიმატა (პროგნოზი — $-2.12). ელექტრონული კომერციის გაყიდვები კვარტალში ოდნავ გაიზარდა და მთლიანი საცალო გაყიდვების 51%-ს მიაღწია.
საერთო ჯამში, შედეგებმა გადააჭარბა მენეჯმენტის წინა პროგნოზებს როგორც შემოსავლის, ასევე მოგების თვალსაზრისით. აღმასრულებელმა დირექტორმა — ჯეინ ელფერსმა კომპანიას უწოდა „უფრო გამძლე და დალაგებული“, ვიდრე პანდემიამდე.
მართლაც, მაღალი ციფრული გაყიდვები ნიშნავს, რომ ბიზნესი, სავარაუდოდ, ბევრად უკეთესად მუშაობს, იმის გათვალისწინებით, რომ ერთი და იმავე ლოკაციების გაყიდვები (Comps — ფინანსური მეტრიკა, რომელსაც საცალო ინდუსტრიის კომპანიები იყენებს, რათა შეაფასოს გაყიდვების მთლიანი მოცულობა კომპანიის ლოკაციებზე, რომლებიც ერთი წლის ან მეტი ხნის განმავლობაში ფუნქციონირებს) კვარტალში 9%-ით შემცირდა, რადგან მომხმარებლები ინფლაციასთან ბრძოლას აგრძელებენ.
რაც შეეხება მომავალს, The Children’s Place-ში ამჟამად მოელიან, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს შემოსავალი $1.575-$1.585 მილიარდს შეადგენს (ძველი პროგნოზი — $1.575-$1.59 მილიარდი). თუმცა, როგორც წინა, ასევე ახალი პროგნოზი ჩამოუვარდება გასულ წელს დაფიქსირებულ $1.7 მილიარდს და ფისკალურ 2021 წელს გამომუშავებულ $1.9 მილიარდს.
დადებითი ფაქტორი იყო მენეჯმენტის ოდნავ უფრო მაღალი პროგნოზი ამ წლის კორექტირებული საოპერაციო მარჟისთვის — 2.7%-3%, რადგან კომპანია სარგებლობს ხარჯებისა და მარაგის შემცირებით.
The Children’s Place-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $28.30-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 3 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $28.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $43.00-ს, ხოლო მინიმალური — $20.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი The Children’s Place-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 0.25%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 3 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და არცერთმა — ყიდვის რეკომენდაცია.
Wolfspeed
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Wolfspeed-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, გუშინ კი ნახევარგამტარების სპეციალისტის აქციების ფასი 17%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 34%-ით არის დაკლებული.
Wolfspeed-ის კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 3.2%-ით — $235.8 მილიონამდე გაიზარდა და ამ მაჩვენებელმა გადააჭარბა ანალიტიკოსების პროგნოზს — $224.53 მილიონს. ზარალმა თითო აქციაზე $0.42 შეადგინა (პროგნოზი — $-0.2).
ნახევარგამტარების სპეციალისტის კორექტირებული მთლიანი მარჟა, გასული წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 36.5%-დან 29%-მდე შემცირდა და კომპანიის ზარალი თითო განზავებულ აქციაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა $0.21-დან.
კომპანიამ ფისკალური წელი $921.9 მილიონის მოცულობის მოგებით და თითო განზავებულ აქციაზე $1.45-ის ტოლი კორექტირებული ზარალით დაასრულა. შედარებისთვის, წინა ფისკალურ წელს Wolfspeed-მა $746.2 მილიონის ოდენობით შემოსავალი და თითო აქციაზე $0.96-ის ტოლი ზარალი დააფიქსირა.
რაც შეეხება მომავალს, Wolfspeed-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მიმდინარე ფისკალური წლის პირველ კვარტალში კომპანიის შემოსავალი $220-$240 მილიონს მიაღწევს. ასევე მოსალოდნელია, რომ კორექტირებული ზარალი $75-$94 მილიონს შეადგენს, ანუ კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე $0.60-$0.75 იქნება. ანალიტიკოსების პროგნოზები კი ასეთია: შემოსავალი — $234 მილიონი, ზარალი თითო აქციაზე — $0.28.
Wolfspeed-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $44.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე უოლ სტრიტის 12 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $56.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $75.00-ს, ხოლო მინიმალური — $44.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Wolfspeed-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 27%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 12 ანალიტიკოსიდან 5-მა მიანიჭა ნეიტრალური რეიტინგი, 6-მა — გაყიდვის რეკომენდაცია და 1-მა — ყიდვის რეკომენდაცია.