გუშინ საფონდო ბირჟაზე მნიშვნელოვანი სიახლეები გავრცელდა, რამაც ცნობილი კომპანიების აქციების ფასებზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. დღეს შემოგთავაზებთ საინტერესო დეტალებს ისეთი კომპანიების შესახებ, როგორებიც არის iRobot, Applied Digital, UPS, NextEra Energy Partners და 3M.
iRobot
გუშინ, ნეგატიური სიახლის შემდეგ, iRobot-ის აქციების ფასი დაახლოებით 14%-ით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 16%-ზე მეტით არის დაკლებული.
2022 წლის აგვისტოში Amazon რობოტი მტვერსასრუტების კომპანიის შეძენას დათანხმდა თითო აქციაზე $61-ად სრული ნაღდი ანგარიშსწორებით.
სამწუხაროდ, გარიგება უფრო ნელა განვითარდა, ვიდრე კომპანიები იმედოვნებდნენ, აშშ-ის ფედერალური სავაჭრო კომისია და ევროპული მარეგულირებლები ანტიმონოპოლიურ გავლენას იკვლევენ. გუშინ კი iRobot-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანია, მიმდინარე ოპერაციების დასაფინანსებლად, $200 მილიონის ოდენობით ვალს აიღებს.
Amazon-ში მიიჩნევენ, რომ iRobot-ისთვის გადახდილი მთლიანი ფასი $200 მილიონით იზრდება, რადგან გარიგების დახურვის შემდეგ, ეს დავალიანება Amazon-ზე გადავა. ამის გათვალისწინებით, ელექტრონული კომერციის გიგანტმა შეთავაზების ფასი $51.75-მდე შეამცირა, რაც კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, iRobot-ის ვალის დაგეგმილ ზრდას დიდწილად ანაზღაურებს.
iRobot-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — კოლინ ენგლმა პრესრელიზში განაცხადა, რომ ახალი დაფინანსება საკმარისია, რათა ხელი შეუწყოს კომპანიის ოპერაციებს ჰიპერკონკურენტულ გარემოში და მისი ლიკვიდობის საჭიროებები დააკმაყოფილოს.
Applied Digital
გუშინ, პოზიტიური სიახლის შემდეგ, Applied Digital-ის აქციების ფასი დაახლოებით 17%-ით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი 456%-ზე მეტით არის მომატებული.
Applied Digital აპროექტებს, ავითარებს და ამუშავებს შემდეგი თაობის მონაცემთა ცენტრებს ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა სწრაფად მზარდი მაღალი ხარისხის გამოთვლითი (HPC) ინდუსტრიისთვის იაფფასიანი ციფრული ინფრასტრუქტურის გადაწყვეტები უზრუნველყოს.
გუშინ, სავაჭრო დღის დაწყებამდე, Needham & Company-ის ანალიტიკოსმა — ჯონ ტოდარომ Applied Digital-ის აქციებს ყიდვის რეკომენდაცია შეუნარჩუნა, ხოლო სამიზნე ფასი $16-დან $17.50-მდე გაზარდა.
შემთხვევითი არ არის, რომ ეს ნაბიჯი Applied Digital-ის საკმაოდ ძლიერ კვარტალურ შედეგებს მოჰყვა. ფისკალური 2023 წლის ბოლო კვარტალში კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე თითქმის 200%-ით — $22 მილიონამდე გაზარდა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზს ჩამორჩა, კომპანიამ კორექტირებული ზარალი თითო აქციაზე $0.04-დან (გასული წლის იმავე კვარტალში) $0.01-მდე შეამცირა.
Applied Digital-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $10.20-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე მხოლოდ 7 ანალიტიკოსი აფასებს და აქციებს ყველა მათგანი ყიდვის რეკომენდაციას ანიჭებს. საშუალო სამიზნე ფასი $15.30-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $18.00-ს, ხოლო მინიმალური — $12.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Applied Digital-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 49%-იან ზრდას წარმოადგენს.
UPS
United Parcel Service-მა სამუშაო ძალის პოტენციური გაფიცვა თავიდან აიცილა. ეს პოზიტიური სიახლეა კომპანიისთვის და მილიონობით ადამიანისთვის, რომელიც ამანათებს ლოგისტიკის სპეციალისტის საშუალებით იღებს. თუმცა, როგორც ჩანს, UPS-ის ინვესტორებს ამ სიახლეზე განსხვავებული რეაქცია აქვთ — გუშინ კომპანიის აქციების ფასი დაახლოებით 2%-ით შემცირდა.
თავის საიტზე გამოქვეყნებულ პრესრელიზში, სატრანსპორტო და ლოგისტიკური გიგანტი ციტირებდა აღმასრულებელ დირექტორს — კეროლ ტომს, რომელმაც წინასწარი ხუთწლიანი ხელშეკრულების შესახებ განაცხადა: „UPS განაგრძობს სრულ და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლების დაჯილდოებას ინდუსტრიისთვის მოწინავე ანაზღაურებითა და უპირატესობებით. ამასთან, კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, გვჭირდება მოქნილობა, რათა ვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს და ბიზნესის სიმტკიცე შევინარჩუნოთ“.
Teamsters-ის პროფკავშირის წარმომადგენლების განცხადება უფრო ტრიუმფალური იყო, მათი თქმით, კომპანიის ხანგრძლივი არსებობის განმავლობაში ყველაზე ისტორიული შეთანხმების მიღწევა შეძლეს. მათ ეს გარიგება აღწერეს, როგორც „უმეტესად მომგებიანი“ დაახლოებით 330,000 დაზარალებული მუშაკისთვის. ასევე ცნობილი გახდა, რომ პროფკავშირის ეროვნული მოლაპარაკებების კომიტეტმა შეთანხმებას ერთხმად დაუჭირა მხარი.
სავარაუდო შეთანხმების შესახებ პრესრელიზში, Teamsters-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გარიგება მოიცავს ისეთ ზომებს, როგორიცაა მიმდინარე წელს საათობრივი ანაზღაურების $2.75-ით გაზრდა როგორც ნახევარ, ასევე სრულ განაკვეთზე მომუშავე თანამშრომლებისთვის. ეს განაკვეთი მთლიანობაში, ხელშეკრულების ხანგრძლივობის განმავლობაში $7.50-ს შეადგენს.
ამავდროულად, კომპანიაში ნახევარ განაკვეთზე დაქირავებული ახალი თანამშრომლების საათობრივი ანაზღაურება $21-დან დაიწყება და შეიძლება ეს მაჩვენებელი $23-მდე გაიზარდოს. შეთანხმების სხვა პუნქტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ზეგანაკვეთური სამუშაო და უქმე დღეები.
გარიგება რატიფიცირებული უნდა იყოს UPS Teamster-ის წევრების მიერ. მასთან დაკავშირებით კენჭისყრა მომავალ ხუთშაბათს, 3 აგვისტოს დაიწყება და 22 აგვისტოს დასრულდება.
UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $185.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 18 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $185.00-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $212.00-ს, ხოლო მინიმალური — $100.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი UPS-ის აქციების ამჟამინდელი ფასის თითქმის უცვლელად შენარჩუნებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 18 ანალიტიკოსიდან 9-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 1-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
NextEra Energy Partners
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, NextEra Energy Partners-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 4%-ზე მეტით შემცირდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 20%-ით არის დაკლებული.
მეორე კვარტალში კომპანიის საოპერაციო შემოსავალმა $350 მილიონი შეადგინა. გასული წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი $362 მილიონს გაუტოლდა. მოგების კლება უფრო დრამატული იყო. Next Era Energy-მ $89 მილიონის (EPS — $0.53) მოცულობის მოგება გამოიმუშავა (0,53 აშშ დოლარი თითო აქციაზე), რაც ბევრად ჩამოუვარდება 2022 წლის მეორე კვარტლის შედეგს — $538 მილიონს.
ორივე მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზებს, რომლებიც, შესაბამისად, $416 მილიონს და $0.82-ს შეადგენდა.
NextEra Energy Partners-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $56.50-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 10 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $76.33-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $90.00-ს, ხოლო მინიმალური — $60.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი NextEra Energy Partners-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 10 ანალიტიკოსიდან 8-მ მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 2-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
3M
გუშინ, ბაზრის გახსნამდე, 3M-მა კვარტალური ანგარიში წარადგინა, სავაჭრო დღის განმავლობაში კი კომპანიის აქციების ფასი 5%-ზე მეტით გაიზარდა. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10%-ით არის შემცირებული.
3M ეკონომიკის შენელებით გამოწვეულ პრობლემებს ებრძოდა. წლის დასაწყისში კომპანიამ სამუშაო ძალის ნაწილი გაათავისუფლა, მიმართა რესტრუქტურიზაციას და ხარჯების შემცირების სხვა ღონისძიებებს, რადგან შემოსავალი შემცირდა.
მეორე კვარტალში გაყიდვები კლებას განაგრძობდა. მთლიანი შემოსავალი წლიდან წლამდე 4.3%-ით — $8.32 მილიარდამდე შემცირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი ბევრად უსწრებდა ანალიტიკოსების პროგნოზს — $7.87 მილიარდს. ორგანული გაყიდვები, რომელიც შესყიდვების, დივესტირების და ვალუტის კურსის გავლენას გამორიცხავს, 2.2%-ით შემცირდა.
კორექტირებული EPS კი $2.45-დან $2.17-მდე შემცირდა, მაგრამ ანალიტიკოსების პროგნოზს — $1.72-ს ამ მაჩვენებელმაც გადააჭარბა. წინაღობების მიუხედავად, 3M უაღრესად მომგებიანი რჩება, მისი კორექტირებული საოპერაციო მარჟა 19.3%-ს შეადგენს.
გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ კომპანიასთან დაკავშირებული სასამართლო დავა, რომელიც ქიმიკატების გამოყოფას შეეხებოდა, დასრულდა და 3M-ს გადასახადების გადახდამდე $10.3 მილიარდის გადახდა მოუწევს. მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, ინვესტორებმა სიახლე პოზიტიურად მიიღეს, რადგან ეს საკითხი საბოლოოდ დაიხურა.
რაც შეეხება მომავალს, 3M-ის მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ მთელი წლის განმავლობაში კორექტირებული EPS $8.60-$9.10-ს შეადგენს მაშინ, როდესაც წინა პროგნოზი $8.50-$9 იყო.
3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $110.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 13 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $106.31-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $159.00-ს, ხოლო მინიმალური — $92.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი 3M-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 3.20%-იან შემცირებას წარმოადგენს. კომპანიის აქციებს 13 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 8-მ — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 4-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.