2023 ხელოვნური ინტელექტისთვის (AI) გამორჩეული წელია. წლების განმავლობაში ინტენსიური კვლევისა და განვითარების (R&D) შემდეგ, მრავალმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა გამოუშვა ხელოვნური ინტელექტის (AI) ბაზაზე დაფუძნებული პროდუქტები, რომლებმაც მათი საბაზრო კაპიტალიზაციები მილიარდობით აშშ დოლარით გაზარდა. ზოგიერთი ყველაზე ცნობილი მაგალითია ChatGPT OpenAI-სგან, Google Bard ჩეთბოტი Alphabet-სგან, Azure Microsoft-სგან და DGX GH200 სუპერკომპიუტერი NVIDIA-სგან. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიები რომელიმე სექტორით არ შემოიფარგლება, ისინი წარმოადგენს ინოვაციურ ძრავას სფეროთა ფართო სპექტრისთვის, მათ შორის არის მედიცინა, სოფლის მეურნეობა, აერონავტიკა და თავდაცვა, სამომხმარებლო ელექტრონიკა და სხვა.
ბოლო ორი წლის განმავლობაში AI–ში მრავალი ფუნდამენტური გაუმჯობესება განხორციელდა. პირველ რიგში, მოწინავე ენობრივმა მოდელებმა შექმნა გენერაციული AI ინსტრუმენტები, რომლებიც კომპლექსურ ტექსტურ, ვიზუალურ და აუდიო კონტენტს აწარმოებს. ამასთან, ხელოვნური ინტელექტი გაფართოვდა მეცნიერებისა და განათლების მიმართულებით — ახალი AI მოდელები ახლა ხელს უწყობს წყალბადის თერმობირთვულ სინთეზს, აუმჯობესებს მატრიცის მანიპულირების ეფექტურობას და აწარმოებს ახალ ანტისხეულებს. დაბოლოს, AI გახდა თვითგანვითარებადი, NVIDIA, Google და სხვა კომპანიები თავიანთ AI მოდელებს საკუთარი AI-ზე დაფუძნებული პროდუქტების გასაუმჯობესებლად იყენებს.
AI რევოლუციას უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს ინვესტორებისთვის. კომპანიები, რომლებიც იყენებს AI-ს, შექმნის უმაღლეს ახალ პროდუქტებსა და პროცესებს, რაც, თავის მხრივ, მათ მომგებიანობას გაზრდის. ბუნებრივია, ეს კომპანიების აქციების ფასებზეც აისახება. ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიების მასშტაბისა და ეფექტურობის გათვალისწინებით, საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ასეთი აქციების ზრდის პოტენციალი უზარმაზარია. Galt & Taggart-ის მიერ წარმოდგენილი ანგარიში, რომელსაც შეგიძლიათ ბმულზე გაეცნოთ, მიზნად ისახავს წარმოაჩინოს შესაბამისი ინდუსტრიის ETF (ARKQ), ისევე როგორც შერჩეული ETF-ის კომპანიები, რომლებიც, სავარაუდოდ, AI-ის შემდგომი ინოვაციებისგან მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებს.