რა ხდება?
S&P Global Market Intelligence-ის მიერ მოწოდებული მონაცემების თანახმად, გასული თვის განმავლობაში ფრილანს პლატფორმის — Fiverr International-ის აქციების ფასი თითქმის 12%-ით დაეცა. წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი 20%-ზე მეტით არის გაზრდილი.
და რა?
Fiverr-მა კვარტალური ანგარიში ჯერ კიდევ 22 თებერვალს წარადგინა. კომპანიის ფინანსურ შედეგებზე ანალიტიკოსებმა თავიანთი მოსაზრებები გამოაქვეყნეს და მათი უმეტესობა პოზიტიური იყო. შესაბამისად, თებერვლის ბოლოსთვის Fiverr-ის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 36%-ით იყო გაზრდილი. ასე რომ, შესაძლოა, ზოგიერთმა ინვესტორმა ისარგებლა ამ ძლიერი ზრდით და მარტის განმავლობაში გაანაღდა გარკვეული მოგება, რამაც კომპანიის აქციების ფასის შემცირება განაპირობა.
როგორც ჩანს, ინვესტორებს სულ უფრო მეტად აწუხებთ Fiverr-ის გრძელვადიანი ბიზნეს პერსპექტივები, განსაკუთრებით გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (AI) აპლიკაციების განვითარების გამო. ბევრი ფიქრობს, რომ AI-ს შეუძლია შეასრულოს ზოგიერთი სამუშაო, რომელიც Fiverr-ის ბაზარზეა ხელმისაწვდომი.
Fiverr-ის მენეჯმენტი, რა თქმა უნდა, უფრო დადებითად აფასებს გრძელვადიან პერსპექტივაში ამ ბიზნესის სიცოცხლისუნარიანობას. 9 მარტს მათ გამოაქვეყნეს კომპანიის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები, რომლებიც აჩვენებს, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით Gen Z-ის 67% ფრილანსერობას ეწევა ან ამ საქმით დაკავებას მომავალში გეგმავს.
ახლა რა?
რაც შეეხება ბიზნესს, Fiverr-ის შემოსავლების ზრდა შენელდა. მთლიანი წლის შემოსავალი წელიწადში მხოლოდ 13%-ით გაიზარდა, რაც ძალიან დაბალია წინა მაჩვენებელთან — 57%-თან შედარებით. უფრო მეტიც, მენეჯმენტის პროგნოზები გულისხმობს, რომ 2023 წლის პირველ კვარტალში შემოსავლები მხოლოდ 2%-ით მოიმატებს.
ზრდის შენელება ცუდია, მაგრამ დადებითი ფაქტორი ის არის, რომ Fiverr-ის მენეჯმენტი სწრაფად ამცირებს ხარჯებს და კომპანია საოპერაციო მოგების გამომუშავებას უახლოვდება.