4 მარტს, 17:00 საათზე გაიმართა Investhub-ის უფასო ონლაინ ვებინარი — „როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად“, სადაც G&T-ის ასოცირებულმა ბროკერმა — ნიკოლოზ მაზანაშვილმა ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:
- რატომ არის ინვესტირება სარგებლის მომტანი?
- რამდენად მარტივია ამჟამად საქართველოში საფონდო ბირჟაზე ინვესტირების დაწყება?
- როგორ უნდა გახდეთ ცნობილი კომპანიების (მაგ., Tesla, Google, Microsoft და სხვ.) აქციონერი?
- რომელ საინვესტიციო პროდუქტებში შეგიძლიათ თანხის დაბანდება და ა. შ.
შეხვედრის ბოლოს კი ჩატარდა ქუიზი. ყველაზე სწრაფი და მეტი სწორი პასუხი ანა მჭედლიშვილმა დააგროვა, შესაბამისად, სწორედ ის გახდა გამარჯვებული და საინვესტიციო $100 მოიგო. ვებინარის შემდეგ ანას დავუკავშირდით და რამდენიმე კითხვა დავუსვით.
გქონდათ თუ არა აქამდე ინფორმაცია საფონდო ბირჟის შესახებ? ჩაგიდიათ რაიმე სახის ინვესტიცია?
საფონდო ბირჟის შესახებ ძალიან ზოგადი და ბუნდოვანი წარმოდგენა მქონდა შექმნილი, რაც მხოლოდ წლების წინ ეკონომიკის რომელიღაც ლექციაზე ყურმოკრულ ტერმინებს და ფილმებიდან ამოკრეფილ ინფორმაციას ეყრდნობოდა. შესაბამისად, ინვესტიციაც არასოდეს ჩამიდია, მეტიც, ცოტა ხნის წინ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ინვესტირება საქართველოდან, ჩვეულებრივი ადამიანებისთვისაც ხელმისაწვდომი იყო.
რამდენად საინტერესო იყო თქვენთვის ვებინარი — „როგორ დავიწყოთ ინვესტირება მარტივად“?
ჩემთვის, როგორც სრულიად დამწყებისთვის, ვებინარი საკმაოდ საინტერესო იყო. ბევრი სიახლე აღმოვაჩინე, ნაცნობი კონცეფციები კი თითქოს თავის ადგილზე დალაგდა. სპიკერმა სასარგებლო რესურსებიც გაგვიზიარა, რათა, დაინტერესების შემთხვევაში, სასურველი ინფორმაციის მოძიება გაგვიმარტივდეს.
რაში აპირებთ ამ საინვესტიციო $100-ის დაბანდებას?
ვებინარიდან გამომდინარე, ალბათ SPY-ში ჩავდებ ინვესტიციას, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ჯერ დამატებით ინფორმაციას მოვიძიებ.