რა მოხდა?
გუშინ, Vistra-ს აქციების ფასი თითქმის 14%-ით გაიზარდა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ კომპანია Energy Harbor-ს შეიძენს. თუმცა ეს ყველაფერი არ არის. Vistra-ს მენეჯმენტმა ასევე აქციების გამოსყიდვის პროგრამის გაზრდა დააანონსა.
და რა?
Vistra-მ, რომელიც განახლებადი ენერგიის შეთავაზების გაფართოებას ისახავს მიზანს, Energy Harbor-ის $3 მილიარდად შეძენის შესახებ შეთანხმება გააფორმა. გარდა ამისა, ეს უკანასკნელი მიიღებს 15%-იან წილ Vistra Vision-ში, ახლად ჩამოყალიბებულ შვილობილ კომპანიაში, რომელიც Energy Harbor-ისა და Vistra-ს კომბინაციის შედეგია.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ Vistra Vision-ის სუფთა ენერგიის პორტფელი დაახლოებით 7.8 გიგავატს მიაღწევს და კომპანია 5 მილიონ მომხმარებელს მოემსახურება. ასევე შეიქმნება ბიზნესის შემდგომი გაზრდის შესაძლებლობა, რადგან Vistra Vision-ს ექნება წვდომა პროექტებზე, რომელთა საერთო სიმძლავრე დაახლოებით 1.1 გიგავატია.
Vistra აქციების გამოსყიდვითაც არის დაინტერესებული. 23 თებერვლის მდგომარეობით, Vistra-ს, $3.25 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის გეგმიდან, დაახლოებით $800 მილიონი ჰქონდა აუთვისებელი. თუმცა, კომპანიის საბჭომ დამატებით $1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვის პროგრამა დაამტკიცა. მენეჯმენტი მოელის, რომ 2024 წლის ბოლოსთვის კომპანია $1.8 მილიარდის აქციებს გამოისყიდის. შემდეგ კი, 2025-2026 წლებში, კომპანიაში დამატებით $1 მილიარდის ღირებულების აქციების გამოსყიდვას პროგნოზირებენ.
ახლა რა?
Vistra ცდილობს დაამყაროს ბალანსი თავისი ბიზნესის ზრდასა და აქციონერებისთვის კაპიტალის დაბრუნებას შორის, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველია. გარდა ამისა, კომპანიის აქციების ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 9.83-ს შეადგენს, რაც ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელს — 12.9-ს ჩამოუვარდება.