რა მოხდა?
გუშინ ფინანსური პროგრამული უზრუნველყოფის პროვაიდერის — Donnelley Financial Solutions-ის აქციების ფასი 20%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც კომპანიამ 2022 წლის მეოთხე კვარტლის ფინანსური შედეგები წარადგინა.
და რა?
Donnelley-ს კვარტალურმა შემოსავალმა $168 მილიონი შეადგინა, ხოლო განზავებულმა (წილის განზავება – ახალი აქციების გამოშვების შედეგად, ძველი აქციონერების ფლობის წილის პროცენტული რაოდენობის შემცირება) მოგებამ თითო აქციაზე (EPS) — $0.36. ორივე მაჩვენებელი ჩამორჩა ანალიტიკოსების პროგნოზებს.
Donnelley-ის აღმასრულებელი დირექტორის — დანიელ ლაიბის თქმით, მენეჯმენტი მოხარულია იმ უწყვეტი პროგრესით, რომელსაც კომპანიამ კვარტალში მიაღწია. „პროგრამული გადაწყვეტების წმინდა გაყიდვებმა 2022 წლის მეოთხე კვარტლის მთლიანი წმინდა გაყიდვების 41% შეადგინა, რაც პროგრამული უზრუნველყოფის გაყიდვების მიქსის რეკორდული დონე და გასული წლის მეოთხე კვარტლის გაყიდვების მიქსიდან დაახლოებით 930 საბაზისო პუნქტით ზრდაა“ — განაცხადა დანიელმა.
მიუხედავად ამისა, მოთხოვნა კომპანიის გადაწყვეტებზე, რომლებიც მოიცავს კერძო და საჯარო კომპანიების, ასევე ურთიერთდახმარების ფონდების მარეგულირებელი დოკუმენტების მომზადების პროგრამულ უზრუნველყოფას, წლის განმავლობაში ეჭვქვეშ დადგა. მთელი წლის შემოსავალი 16%-ით შემცირდა, თუმცა პროგრამულის უზრუნველყოფის გადაწყვეტების მიმართულებიდან მიღებული შემოსავალი ოდნავ გაიზარდა.
მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ, გრძელვადიან პერსპექტივაში, პროგრამული უზრუნველყოფის გადაწყვეტების მთლიანი შემოსავალი 13%-19%-ის დიაპაზონში გაიზრდება და ეს განყოფილება 2026 წლისთვის კომპანიის განმეორებადი შემოსავლის 70%-ს შეადგენს.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ Donnelley Financial Solutions-მა ბაზარს იმედი გაუცრუა თავისი კვარტალური შედეგებით, კომპანიას მაინც გააჩნია ძლიერი ბალანსი მხოლოდ $135 მილიონის ოდენობით წმინდა ვალით 2022 წლის ბოლოს. ამ დროიდან 2026 წლამდე მენეჯმენტი $500 მილიონის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადების (FCF) გამომუშავებას მოელის.
კომპანია ასევე ორიენტირებულია აქციების გამოსყიდვაზე და პროგრესირებს პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით.