ტექნოლოგიური აქციების ფასი 2023 წელს იზრდება, რადგან ინვესტორები მიმდინარე წლის პერსპექტივების მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი. წლის დასაწყისიდან Nasdaq-100 თითქმის 14%-ით არის გაზრდილი, რაც 2022 წლის განმავლობაში 40%-იან ვარდნასთან შედარებით მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა.
დღეს კი ვისაუბრებთ ტექნოლოგიების ინდუსტრიის ორ ლიდერზე და განვიხილავთ, რომელია ამჟამად უკეთესი საინვესტიციო შესაძლებლობა — Apple თუ Amazon.
Apple
ეკონომიკურად რთულ 2022 წელს Apple-მა დაამტკიცა, რომ ბაზარზე ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და თანმიმდევრული აქცია იყო. როგორც ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ჩანს, iPhone-ის მწარმოებელმა კომპანიამ წლის განმავლობაში აქციების ფასის უფრო ზომიერი ვარდნა განიცადა, ვიდრე მისმა კონკურენტებმა.
მაკროეკონომიკური წინააღმდეგობების პირობებში მდგრადობის ფონზე, Apple-ის აქციების ფასი 2018 წლიდან 266%-ით, ხოლო 2013 წლიდან 819%-ით გაიზარდა. კომპანიის ბრენდისადმი მომხმარებლების ლოიალობამ და Apple-ის მიმზიდველმა ეკოსისტემამ გრძელვადიანი ზრდა უზრუნველყო. გასაკვირი არ არის, რომ უოლ სტრიტის მაგნატმა — უორენ ბაფეტმა, Berkshire Hathaway-ის მეშვეობით, Apple თავის უდიდეს ჰოლდინგად აქცია. ტექნოლოგიური კომპანია ამჟამად მისი პორტფელის 38%-ზე მეტს შეადგენს.
ბაფეტმა გასულ წელს Apple-ის აქციების ფასის ვარდნაში ყიდვის შესაძლებლობა დაინახა. 2022 წლის მეოთხე კვარტალში მან თავის მფლობელობაში არსებული Apple-ის აქციების რაოდენობა 894.8 მილიონიდან 915.6 მილიონამდე გაზარდა და ახლა კომპანიის 5.8%-იან წილს ფლობს. ამ ნაბიჯმა უკვე შედეგი გამოიღო, რადგან ტექნოლოგიური გიგანტის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 18%-ით გაიზარდა.
ფისკალური 2023 წლის მესამე კვარტალში Apple-მა სუსტი ფინანსური შედეგები წარადგინა. კვარტალური შემოსავალი წლიდან წლამდე 5.5%-ით — $117.2 მილიარდამდე შემცირდა და ეს მაჩვენებელი ანალიტიკოსების პროგნოზებს $4.5 მილიარდით ჩამორჩა. თუმცა, მზარდი კომპანიის რეპუტაციამ Apple-ის აქციების ფასის მატებას შეუწყო ხელი. ინვესტორები აღფრთოვანებულნი არიან Apple-ის განზრახვით, შევიდეს ვირტუალური/გაფართოებული რეალობის (VR/AR) ბაზრებზე ამ წლის ბოლოს, შერეული რეალობის ჩაფხუტის გამოშვებით.
იმის გამო, რომ AR ბაზრისთვის პროგნოზირებულია 40.9%-იანი, ხოლო VR-ისთვის — 15%-იანი წლიური ზრდის ტემპი (CAGR) 2030 წლამდე, Apple-ს შეუძლია სწრაფად მზარდი ინდუსტრიისგან მნიშვნელოვანი სარგებელი მიიღოს.
Amazon
გასული წლის განმავლობაში Amazon-ის აქციების ფასი თითქმის 50%-ით შემცირდა, წლის დასაწყისიდან კი ეს მაჩვენებელი 13%-ზე მეტით არის გაზრდილი. შარშანდელი კლების მიუხედავად, ელექტრონული კომერციის ბაზრის მოცულობა 2019 წელს $9.09 ტრილიონს შეადგენდა და Grand View Research-ის თანახმად, ის 2027 წლამდე 14.7%-ის ტოლი CAGR-ით გაიზრდება. შედეგად, Amazon-ის 37.8%-იანი საბაზრო წილი ინდუსტრიაში ნიშნავს, რომ კომპანიას დიდი პოტენციალი გააჩნია, რადგან ინფლაციის შემსუბუქება ბაზრის ზრდას უწყობს ხელს. თუმცა, კომპანიის მნიშვნელოვანი საოპერაციო ზარალი 2022 წელს შეიძლება ნიშნავდეს, რომ ბიზნესის აღდგენას უფრო მეტი დრო დასჭირდება.
უფრო მეტიც, 2022 წელს ქლაუდ გამოთვლითი ბიზნესი ამაზონის ზრდის ძირითადი წყარო იყო. AWS-ის შემოსავალი წელიწადში 29%-ით — $80 მილიარდამდე გაიზარდა. საოპერაციო შემოსავალმა მოიმატა 23%-ით — $22.8 მილიარდამდე. ამაზონის წამყვანი 34%-იანი წილი $369 მილიარდის ღირებულების ქლაუდ ბაზარზე, სავარაუდოდ, მას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად Apple-ის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 22.6-ს შეადგენს, ხოლო Amazon-ის —87.4-ს. ამავდროულად, Apple-ის თავისუფალი ფულადი ნაკადები (FCF) $97.5 მილიარდს შეადგენს, ხოლო Amazon-ის — უარყოფით $16.9 მილიარდს.
Amazon-ის დომინირება ელექტრონულ კომერციასა და ქლაუდ გამოთვლებში მას შესანიშნავ გრძელვადიან ინვესტიციად აქცევს, Apple-ის თანმიმდევრული ზრდა კი, შესაძლოა, მეტ უსაფრთხოებას ნიშნავდეს.