რა მოხდა?
აქციონერებისთვის ყოველთვის სასიამოვნოა, როდესაც მათი ერთ-ერთი კომპანიის კვარტალური შედეგები როგორც შემოსავლის, ისე მოგების პროგნოზებს აჭარბებს. თუმცა ზოგჯერ ეს საკმარისი არ არის აქციების ფასის გასაზრდელად, რადგან, შესაძლოა, ზოგიერთი საკვანძო მაჩვენებელი არ იყოს ისეთი ძლიერი, როგორც მოსალოდნელი იყო.
სწორედ ასე მოხდა გუშინ ვიდეოსტრიმინგის ტექნოლოგიური კომპანიის — Harmonic-ის შემთხვევაში — კვარტალური შედეგების წარდგენის შემდეგ კომპანიის აქციების ფასი 7%-ზე მეტით შემცირდა.
და რა?
ორშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, Harmonic-მა მოსალოდნელზე უკეთესი კვარტალური ანგარიში წარადგინა. კომპანიის შემოსავალი წლიდან წლამდე თითქმის 6%-ით გაიზარდა და $164 მილიონს გადააჭარბა. ეს Harmonic-ისთვის ყველაზე მაღალი კვარტალური ნიშნული იყო.
კორექტირებულმა მოგებამ $19.9 მილიონს (EPS (მოგება თითო აქციაზე) — $0.17) მიაღწია. ეს მაჩვენებელი 2021 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით 13%-ით მეტი იყო.
რაც შეეხება ანალიტიკოსების მოლოდინებს, ისინი პროგნოზირებდნენ, რომ შემოსავალი $159.3 მილიონს მიაღწევდა, ხოლო EPS — $0.15-ს.
Harmonic-ის შემოსავლების ზრდა დიდწილად განპირობებული იყო როგორც ვიდეო SaaS (პროგრამული უზრუნველყოფა როგორც სერვისი) ასევე ფართოხაზოვანი სეგმენტების ძლიერი ზრდით, რომლებიც მეოთხე კვარტალში წლიდან წლამდე, შესაბამისად, 51%-ით და 38%–ით გაიზარდა.
ახლა რა?
რაც შეეხება მომავალს, მენეჯმენტი პროგნოზირებს, რომ 2023 წლისთვის წმინდა შემოსავალი $695-$735 მილიონს შეადგენს, კორექტირებული EPS კი $0.56-$0.72 იქნება.
ანალიტიკოსები კი მოელიან, რომ წლიური შემოსავალი $734.2 მილიონს მიაღწევს, კორექტირებული EPS კი — $0.74-ს.
სავარაუდოდ, სწორედ მომავლის პროგნოზებმა იმოქმედა ინვესტორებზე ნეგატიურად.