რა მოხდა?
გუშინ, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ის აქციების ფასი მცირედით — 1%-ით გაიზარდა. ბევრი ინვესტორი რეაგირებდა სიახლეებზე, რომლებიც კომპანიის ახალ პარტნიორობასთან არის დაკავშირებული.
და რა?
Microsoft-ის მენეჯმენტმა დააანონსა ინვესტიციის ახალი რაუნდი ხელოვნური ინტელექტის (AI) გადაწყვეტების შემქმნელ კერძო კომპანიაში — OpenAI-ში.
მენეჯმენტს არ დაუკონკრეტებია არც ამ ახალი ინვესტიციის მოცულობა და არც გარიგების ძირითადი პირობები. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ეს ნაბიჯი აფართოებს კომპანიის მოღვაწეობას ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით.
Microsoft-ს უამრავი პროგრამული პროდუქტი გააჩნია და ოპერირებს ქლაუდ გამოთვლის საუკეთესო პლატფორმას — Azure-ს. ის OpenAI-ის მიერ შემუშავებულ AI-ის ზოგიერთ გადაწყვეტას ამ აპლიკაციებში გამოიყენებს.
OpenAI ყველაზე კარგად ცნობილია თავისი ChatGPT, AI-ზე მომუშავე ჩეთბოტით, რომელსაც შეუძლია, მომხმარებლის მინიმალური ჩართულობით, შექმნას ისეთი კონტენტი, როგორიცაა სტატიები და პოეზია. ზოგიერთი შიშობს, რომ ამ ნამუშევრების წარმოების შესაძლებლობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას იმ ადამიანებს, რომელთა საარსებო წყაროს სწორედ ამ მასალების შექმნა წარმოადგენს.
ახლა რა?
Microsoft-ის ნაბიჯი სრულიად გონივრულია იმის გათვალისწინებით, რომ მის თითქმის ყველა პროდუქტს თეორიულად შეუძლია ისარგებლოს უფრო ფართო AI ინტეგრაციით.