რა მოხდა?
საჯარო კომპანიების ინსაიდერები ხშირად ყიდიან თავიანთ აქციებს სხვადასხვა მიზეზის გამო. კომპანიის თანამდებობის პირის მიერ დიდი რაოდენობით აქციების გაყიდვა, შეიძლება, ინვესტორებისთვის შეშფოთების საგნად იქცეს.
გუშინ, Nike-ის ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურის მიერ აქციების გაყიდვის შემდეგ, კომპანიის აქციების ფასი 1.5%-ით შემცირდა.
და რა?
ოთხშაბათს, სავაჭრო დღის დასრულების შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ Nike-ის თანადამფუძნებელმა, დიდი ხნის აღმასრულებელმა დირექტორმა და დირექტორთა საბჭოს ამჟამინდელმა საპატიო თავმჯდომარემ — ფილ ნაიტმა გასულ პარასკევს, 13 იანვარს, კომპანიის B კლასის 5 მილიონი აქცია საქველმოქმედო ორგანიზაციას გადასცა. ვინაიდან გაყიდვის თანხა $0 იყო, ამ უკანასკნელისთვის ეს აშკარად შემოწირულობას წარმოადგენდა.
ორგანიზაცია იდენტიფიცირებული არ არის, მაგრამ ნაიტმა თქვა, რომ ის და მისი მეუღლე იქ დირექტორებად მუშაობენ.
გუშინ Nike-ის აქციების გაყიდვა ასევე, სავარაუდოდ, გამოწვეული იყო გარკვეული ინვესტორების მიერ მოგების რეალიზაციით, რადგან Nike-ის აქციების ფასი, გასულ სექტემბერს 1-წლიანი მინიმუმის დაფიქსირების შემდეგ, თითქმის 60%-ით გაიზარდა. ნოემბერში წარდგენილმა ფისკალური 2023 წლის მეორე კვარტლის სოლიდურმა შედეგებმა სპორტული ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის მწარმოებლის მომავლის პერსპექტივასთან დაკავშირებით ინვესტორების ოპტიმიზმს შეუწყო ხელი.
ახლა რა?
მიუხედავად იმისა, რომ ფილ ნაიტს, როგორც ჩანს, აქციების გაცემის ყველაზე სუფთა მოტივები ამოძრავებდა, ინვესტორებისთვის დამახასიათებელია ნერვიულობა, როდესაც აქციების დიდი ნაწილი მოულოდნელად სხვა ხელში ხვდება. ეფექტი კი ძლიერდება მაშინ, როდესაც აქციების გამცემი არა მხოლოდ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი პირი, არამედ ის ადამიანია, რომელსაც ბევრი იცნობს, როგორც კომპანიის წარმატების მთავარ წყაროს.