რა მოხდა?
გუშინ, ტექნოლოგიური გიგანტის — Microsoft-ისა და Activision Blizzard-ის გარიგების შესახებ ახალი ცნობების გავრცელების შემდეგ, ამ უკანასკნელის აქციების ფასი თითქმის 3%-ით შემცირდა. შედარებისთვის, დროის იმავე მონაკვეთში S&P 500 მხოლოდ 0.2%-ით შემცირდა.
და რა?
გუშინ დილით Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ, შესაძლოა, ევროკავშირმა (EU) Activision Blizzard-ის სავარაუდო შემძენს — Microsoft-ს ანტიმონოპოლიური გაფრთხილება მისცეს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო და მუდმივი მარეგულირებელი — ევროკომისია (EC) ამ შეთანხმებასთან დაკავშირებით ამზადებს განცხადებას, რომელიც რამდენიმე კვირაში გამოქვეყნდება.
თითქმის 1 წლის წინ გახდა ცნობილი შეთანხმების შესახებ, რომელიც Microsoft-ის მიერ Activision Blizzard-ის $69 მილიარდად შეძენას ითვალისწინებს.

Microsoft-ის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი, პრობლემის მოსაგვარებლად, ევროკომისიასთან მუშაობას აგრძელებენ და კომპანიის მიზანია, უფრო მეტ ადამიანს მეტი თამაში მიაწოდოს. მათი თქმით კი, გარიგება სწორედ ამ მიზანს ემსახურება.
Activision Blizzard-ის მენეჯმენტს ამ საკითხის შესახებ ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.
ახლა რა?
ამ გარიგების წარმატებით დასრულება მძლავრი პროგრამული და ქლაუდ კომპანიის, ვიდეო თამაშების დომინანტურ მწარმოებელთან და დეველოპერთან გაერთიანებას გამოიწვევს. თუმცა, შეთანხმების სამართლებრივი ასპექტი რთულდება და ინვესტორები მოვლენების განვითარებას მოუთმენლად ელიან.