2022 წელს Nvidia-ს აქციების ფასი განახევრდა. ისევე როგორც ბევრი ტექნოლოგიური კომპანია, ნახევარგამტარების ტიტანის ზრდაც შეანელა ინფლაციით გამოწვეულმა შეშფოთებამ და პოტენციური რეცესიის შიშმა, რამაც აიძულა მომხმარებლები და ბიზნესები, ტექნოლოგიის მიმართულებით ხარჯები შეემცირებინათ.
მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური გარემო, სავარაუდოდ, მომდევნო თვეებში დიდ გამოწვევად დარჩება, Nvidia-ს გრძელვადიანი პერსპექტივები შესანიშნავად გამოიყურება. აი, რატომ შეიძლება აღდგეს ჩიპების მწარმოებლის აქციების ფასი მომდევნო წლებში.
- მასიური საბაზრო შესაძლებლობა
Nvidia ლიდერია დაჩქარებულ გამოთვლებში. მისი გრაფიკული დამუშავების ერთეულები (GPU) გამოირჩევა დიდი რაოდენობით მონაცემების სწრაფად დამუშავებით. კომპანია, აპლიკაციების უფრო დასაჩქარებლად, ამ მაღალი ხარისხის ჩიპებს სპეციალიზებულ პროგრამულ უზრუნველყოფასთან აერთიანებს. Nvidia-ს დაჩქარებული გამოთვლითი სისტემები, თავის მხრივ, აძლიერებს ტექნოლოგიის ზოგიერთ უდიდეს ტენდენციას, როგორიცაა ქლაუდ გამოთვლები, ხელოვნური ინტელექტი (AI) და მეტავერსი.
Nvidia-ს ტექნოლოგია ეხმარება თავის მომხმარებლებს, უკეთესად დაამუშაონ და გაფილტრონ თავიანთი მონაცემები. ეს აუმჯობესებს მათ გამოსახულების გადაცემის და მეტყველების ამოცნობის შესაძლებლობებს. ის ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას რეალურ სამყაროში არსებული ნივთების ვირტუალური ასლების შესაქმნელად, რითაც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, განახორციელონ სიმულაციები სწრაფად და ეკონომიურად.
ბოლო 12 თვის განმავლობაში კომპანიის შემოსავალმა $28,6 მილიარდი შეადგინა და ტექნოლოგიურ გიგანტს ჯერ კიდევ აქვს უზარმაზარი სივრცე გრძელვადიანი ზრდისთვის.
- ქლაუდ სეგმენტით გაძლიერებული ზრდა
Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის ბიზნესი კომპანიის გაფართოების ერთ-ერთ უდიდეს შესაძლებლობას წარმოადგენს. ქლაუდ ინფრასტრუქტურის ყველა უმსხვილესი პროვაიდერი Nvidia-ს ჩიპებს თავის მონაცემთა ცენტრებში ათავსებს. ქლაუდ გამოთვლებზე სულ უფრო მეტი ბიზნესის ორიენტირებასთან ერთად, Nvidia-ს ჩიპებზე მოთხოვნა დროთა განმავლობაში სტაბილურად უნდა გაიზარდოს.
Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის ოპერაციები, უმეტესი სტანდარტების მიხედვით, უკვე უზარმაზარია. ფისკალურ 2022 წელს ამ მიმართულებიდან კომპანიის შემოსავალმა $10 მილიარდი შეადგინა. ფისკალურ მესამე კვარტალში, რომელიც 30 ოქტომბერს დასრულდა, Nvidia-ს მონაცემთა ცენტრის გაყიდვები წლიდან წლამდე 31%-ით — $3,8 მილიარდამდე გაიზარდა.
კვლევითი ფირმის — MarketsandMarkets-ის თანახმად, ქლაუდ გამოთვლების გლობალური ბაზარი 2027 წლისთვის $1,2 ტრილიონს გადააჭარბებს. 2022 წლის მდგომარეობით ეს მაჩვენებელი $545,8 მილიარდს შეადგენს.
- გეიმინგ ბაზარი უნდა აღდგეს
Nvidia-ს გეიმინგ ბიზნესი ბოლო კვარტლებში დაზარალდა, რაც პერსონალური კომპიუტერების (PC) ბაზრის ვარდნას დაემთხვა. თუმცა, ეს პრობლემები, სავარაუდოდ, დროებითია.
გეიმინგ ბაზარი გაიზარდა და უზარმაზარ გლობალურ ინდუსტრიად იქცა. Nvidia-ს თანახმად, მსოფლიოში ახლა 3 მილიარდზე მეტი გეიმერია, რაც 2017 წლის მდგომარეობით 2,3 მილიარდს შეადგენდა. ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, ზრდას განაგრძობს მომავალ ათწლეულში, რადგან ინტერნეტის შეღწევადობის დონე მატულობს, ხოლო სიღარიბის დონე მცირდება.
უფრო მეტიც, ყოველ მომდევნო თაობას, როგორც წესი, უფრო მეტი გეიმერი ჰყავს. ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე ნაჩვენებია, თუ აშშ-ში კვირაში საშუალოდ რამდენ საათს უთმობს თითოეული თაობის წარმომადგენელი თამაშს.
თამაშის კონსოლების ისეთ წამყვან მწარმოებლებთან პარტნიორობამ, როგორიც არის Nintendo, Nvidia-ს გეიმინგ ინდუსტრიის ზრდისგან დიდი მოგები მიღების საშუალება მისცა. შესაძლოა, Nintendo-მ 2023 წლის პირველ ნახევარში თავისი Switch გეიმინგ სისტემა გამოუშვას, ეს კი Nvidia-ს თამაშებთან დაკავშირებულ გაყიდვებზე დადებითად აისახება.
Jon Peddie Research-ის თანახმად, Nvidia, 88%-იანი წილით, PC თამაშების ბაზრისთვის ასევე მაღალი დონის გრაფიკული ბარათების დომინანტური მიმწოდებელია. მისი ray tracing ტექნოლოგია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თამაშებში წარმოუდგენელი ვიზუალური ეფექტების შესაქმნელად, ბაზარზე მოწინავეა, რაც სძენს Nvidia-ს ჩიპებს პოპულარობას როგორც დეველოპერებს, ასევე გეიმერებს შორის. ამრიგად, PC გეიმინგ ბაზარზე ნებისმიერმა აღმავლობამ (რაც, გრძელვადიან ტენდენციებზე დაყრდნობით, სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში მოხდება) ასევე უნდა გააძლიეროს Nvidia-ს გაყიდვები და მოგება.