რა მოხდა?
ოთხშაბათს Walt Disney-ს აქციების დახურვის ფასი რვა წელზე მეტი ხნის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზე — $84.17-ზე იყო. წლის დასაწყისიდან კომპანიის ეს მაჩვენებელი 44%-ით არის შემცირებული და 1974 წლის შემდეგ ეს Disney-ს აქციებისთვის ყველაზე ცუდი კალენდარული წელი იქნება. თუმცა ზოგიერთი ინვესტორი ამას ხედავს, როგორც შესაძლებლობას, რამაც გუშინ აქციების ფასის 3.5%-ით ზრდას შეუწყო ხელი.
და რა?
შესაძლოა, ინვესტორები წარსულს ავლებენ თვალს და ფიქრობენ, რომ 2023 წელი Disney-სთვის ბევრად უკეთესი იქნება. მას შემდეგ, რაც 1974 წელს კომპანიის აქციებმა ღირებულების 54% დაკარგა, 1975 წელს აქციონერებმა 133%-იანი ანაზღაურება მიიღეს. 2023 წლის შედეგები შეიძლება ასეთი ძლიერი არ იყოს, მაგრამ არსებობს კარგი მიზეზები, ვიფიქროთ, რომ Disney-ს აქციებს მომდევნო თვეებში ზრდის პოტენციალი გააჩნია.
ახლა რა?
წელს, Disney-სთან ერთად, მედია ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლების აქციების ფასებიც დაეცა. ინვესტორები შეშფოთებულნი არიან მზარდი კონკურენციით (და დანაკარგებით) სტრიმინგ სერვისებს შორის. გასულ თვეში, ფისკალური მეოთხე კვარტლის ანგარიშის წარდგენისას, Disney-ს მენეჯმენტმა განაცხადა, რომ კომპანიის direct-to-consumer (როდესაც ბრენდი ან მწარმოებელი საკუთარ პროდუქტს პირდაპირ საბოლოო მომხმარებელზე ყიდის) სეგმენტმა დაკარგა $1.4 მილიარდზე მეტი სამთვიან პერიოდში, რომელიც 1 ოქტომბერს დასრულდა. ეს მეტწილად Disney+-ის სტრიმინგ სერვისის მზარდმა ზარალმა განაპირობა.
კომპანიის მენეჯმენტმა ადრე განუცხადა ინვესტორებს, რომ მისი სტრიმინგ სერვისი 2024 წლამდე მომგებიანი არ იქნებოდა, მაგრამ დანაკარგების მატება იწვევს გარკვეულ ეჭვს, რომ მომგებიანობის მიღწევის ვადამ შეიძლება კიდევ უფრო გადაიწიოს. თუმცა კვარტალურ პერიოდში დისნეის მთლიანი წმინდა შემოსავალი ოპერაციებიდან კვლავ გაიზარდა გასული წლის ანალოგიურ მეოთხედთან შედარებით, ხოლო წლიდან წლამდე, 12 თვის განმავლობაში ამ მაჩვენებელმა 58%-ით მოიმატა.
Disney ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ სატელევიზიო სტრიმინგის პროვაიდერი. მისი თემატური პარკების განყოფილება უკვე აღდგა პანდემიისგან და ძალიან კარგად მუშაობს. როგორც ჩანს, გუშინ ინვესტორებმა იფიქრეს, რომ კომპანიის აქციების დაბალი ფასი გრძელვადიან პერსპექტივაში შესანიშნავი საინვესტიციო შესაძლებლობაა.