რა მოხდა?
გუშინ, ფართო ბაზრის ზრდის მიუხედავად, Activision Blizzard-ის აქციების ფასი დაახლოებით 1.5%-ით შემცირდა იმის გამო, რომ ფედერალური სავაჭრო კომისია (FTC — Federal Trade Commission) Microsoft-ის მიერ კომპანიის შესაძლო შესყიდვის საკითხს სასამართლოში წამოჭრის. შედარებისთვის, გუშინ S&P 500, Nasdaq Composite და Dow Jones Industrial Average, შესაბამისად, დაახლოებით 0.8%-ით, 1.1%-ითა და 0.6%-ით გაიზარდა.
თავის ახლახან გამოქვეყნებულ საჩივარში FTC ამტკიცებს, რომ გარიგების წარმატებით დასრულება ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში კონკურენტულ ლანდშაფტს დააზარალებს და Microsoft-ს საშუალებას მისცემს, თავისი კონკურენტები უთანასწორო ბრძოლაში დაამარცხოს. სააგენტომ შეიტანა სარჩელი, რათა გარიგება ადმინისტრაციულ სასამართლოში დაბლოკოს და მარეგულირებელ ფრონტზე განვითარებული მოვლენები, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში Activision Blizzard-ის აქციების წარმადობაზე ზემოქმედებას განაგრძობს.
და რა?
Microsoft-ის მენეჯმენტმა Activision Blizzard-ის $69 მილიარდად ($95 თითო აქციაზე) შესყიდვის შესახებ მიმდინარე წლის 18 იანვარს განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ Microsoft-ისა და Activision-ის წარმომადგენლების თქმით, მათ სასამართლო დავაში გამარჯვებისა და გარიგების წარმატებით დასრულების მოლოდინი აქვთ, ინვესტორები მაინც სიფრთხილეს იჩენენ.
ახლა რა?
ამჟამად Activision Blizzard-ის თითო აქციის ფასი $75-ს შეადგენს და თუ პროცესი კომპანიისთვის სასარგებლოდ დასრულდება, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 27%-ით გაიზრდება, მაგრამ ამ საკითხს FTC-ის სახით წარმოქმნილი წინაღობა ართულებს. მაშინაც კი, თუ Microsoft და Activision Blizzard სასამართლოში სააგენტოს წინააღმდეგ დავას მოიგებენ, მათ ევროკავშირისა და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მარეგულირებლებისგან დასტურიც დასჭირდებათ. ამიტომ, გარიგების დასრულება შეიძლება იმაზე მეტ ხანს გაგრძელდეს, ვიდრე კომპანიების მიზანი — 2023 წლის პირველი ნახევარია.