რა მოხდა?
Qualcomm აქციონერებს გუშინ ცუდი დილა ჰქონდათ მას შემდეგ, რაც ნახევარგამტარების მწარმოებელმა კომპანიამ 2 ნოემბერს მეოთხე კვარტლის ანგარიში წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგიური გიგანტის კვარტალური შედეგები უოლ სტრიტის მოლოდინებს უტოლდებოდა და შემოსავალმა ანალიტიკოსების პროგნოზსაც კი გადააჭარბა, მომდევნო კვარტლისთვის მენეჯმენტის მოსალოდნელზე უარესმა მოლოდინებმა ინვესტორებში პანიკა გამოიწვია.
შედეგად, აღმოსავლეთის დროით 10:45-სთვის Qualcomm-ის აქციების ფასი 7.2%-ით შემცირდა.
და რა?
მოდით, კარგი ამბებით დავიწყოთ: მეოთხე კვარტალში Qualcomm-ის არა-GAAP (მოგება, რომელიც არ არის გამოთვლილი GAAP-ის (ბუღალტრული აღრიცხვის საყოველთაოდ მიღებული პრინციპები) მიხედვით) მოგებამ თითო აქციაზე (EPS), რომელმაც $3,13 შეადგინა, ანალიტიკოსების პროგნოზი გაამართლა და ეს მაჩვენებელი, გასული წლის ანალოგიურ კვარტალთან შედარებით, 23%-ით გაიზარდა.
ანალიტიკოსებს იმედი არც კომპანიის შემოსავალმა გაუცრუა. გაყიდვები წლიდან წლამდე 22%-ით — $11,4 მილიარდამდე გაიზარდა, რაც უოლ სტრიტის პროგნოზს — $11,37 მილიარდს ოდნავ აღემატება.
თუმცა Qualcomm-ის მენეჯმენტის პერსპექტივა პირველი კვარტლისთვის ინვესტორებისთვის სასიხარულო არ ყოფილა. კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომდევნო კვარტალში შემოსავალი $9,2-$10 მილიარდს მიაღწევს, რაც ანალიტიკოსების პროგნოზზე, $12 მილიარდზე, ბევრად დაბალია.
რაც შეეგება EPS-ს, ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ პირველი კვარტლის კორექტირებული მოგება თითო აქციაზე $2.25-$2.45 დიაპაზონში იქნება, ანალიტიკოსების პროგნოზი კი $3.42-ს შეადგენს.
ახლა რა?
რატომ არის მომავლის პერსპექტივა ასეთი „ბნელი“? Qualcomm-ის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ტელეფონებზე მოთხოვნის შენელება, რომელიც მესამე კვარტალში დაიწყო, გაუარესდა.
Qualcomm-ის მთავარმა ფინანსურმა დირექტორმა აკაშ პალხივალამ განაცხადა: „მაკროეკონომიკური გარემოს გაუარესებამ და ჩინეთში COVID-ით განპირობებულმა შეზღუდვებმა საზოგადოების სხვადასხვა კლასებში და რეგიონებში ფართო მოთხოვნის შესუსტება გამოიწვია.”
შედეგი ის არის, რომ Qualcomm-ის ზოგიერთ უმსხვილეს მომხმარებელს ახლა მარაგების ამაღლებული დონით გამოწვეულ წინაღობასთან უწევს გამკლავება და „ისინი თავიანთი მარაგების შემცირების პრობლემაზე მუშაობენ, რაც ჩვენს უახლოეს ფინანსურ წარმადობაზე უარყოფითად აისახება“ დასძინა პალხივალამ.
კომპანიის მენეჯმენტმა განაცხადა, რომ ახალი კადრების აყვანის პროცესი შეაჩერა და ხარჯების შემცირების შესახებ სხვა გეგმებიც აქვს.
მენეჯმენტმა დაამატა, რომ კომპანიას ჯერ კიდევ აქვს ძლიერი პოზიცია, რათა უახლოეს წინაღობებს გაუმკლავდეს და მათი რწმენით, 2023 წლის შემდეგ კომპანიის ზრდის ზოგიერთი სტრატეგიული გეგმა მასშტაბური გახდება – მაგრამ ჯერჯერობით ინვესტორებს ამ ზრდის ვიზუალიზაცია უჭირთ.