რა მოხდა?
S&P Global Market Intelligence-ის მონაცემებით, ამ კვირაში Align Technology-ს აქციების ფასი 13.7%-ით დაეცა. კბილების გასასწორებელი პროდუქტის მწარმოებელმა მესამე კვარტლის სუსტი ანგარიში წარადგინა, რამაც ინვესტორებს აქციების გაყიდვისკენ უბიძგა.
და რა?
Align Technology-მა კვარტალური ანგარიში 26 ოქტომბერს წარადგინა. წლიდან წლამდე შემოსავალი 12.4%-ით — $890.3 მილიონამდე შემცირდა, რასაც მოჰყვა წმინდა შემოსავლის კლება 59.8%-ით — $72.7 მილიონამდე. EPS (მოგება თითო აქციაზე) $1.36 იყო, რაც უოლ სტრიტის ანალიტიკოსების პროგნოზს — $2,18-ს საგრძნობლად ჩამორჩებოდა. სავარაუდოდ, სწორედ ეს სუსტი მაჩვენებლები განაპირობებს კომპანიის აქციების ფასის კლებას.
Align Technology კბილების გასასწორებელ პროდუქტებს მომხმარებლებზე, როგორც წესი, სტომატოლოგების და ორთოდონტიული ოფისების მეშვეობით ყიდის. ჩვეულებრივ, ამ პროდუქტების შეძენა ოჯახებისთვის ძალიან ძვირია. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ინფლაცია მძვინვარებს და საოჯახო ბიუჯეტები საფრთხის წინაშეა, შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ კბილების გასასწორებელი პროდუქტებისთვის ფულს ნაკლები ადამიანი ხარჯავს.
მოთხოვნილების შემცირების გარდა, Align-ს სავალუტო წინაღობები ემუქრება, რაც ყველაზე უარესია მის ისტორიაში. კომპანიას აქვს დიდი ექსპოზიცია შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ. წელს, როდესაც დოლარი, უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, მკვეთრად გაიზარდა Align Technology-ს საერთაშორისო შემოსავალი ზარალდება. ინვესტორებს კი ეს ყველაფერი ნამდვილად არ ახარებთ.
ახლა რა?
წლის დასაწყისიდან Align Technology-ს აქციების ფასი ამჟამად 70%-ით არის შემცირებული, ხოლო ბოლო ხუთი წლის მანძილზე — თითქმის 22%-ით. ეს უდავოდ გულდასაწყვეტია ინვესტორებისთვის, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიის აქციებს ფლობენ.
თუმცა, თუ უფრო გრძელ ჰორიზონტს ვუყურებთ, Align Technology იყო ერთ-ერთი საუკეთესო მზარდი პოტენციალის აქცია მას შემდეგ, რაც კომპანია საჯარო გახდა. ამ დროის განმავლობაში Align Technology-ს შემოსავალი 11,000%-ით გაიზარდა. ბოლო ათწლეულების მანძილზე კი კომპანიის Invisalign-მა ტრადიციულ ბრეკეტებს ბაზრის დიდი წილი წართვა.