რა მოხდა?
გუშინ Meta Platforms-ის აქციები მერყეობით გამოირჩეოდა, ინვესტორებზე ორი ახალი ამბავი მოქმედებდა — ანალიტიკოსის მიერ რეიტინგის დაქვეითება და აქტივისტი ინვესტორის კომენტარი.
და რა?
პირველი კატალიზატორი გამოჩნდა მაშინ, როდესაც BofA-ს (Bank of America) ანალიტიკოსმა — ჯასტინ პოსტმა Meta Platforms-ის აქციების „ყიდვის“ რეკომენდაცია „ნეიტრალურით“ შეცვალა, ამასთან, სამიზნე ფასი $196-დან $150-მდე შეამცირა. ანალიტიკოსმა ახსენა მარკეტინგის დეპარტამენტების მიერ ბიუჯეტების შემცირება ამ წლის დარჩენილი ნაწილისა და მომავალ წლისთვის, რაც Meta-ს სარეკლამო შემოსავალზე აისახება.
კომპანია ასევე აწყდება მიმდინარე გამოწვევებს, რომლებიც გამოწვეული იყო შარშან Apple-ს კონფიდენციალურობის ცვლილებებით, რაც გამიზნული რეკლამების თვალსაზრისით კომპანიის საქმიანობას ართულებდა. გარდა ამისა, Meta-მ, TikTok-თან კონკურენციის მიზნით, Reels წარადგინა, მაგრამ ჯერჯერობით ეს შეზღუდული წარმატება იყო.
და ბოლოს, პოსტი თვლის, რომ მეტავერსის მიმართულებით კომპანიის მიერ გაწეული მზარდი ხარჯები ცუდად აისახება აქციებზე მანამ, სანამ Meta ინვესტორებს არ დაუმტკიცებს, რომ ეს ფულის ფლანგვა არ არის.
აქციების პოზიციების აღდგენას კი ხელი შეუწყო Altimeter Capital Management-ის თავმჯდომარისა და აღმასრულებელი დირექტორის — ბრედ გერსტნერის ღია წერილმა. მან Meta-ს მენეჯმენტს თანამშრომლების რაოდენობა 20%-ით შემცირებისკენ და მეტავერსის მიმართულებით წელიწადში არაუმეტეს $5 მილიარდის ხარჯვისკენ მოუწოდა. „გაურკვეველ მომავალში მოსალოდნელი $100 მილიარდზე მეტი ინვესტიცია უზარმაზარი და შემზარავია, თუნდაც Silicon Valley-ს სტანდარტებით“ წერს გერსტნერი.
ახლა რა?
შემცირებული შემოსავლების ზრდისა და მძიმე ხარჯების კომბინაცია Meta-ს ინვესტორებისთვის შეშფოთების საგანია. მეორე კვარტალში Meta-მ კომპანიის ისტორიაში შემოსავლების პირველი წლიური კლება დააფიქსირა, ისევე როგორც ყოველთვიური აქტიური მომხმარებლების (MAU) თანმიმდევრული შემცირება, რამაც ზოგიერთი ინვესტორი ზღვრამდე მიიყვანა. Meta-ს მენეჯმენტი მოელის, რომ, მძიმე ეკონომიკური პირობების შედეგად, მესამე კვარტალში კომპანიის შემოსავლების კლება გაგრძელდება.
ეჭვგარეშეა, რომ Meta დიდი გამოწვევების წინაშე დგას. თუმცა არსებობს შანსი, რომ 3.65 მილიარდი ყოველთვიური მომხმარებელი და მილიარდობით დოლარის ოდენობით თავისუფალი ფულადი ნაკადები Meta-ს ამ ეკონომიკური ქარიშხლისგან თავის დაღწევაში დაეხმარება.