რა ტიპის რეცესიაა მოსალოდნელი?
COVID-19-მა და რუსეთ-უკრაინის ომმა გლობალური მიწოდების ჯაჭვების შეფერხება და ენერგორესურსების ფასების ზრდა გამოიწვია. შედეგად, დასავლეთის ქვეყნებში შენელდა ეკონომიკური აქტივობა და გაიზარდა ინფლაცია. შესაბამისად, თუ ეკონომიკები რეცესიაში შევა, ამას ძირითადად მიწოდების შოკები განაპირობებს. ამჟამინდელი კრიზისის ბუნებიდან გამომდინარე, ცენტრალური ბანკები ზრდიან საპროცენტო განაკვეთებს ინფლაციის მოსათოკად, რაც თავისთავად ეკონომიკურ ზრდას ანელებს.
მოსალოდნელია თუ არა დამატებითი დაღმასვლა აქციების ბაზრებზე?
ანალიტიკოსების დიდი ნაწილი თანხმდება, რომ აქციების ფასების შემდგომი ვარდნა ჯერ კიდევ მოსალოდნელია. Bank of America-ს მოდელის თანახმად, ბაზრის ფსკერის წინმსწრები ინდიკატორების მხოლოდ 40%-ია ამ დროისთვის იდენტიფიცირებული. ასევე, მნიშვნელოვნად გაზრდილია გეოპოლიტიკური რისკებიც რუსეთში გამოცხადებული სამხედრო მობილიზაციის ფონზე.
როგორ შეიძლება საინვესტიციო პორტფელში რისკის შემცირება?
რისკის შესამცირებლად, ინვესტორებს შეუძლიათ მიმართონ მრავალ თავდაცვით საინვესტიციო პროდუქტს. ამ ტიპის ინსტრუმენტებია ისეთი ინდივიდუალური აქციები, ეკონომიკის სექტორები და ნედლეული, რომლებიც სტაბილურობას ინარჩუნებს რეცესიულ პერიოდებში.
წყარო: Galt & Taggart