უმრავლესობის აზრით, ეს მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტის – ვლადიმირ პუტინის მორიგი ფანტაზიაა.
ოთხშაბათს, სახელმწიფო საინჟინრო ფირმის Rostec-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ რუსული საავიაციო ინდუსტრია 2030 წლისთვის 1000 თვითმფრინავის დასამზადებლად ადგილობრივ ნაწილებს გამოიყენებს, რაც უცხოური წარმოების Boeing-ისა და Airbus-ის თვითმფრინავებზე მის დამოკიდებულებას დაასრულებს. „წარმატებებს გისურვებთ ამაში“– აცხადებენ ექსპერტები.
ფრენისთვის მოუმზადებელი
რუსეთის განცხადება სამსახურიდან დათხოვილი გაბრაზებული ადამიანის სიტყვებს მოგვაგონებს: „თქვენ არ მათავისუფლებთ, სამსახურიდან თავად მივდივარ”. Airbus-მა და Boeing-მა, მსოფლიო კომერციულ ავიაციაში ორმა უმსხვილესმა მწარმოებელმა, უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, რუსული ავიახაზებისთვის თვითმფრინავების ნაწილებისა და სერვისების მიწოდება უკვე შეწყვიტა. მას შემდეგ საქმეები იმდენად ცუდად წარიმართა, რომ Rosaviatsia-მ, რუსეთის სახელმწიფო საავიაციო ორგანომ, რუსულ კომპანიებს თვითმფრინავების ნაწილების დამზადების უფლება მისცა. ზოგიერთმა ავიაკომპანიამ, მათ შორის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადმა Aeroflot-მა, სათადარიგო ნაწილებისთვის ძველი ან ექსპლუატაციიდან გასული თვითმფრინავები გამოიყენა.
არცერთი ფაქტორი არ იწვევს ნდობას, რომ უახლოეს მომავალში რუსეთს სრულფასოვანი შიდა საავიაციო მიწოდების ჯაჭვი ექნება:
- უცხოური თვითმფრინავები, (მათ შორის უმეტესობა Airbus და Boeing-ია), რუსეთში მგზავრთა ტრაფიკის 95%-ს შეადგენს. AeroDynamic Advisory-ის მმართველმა დირექტორმა და ანალიტიკოსმა – რიჩარდ აბულაფიამ Reuters-ს განუცხადა, რომ ისტორიის მანძილზე რუსეთმა და საბჭოთა კავშირმა მხოლოდ 2000 დიდი კომერციული თვითმფრინავი აწარმოა, ხოლო გასულ წელს Boeing-მა და Airbus-მა კი ერთად 951 თვითმფრინავი შექმნეს.
- „მაშინაც კი, როდესაც ქვეყანა დასავლეთიდან ნახევარგამტარებსა და სხვა აუცილებელ კომპონენტებს იღებდა, მისთვის რამდენიმე თვითმფრინავის წარმოებაც ძალიან რთული იყო“, – თქვა აბულაფიამ და დასძინა, რომ რუსეთის მიზანი, 2030 წლისთვის 1000 თვითმფრინავი აწარმოოს „საერთო ჯამში მიუღწეველია.“
სიმაღლის დაკარგვა
მიუხედავად ამისა, რუსეთის გადაწყვეტილება, იმოქმედოს მარტომ, გავლენას ქვეყნის საზღვრებს მიღმა იქონიებს. ამ წლის დასაწყისში, საავიაციო ანალიტიკოსმა – დიერინ ბეჩაიმ დაადგინა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთის ექსპოზიცია Airbus-ისა და Boeing-ის 50 თვითმფრინავს შეადგენდა, მთლიანობაში $3.5 მილიარდის ოდენობით ღირებულებით. ივლისში Boeing-მა საავიაციო ინდუსტრიაში მომდევნო 20 წლის განმავლობაში მოთხოვნის პროგნოზი, 43,610-დან 41,170-მდე შეამცირა, რაშიც გათვალისწინებულია 1,540-ით ნაკლები გაყიდვა, რომელიც რუსეთსა და ცენტრალურ აზიაში იყო მოსალოდნელი. და მაინც, რთულია არ დავასკვნათ, რომ პუტინმა საკუთარი ფრთები თავად მოიჭრა.