გასულ წელს საფონდო ბირჟაზე ბევრი რამ შეიცვალა. მზარდი პოტენციალის აქციების ფასები მკვეთრად შემცირდა. Nasdaq-მა 15%-ით დაიკლო. უფრო სტაბილური S&P 500 კი 6%-ით დაეცა. ინფლაცია და შესაძლო რეცესია ინვესტორებს აშფოთებს.
თუმცა, მიუხედავად ამ შიშისა, ბევრი ინვესტორი კვლავ უშვებს პოტენციურად ძვირადღირებულ შეცდომებს მიმდინარე ტენდენციებზე ფოკუსირებით და იმ აქციებზე ორიენტირებით, რომლებიც მომგებიანი არ არის.
ინვესტორები საკუთარ თავზე ზედმეტ რისკს იღებენ
მილიარდერმა ინვესტორებმა – უორენ ბაფეტმა და ჩარლი მენგერმა ბაზრები აზარტული თამაშების სალონს შეადარეს. ამან შეიძლება ახსნას ისეთი საცალო მოვაჭრის მდგომარეობა, როგორიც არის Bed Bath & Beyond, რომელმაც ბოლო 12 თვის განმავლობაში $866 მილიონზე მეტის მოცულობის ზარალი განიცადა, გასულ კვირას ერთ სავაჭრო სესიაში კი მისი აქციების ფასი 45%-ზე მეტით გაიზარდა.
ამ აზარტული ხასიათის კიდევ ერთი მაგალითია ისეთ კომპანიებში ინვესტირება, რომელთა აქციების ფასები ძალიან სწრაფად იზრდება და ასევე სწრაფად შემცირების პოტენციალიც არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ინვესტორმა შეიძლება ამ მოკლევადიან ვაჭრობაში სწრაფი მოგება მიიღოს, არასწორ დროს ყიდვამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვიოს. ასევე არსებობს ამ ტიპის აქციებზე ზედმეტად დიდხანს ჩაბღაუჭების საშიშროება.
შეიძლება მდგომარეობა მალე შეიცვალოს
თუ აქციებს მოკლევადიან ტენდენციებზე დაყრდნობით ყიდულობთ, რისკი არის ის, რომ როდესაც ბუმი ჩაწყნარდება, შეიძლება აღმოგაჩნდეთ ისეთი ინვესტიციები, რომლებიც არ არის ისეთი საინტერესო, როგორც ადრე.
კოვიდ-19 ვაქცინის მწარმოებელი Moderna კარგი მაგალითია. გასულ წელს მისი აქციების ფასი 143%-ით გაიზარდა, რადგან კოვიდის შემთხვევების მზარდმა რიცხვმა ჯანდაცვის კომპანიას დიდი სარგებელი მოუტანა. წელს კომპანია ვაქცინიდან $21 მილიარდის მოცულობის შემოსავალს ელოდება.
თუმცა, ბიზნესის ირგვლივ დიდი კითხვის ნიშნები არსებობს. Moderna-ს ფოკუსირებამ კოვიდზე დივერსიფიკაციის ნაკლებობა გამოიწვია. წლის დასაწყისიდან დღემდე აქციების ფასი 40%-ით არის შემცირებული.
კონკურენტ Novavax-ის აქციების ფასიც 2020 წელს 2700%-ით გაიზარდა. მაგრამ იმის გამო, რომ მისმა კოვიდ ვაქცინამ გასულ თვემდე გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია ვერ მიიღო და კომპანიამ 2022 წლისთვის გაყიდვების პროგნოზი გაანახევრა. მისი აქციების ფასი 75%-ით შემცირდა.
ინვესტორებმა ბიზნესის საფუძვლები უნდა გამოიკვლიონ
ჯანდაცვის უფრო სტაბილური აქციები, როგორიც არის Merck და AbbVie აღმოჩნდა კარგი ინვესტიციები და წელს ბაზრებს აჯობა. მათმა ანაზღაურებამ, შესაბამისად, 19% და 4% შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში ისინი მაღალ ანაზღაურებას არ გამოიმუშავებს, ისინი საფრთხეს არ შეუქმნის თქვენს დანაზოგს და თქვენს პორტფელს დიდი რისკის ქვეშ არ დააყენებს.