ახლა საინტერესო დროა იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც ყიდვის შესაძლებლობებს ეძებენ, მაგრამ ამ სტრატეგიის არასწორად გამოყენებამ, შესაძლოა, თქვენს საინვესტიციო პორტფელს ზიანი მიაყენოს. Apple კვლავ ძალიან პოპულარულია, მაგრამ თქვენ შეიძლება მიიღოთ უკეთესი შედეგი ETF-ისგან, რომელიც მიჰყვება Nasdaq-ს. ასეთია, Invesco QQQ Trust. როგორც ყოველთვის, ყველაზე შესაფერისი ვარიანტი პიროვნულ ფაქტორებზეა დამოკიდებული, ამიტომ, არჩევანის გაკეთებამდე, თითოეული საინვესტიციო შესაძლებლობა დეტალურად განიხილეთ.
Apple
საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით, Apple მსოფლიოში უმსხვილესი საჯარო ვაჭრობის კომპანიაა. ბოლო 20 წლის განმავლობაში მან შემოსავლების სტაბილური ზრდა უზრუნველყო. რეცესიებისა და კონკურენტული პირობების გამო კომპანიას გზად მრავალი წინაღობა შეხვდა, მაგრამ, პოპულარული სამომხმარებლო მოწყობილობებისა და მასთან დაკავშირებული პროგრამული უზრუნველყოფის სერიების წყალობით, საერთო ტენდენციას მკვეთრად აღმავალი სახე ჰქონდა.
Apple ვეღარ აღწევს იმავე ზრდის ტემპებს, რომელიც მან მცირე მასშტაბებით აჩვენა, მაგრამ მისი უახლესი შედეგები მაინც შთამბეჭდავი იყო. 2022 წლის პირველ კვარტალში კომპანიამ გაყიდვების 9%-იანი ზრდა დააფიქსირა და $28 მილიარდის მოცულობის საოპერაციო ფულადი ნაკადები გამოიმუშავა. ეს მართლაც შთამბეჭდავია გლობალური ბიზნესისთვის, რომელსაც ძლიერი კონკურენტები ჰყავს. დაახლოებით $25 მილიონის ტოლი წლიური R&D (კვლევა და განვითარება) ბიუჯეტით, Apple აშკარად მოწოდებულია შეინარჩუნოს თავისი ადგილი, როგორც გლობალურმა სამომხმარებლო ტექნოლოგიების ლიდერმა.
Apple შეიძლება მიმზიდველი იყოს ინვესტორებისთვის, რომლებსაც სურთ ვირტუალური (VR) და გაძლიერებული რეალობის (AR) ზრდა გამოიყენონ. ამჟამად კომპანიას ბაზარზე ამ მიმართულებით მოწყობილობა არ აქვს, მაგრამ არის ჭორები, რომ Apple VR სათვალეს არც თუ ისე შორეულ მომავალში გამოუშვებს. კომპანიის პოტენციურ შესვლას VR-ის სამყაროში ხელს შეუწყობს მისი სიძლიერე კონტენტის, სამომხმარებლო პროგრამული უზრუნველყოფისა და მობილური მოწყობილობების ბაზარზე.
Apple-ის ფორვარდული P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი 24-ს შეადგენს, რაც ზრდის მიმდინარე ტემპისთვის საკმაოდ გონივრულია. ეს არ არის მსოფლიოში ყველაზე იაფი აქცია, მაგრამ ინვესტორებისთვის, რომლებსაც კომპანია მოსწონთ, გრძელვადიანი მოგებისთვის ეს შეფასება კომფორტული უნდა იყოს.
ინდექსის ფლობის შემთხვევა
ინდექსში ინვესტირება ნიშნავს, რომ დამარცხებულები გამარჯვებულებს საშუალო მაჩვენებლისკენ „ექაჩებიან.“ მეორეს მხრივ, მრავალფეროვანი პაკეტის ფლობას შემდეგი უპირატესობა გააჩნია: როდესაც ერთი აქცია მოლოდინს ვერ გაამართლებს, ეს თქვენთვის კატასტროფის ტოლფასი არ იქნება. ამის უამრავი ისტორიული მაგალითი არსებობს. იმის გამო, რომ ბაზარს ისტორიულად მყარი გრძელვადიანი ანაზღაურება ახასიათებს, ინვესტორების უმეტესობა, რისკების შესამცირებლად საინდექსო ფონდებში ინვესტირებას ამჯობინებს.
ზემოთ აღწერილი ყველა მიზეზის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უახლოეს მომავალში Apple-ს რაიმე განსაკუთრებული პრობლემები შეექმნება. თუმცა, მისი ფინანსური შედეგების გაუარესება სრულიად წარმოუდგენელი არ არის. iPhone-ზე კომპანიის გაყიდვების ნახევარზე მეტი მოდის, რაც რისკს იწვევს. დივერსიფიკაციის ნაკლებობა ყოველთვის პრობლემაა.
მაშინაც კი, თუ Apple ბაზრის წილს შეინარჩუნებს, შესაძლოა, ზრდამ სტაგნაცია განიცადოს. ზოგიერთი ინვესტორი სმარტფონების გაჯერების დონით არის შეშფოთებული. მსოფლიოში ადამიანების 83%-ზე მეტს აქვს სმარტფონი, ამიტომ ბევრი ასათვისებელი სივრცე აღარ დარჩა. რა თქმა უნდა, Apple მოწოდებულია, რომ ახალი პროდუქტებისა და პროგრამული უზრუნველყოფის ბაზრებზე დამკვიდრდეს, ამიტომ მისი ბედი iPhone-თან ასეთი გადაჯაჭვული აღარ იქნება.
საბოლოო ჯამში, საუკეთესო არგუმენტი ინდექსის სასარგებლოდ ამახვილებს ყურადღებას მათ მსგავსებაზე და არა განსხვავებაზე. Apple Nasdaq-თან დიდ კორელაციაშია. სინამდვილეში, Apple შეადგენს Invesco QQQ Trust-ის დაახლოებით 13%-ს. Apple-ის ბევრი ტექნოლოგიური კოლეგა მის ძირითად ზრდის კატალიზატორებს იზიარებს, ასე რომ, უმეტეს შემთხვევაში, Nasdaq-ის წარმადობა Apple-ის მსგავსი იქნება.
როგორც Apple, ასევე მთელი Nasdaq, ალბათ, დღეს ინვესტორებისთვის მიმზიდველია. ინდექსის ფლობით თქვენ შეგიძლიათ Apple-ის უპირატესობების უმეტესი ნაწილით ისარგებლოთ და, იმავდროულად, რისკი მნიშვნელოვნად შეამციროთ. გარდა ამისა, ინდექსში რამდენიმე საინტერესო წარმატებულ ტექნოლოგიურ ლიდერს შეხვდებით. საფონდო ბირჟაზე არსებული დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, ალბათ, უფრო გონივრული ამ სტაბილურობაზე ორიენტირება იქნება.