Microsoft-ის ბიზნესი იზრდება, კომპანია კვლავ გამოიმუშავებს შთამბეჭდავ მოგებას და ფულად ნაკადებს. თუმცა, გაფართოების ტემპი ნელდება ისეთ სფეროებში, როგორიც არის ციფრული რეკლამირება და უფრო ფართო კომპიუტერების ბაზარი. Microsoft კი, ინფლაციისა და ვალუტის კურსის რყევების გამო, ახალი მოგების ზეწოლის წინაშე დგას. ეს იყო კომპანიის მიერ ივლისის ბოლოს გამოქვეყნებული კვარტალური ანგარიშის მთავარი საკითხები.
- დიდი სურათი
მაიკროსოფტის შემოსავლის 12%-იანი ზრდა ფისკალური მეოთხედისთვის უკეთესად გამოიყურება, როდესაც გავითვალისწინებთ ვალუტის გაცვლითი კურსის უზარმაზარ რყევებს, რომელსაც ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჰქონდა ადგილი. მუდმივი ვალუტის საფუძველზე ფისკალურ მეოთხე კვარტალში შემოსავალი 16%-ით გაიზარდა. წინა კვარტალში ამ მაჩვენებელმა 21% შეადგინა.
Microsoft-ის ქლაუდ სეგმენტი 25%-იანი ტემპით გაიზარდა, ხოლო კომპიუტერული მიმართულება 5%-იანი ტემპით გაფართოვდა. აღმასრულებლებმა განაცხადეს, რომ, პანდემიასთან დაკავშირებული სოციალური დისტანციისა და დისტანციური მუშაობის ტენდენციების გამო, კომპიუტერულ პროდუქტებზე მოთხოვნა გაუარესდა. არა-ქლაუდ სეგმენტები, ციფრული რეკლამირების მიმართულებით სუსტი დანახარჯების გამო, ასევე დაზარალდა.
- უარყოფითი ფაქტორები
Microsoft-ის განახლებული პერსპექტივის ნაწილი წარმოადგენს იმ პროგნოზების შემცირებას, რომლებიც აღმასრულებელმა ხელმძღვანელებმა ჯერ კიდევ აპრილში წარადგინეს. თუმცა, ეს მოკრძალებული შემცირება, ძირითადად, გარე და/ან დროებითი გამოწვევებით არის განპირობებული.
მაგალითად, აშშ დოლარის გამყარებამ ამ კვარტალში კომპანიას $600 მილიონი – თითო აქციაზე $0.04 ოდენობის მოგება დააკარგვინა. გარდა ამისა, მაიკროსოფტი რუსეთში ოპერაციების შეჩერებამაც დააზარალა.
თუმცა, მოთხოვნასთან დაკავშირებით ერთი მნიშვნელოვანი უარყოფითი სიურპრიზიც იყო. Microsoft-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ კომპიუტერების ტექნიკის ბაზარზე მღელვარებამ სეგმენტის გაყიდვები $300 მილიონზე მეტით შეამცირა. როგორც მოსალოდნელი იყო, ვიდეო თამაშების განყოფილება, გასული წლის მზარდ შედეგებთან შედარებით, ასევე ზეწოლის ქვეშ იყო.
- დადებითი ფაქტორები
Microsoft-ის ბიზნესი, პორტფელის რამდენიმე ნაწილში სისუსტეების მიუხედავად, შთამბეჭდავად გამოიყურება. საოპერაციო მარჟა გაყიდვების თითქმის რეკორდულ – 20%-იან დონეს სტაბილურად ინარჩუნებს.
მზარდი ფულადი ნაკადები კომპანიას საშუალებას აძლევს, რომ აგრესიული ინვესტიციები განახორციელოს ბიზნესის ყველაზე მიმზიდველ ნაწილებში, როგორიც არის ქლაუდ სერვისები და, იმავდროულად განაგრძოს ფულადი სახსრების გამომუშავება. მაიკროსოფტმა მეოთხე კვარტალში აქციონერებს მთლიანობაში $12.4 მილიარდის მოცულობის ანაზღაურება მოუტანა, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია.
მიუხედავად ამისა, 2022 წელს აქციების ფასის კლება გვიჩვენებს, რომ ინვესტორები ძირითადად კონცენტრირებულნი არიან Microsoft-ის ბიზნესის იმ სუსტ ასპექტებზე, რომელთა დაკავშირებითაც მოლოდინი იყო, რომ პანდემიის ადრეულ ფაზებში დაფიქსირებული შთამბეჭდავი ზრდის ტენდენციები გაგრძელდებოდა.
მიუხედავად ამისა, ქლაუდ სერვისები არის მაიკროსოფტის გაყიდვებისა და მოგების მთავარი ძრავა. როგორც ჩანს, ამ განყოფილებას მრავალი წლის განმავლობაში წინ ნათელი მომავალი ელის. ამიტომ, ინვესტორები უნდა ეცადონ, თავიდან აიცილონ ყურადღების მოკლევადიან ზრდის შენელებაზე გაფანტვა და ფოკუსირდნენ კომპანიის მიერ საბაზრო წილის ზრდასა და შთამბეჭდავ ფინანსურ მაჩვენებლებზე. ეს ფაქტორები განსაზღვრავს უზრუნველყოფს თუ არა კომპანია მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში აქციონერების ანაზღაურებას.