როდესაც S&P 500, გასული წლის მაჩვენებლებთან შედარებით, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში 21%-ით დაეცა, ბაზარი ოფიციალურად bear market-ის ტერიტორიაზე მოექცა.
ასეთმა ვარდნამ, შესაძლოა, ყველაზე გამოცდილი ინვესტორებიც კი ააღელვოს. არავის სურს თავისი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირების ხილვა. ამ განცდას ემატება აშშ-ში ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე, რომელიც ხალხის დანაზოგების ღირებულებას ამცირებს და ცხოვრებისთვის აუცილებელ ხარჯებს ზრდის.
მიუხედავად იმ უსიამოვნებისა, რომელიც შეიძლება ბაზრის ვარდნამ ახალგაზრდა ინვესტორებში გამოიწვიოს და Gen Z (Generation Z – თაობა, რომელიც 1997-2012 წლების შუალედში დაიბადა)ბაზრის ვარდნის გამოსაყენებლად მართლაც უნიკალურ მდგომარეობაშია. ნებისმიერი Zoomer-ისთვის (Gen Z-ის წარმომადგენლები) რომელსაც დამატებითი ნაღდი ფული გააჩნია, სიმდიდრის გასაზრდელად და საკუთარი თავის გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველსაყოფად ბაზარი შესანიშნავი გზაა.
აი, რა უპირატესობები აქვს Gen Z-ს ამ Bear Market-ზე
ბაზარს აღსადგენად დრო სჭირდება
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი Zoomer საფონდო ბირჟაზე ინვესტირებას ახლა იწყებს, სხვა ინვესტორებს ბაზრის აღდგენის მოლოდინისთვის ნაკლები დრო აქვთ. Gen Z-ს ბევრი დრო აქვს საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისთვის და შეუძლია დაელოდოს შემოსავალს, რომელიც წინა წლების საბაზრო მაჩვენებლებს შეესაბამება.
საბედნიეროდ, bear market-ის შემდეგ მომავალ bull market-ზე ბაზარი ხშირად საკმაოდ სწრაფად აღდგება, საშუალოდ, პირველ წელს 38%-იანი ანაზღაურებით. სანამ bear market გრძელდება ახალ ინვესტორებს შეუძლიათ აქციები მნიშვნელოვანი ფასდაკლებით შეიძინონ.
საფონდო ბირჟა ატრაქციონს ჰგავს, აღმასვლა და დაღმასვლა ჩვეულებრივი მოვლენაა. ატრაქციონებისგან განსხვავებით, საფონდო ბირჟის ისტორიული საშუალო მაჩვენებელი მზარდია. Bear market-ზე მოთმინების გამოჩენა საკვანძოა, ეს კი საშუალოდ ერთი წლის განმავლობაში უნდა გაგრძელდეს.
რთული პროცენტი Gen Z-ის საუკეთესო მეგობარია
როგორც ალბერტ აინშტაინმა თქვა: „რთული პროცენტი მსოფლიოს მერვე საოცრებაა. ვისაც ეს ესმის, ის ფულს გამოიმუშავებს, ვისაც არა, ის – იხდის.“ რთული პროცენტი მუშაობს მაშინ, როდესაც თქვენ მიერ ინვესტიციიდან მიღებული შემოსავალი რეინვესტირდება და მუდმივად კიდევ უფრო მეტი შემოსავალს გამოიმუშავებს – რაც ინვესტირებულ ფულს უფრო სწრაფად ზრდის.
მაგალითად, თუ დღეს სწორად დააბანდებთ $1,000-ს და ამ ინვესტიციას 50 წლის განმავლობაში, პენსიაზე გასვლამდე არ შეეხებით, თანხა თქვენს ანგარიშზე, შესაძლოა, 100-ჯერ გაიზარდოს. 50 წლის შემდეგ თქვენ მიიღებთ $100,000-ს მხოლოდ საწყისი ინვესტიციიდან თუ ვივარაუდებთ, რომ საშუალო წლიური ანაზღაურება 10% იქნება, რაც ბოლო 50 წლის განმავლობაში S&P 500-ის საშუალო წლიურ შემოსავლიანობას უტოლდება.
მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟა მუდმივად 10%-იან ანაზღაურებას არ მოგიტანთ (ზოგიერთ წლებში ეს მაჩვენებელი ბევრად მეტი იქნება, ხანდახან კი – ბევრად ნაკლები), ეს ზრდა არის ის, რისი იმედიც შეიძლება გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებულ ინვესტორებს ჰქონდეთ.
Gen Z-ს ახალი ხრიკების სწავლა შეუძლია
გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხელშესახები სარგებლისა, ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი, რაც Gen Z-ის განკარგულებაშია, ეს არის სწავლის უნარი.
საინვესტიციო მოგზაურობის დასაწყისში მტკივნეული დანაკარგების წარმატებით გადატანა ერთ-ერთი საუკეთესოდ შესწავლილი ქცევაა ინვესტორებისთვის, რომლებიც გრძელვადიან მოგებაზე არიან ორიენტირებულნი. ეს შეიძლება წარმატებული ინვესტირების დასაწყისი იყოს. ინტერნეტის წყალობით კი ინვესტირების სწავლა ასეთი ადვილი არასოდეს ყოფილა.
მიუხედავად იმისა, რომ საფონდო ბირჟის რყევები, შესაძლოა, შემაშფოთებელი იყოს, ვარდნის დროს ბაზარზე შესვლა და გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირება ძალიან წარმატებული საინვესტიციო მოდელია.