გასულ კვირას აქციების ფასი გაიზარდა. Dow Jones Industrial Average-მა და S&P 500-მა 2%-ით მოიმატა და წლის მინიმუმებს კიდევ უფრო დაშორდა. S&P 500 bear market-ის ტერიტორიაზე აღარ არის, 2022 წლისთვის ის 17%-ით არის შემცირებული, ხოლო Dow – 12%-ით.
ამ ზრდას მხარი დაუჭირა კვარტალური ანგარიშების პოზიტიურმა შედეგებმა და მომდევნო რამდენიმე სავაჭრო დღის განმავლობაში სეზონი კიდევ უფრო ცხელ ფაზაში შედის. McDonald’s, Procter & Gamble და Microsoft არის კომპანიები, რომელთა ანგარიშებსაც ინვესტორები დიდი ინტერესით მოელიან.
McDonald’s
ინვესტორების უმეტესობა მოელის, რომ ხვალ McDonald’s გაყიდვების მიმართულებით მცირე შემცირებას დააფიქსირებს. თუმცა ეს ვარდნა ზრდის სრულ სურათს არ იძლევა, რადგან მასზე გავლენას იქონიებს ვალუტის კურსის რყევები და რუსეთში ლოკაციების დახურვა.
ამის ნაცვლად, ყურადღება მიაქციეთ შესადარებელ მაღაზიებში გაყიდვების ტენდენციებს, რომლებიც ბოლო დროს დადებითი იყო. ეს მაჩვენებელი პირველ კვარტალში 12%-ით გაიზარდა და მარტივად დაამარცხა კონკურენტები Starbucks-ის ჩათვლით. ხალხს მოსწონს მისი სწრაფი თან წაღებისა და მიტანის სერვისები, ასევე, მენიუ, რომელიც კლასიკური ძირითადი და შეზღუდული დროით გამოშვებული პროდუქტების ნაზავს გვთავაზობს.
ინვესტორები იმედოვნებენ, რომ ბაზრის წილის მუდმივი მატების მტკიცებულებას იხილავენ, რაც მაკდონალდსის გეოგრაფიის უმეტეს ნაწილში მომხმარებელთა პოზიტიურ ტრაფიკში გამოვლინდება. მაგრამ აქციების მოწონების უფრო უკეთესი მიზეზი ბაზარზე წამყვანი მომგებიანობაა, რომლითაც სარესტორნო ქსელი სარგებლობს. დააკვირდით, რომ საოპერაციო მოგების მარჟამ ამ კვირაში კვლავ გაყიდვების 40%-ს გადააჭარბოს, რაც ორზე მეტჯერ ჯობნის Starbucks-ისა და Domino’s ანალოგიურ მეტრიკას.
Procter & Gamble
აღმავალ თეზისს, რომელიც 2022 წელს Procter & Gamble-ის აქციებს მხარს უჭერს, კიდევ ერთი გამოცდა ხუთშაბათს [28 ივლისი] ჩაუტარდება. სამომხმარებლო პროდუქტების გიგანტი გამოაცხადებს თავისი ფისკალური კვარტლის შედეგებს, რომელიც ივნისამდე პერიოდს მოიცავს.
P&G-მა წინა კვარტალში გაყიდვების პერსპექტივა გაზარდა, შეუერთდა კონკურენტ Kimberly-Clark-ს პოზიტიური მოთხოვნის გარემოს აღწერაში ისეთ ბრენდირებულ ნივთებზე, როგორიც არის სამრეცხაო საშუალებები, ქაღალდის პირსახოცები და სახლის საწმენდი საშუალებები. ინვესტორებს აქვთ შანსი, რომ ამ კვირაში ორივე კომპანიის ორგანული გაყიდვების შედეგები შეადარონ. გასულ კვარტალში ორივე გიგანტის ზრდამ 10% შეადგინა.
P&G-ის მოგება ასე სწრაფად არ იზრდება და მომავალი ფისკალური წლისთვის ეს პოტენციური გამაფრთხილებელი ნიშანია. კომპანიას მოუწევს დაამტკიცოს, რომ მას ფასების გაზრდა გაყიდვების მოცულობის შემცირების გარეშე შეუძლია. შესაძლოა, 2023 წლისთვის უოლ სტრიტმა პოზიტიური ფისკალური პერსპექტივა მოითხოვოს მაშინ, როდესაც P&G ხუთშაბათს თავის პირველ ოფიციალურ პროგნოზს გამოაცხადებს.
Microsoft
Microsoft ფისკალური კვარტლის შედეგებს ხვალ გამოავლენს და ამ ანგარიშთან დაკავშირებით შეშფოთების მრავალი მიზეზი არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ქლაუდ სერვისების ბიზნესი, სავარაუდოდ, ბოლო თვეებში მყარად იდგა, სხვა მიმართულებები უფრო მეტი ზეწოლის ქვეშ იყო. ყურადღება მიაქციეთ კომპიუტერების სეგმენტში მოთხოვნის შესუსტებას, მაგალითად, როდესაც მომხმარებლები ოფისში მუშაობას უბრუნდებიან. შესაძლოა, Microsoft-მა თამაშების განყოფილებაშიც დაბალი გაყიდვები დააფიქსიროს.
თუმცა, კომპანიის ფართო პერსპექტივა ნათელია. Microsoft ზრდის რამდენიმე დიდ ტენდენციას ექვემდებარება, მათ შორის ციფრულ და ჰიბრიდულ სამუშაო გარემოზე გადასვლას. Activision Blizzard-ის მომლოდინე შესყიდვა კომპანიას დაამკვიდრებს მეტავერსის სფეროში, რომელიც საბოლოოდ თამაშების სამყაროს სცდება.
თვალყური ადევნეთ აღმასრულებლების მიერ ამ ზრდის მიმართულებებზე ხაზგასმას, მაშინაც კი, როდესაც ისინი ზრდის მოკლევადიანი პერსპექტივის შესახებ სიფრთხილეს გამოიჩენენ.