შესაძლოა, ახალბედა ინვესტორებისთვის, პასიური შემოსავლების ნაკადების შესაქმნელად, აქციების იდენტიფიცირება რთულ საქმედ ჟღერდეს. დღეს კი განვიხილავთ, თუ რატომ არის ამ სტატიაში მოცემული 5 აქცია შესაფერისი, თქვენი დივიდენდური აქციების კალათის მყარი საფუძვლის შესაქმნელად.
- 3M
გამოუცდელი ინვესტორებისთვის გონივრული არჩევანია 3M – კომპანია, რომელიც დივიდენდ მეფეების ელიტარულ ჯგუფში ერთიანდება. უკვე ზედიზედ 64 წელია, რაც ეს კომპანია დივიდენდებს ყოველწლიურად ზრდის და ახლა მისი ფორვარდული შემოსავალი 4.6%-ს შეადგენს. მიუხედავად იმისა, რომ წარსული გამოცდილება მომავლის გარანტია არასოდეს არის, ასეთი თანმიმდევრულობა ქმნის გარკვეულ ნდობას, რომ მენეჯმენტი რთულ მაკრო გარემოში ნავიგაციას შეძლებს.
გარდა კომპანიის პოზიციისა, როგორც სხვადასხვა ინდუსტრიისთვის პროდუქტებისა და გადაწყვეტების წამყვანი მიმწოდებლისა, კომპანიის ფინანსური მონაცემები ასახავს, თუ რატომ არის ეს კარგი არჩევანი. გასული 10 წლის განმავლობაში 3M-ის დივიდენდების გადახდის კოეფიციენტმა (გვიჩვენებს, თუ გადასახადების გადახდის შემდეგ კომპანიის მოგების რა ნაწილს იღებენ აქციონერები დივიდენდების სახით) 54% შეადგინა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მენეჯმენტს არ სურს აქციონერები კომპანიის ფინანსური ჯანმრთელობის ხარჯზე გაახაროს.
- Brookfield Renewable Corporation
მზისა და ქარის განახლებადი ენერგიის გამოყენება მომავალში აუცილებლად გაგრძელდება და გაიზრდება. ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის თანახმად, მაგალითად, 2020 წლიდან 2026 წლამდე გლობალური განახლებადი ენერგიის სიმძლავრე 60%-ით გაიზრდება. აქედან გამომდინარე, Brookfield Renewable, დივიდენდური აქციების კალათაში დასამატებლად, შესანიშნავი არჩევანია.
განახლებადი ენერგიის აქტივების გლობალური პორტფელის ოპერირებისას, Brookfield Renewable მომხმარებლებთან მისი აქტივებიდან ენერგიის შესაძენად, მრავალწლიან ხელშეკრულებებს უზრუნველყოფს, რაც ფულადი სახსრების გრძელვადიან ნაკადებს იწვევს. კომპანიის პორტფელი ამჟამად 21 გიგავატ (GW) საოპერაციო სიმძლავრეს მოიცავს, მაშინ, როდესაც მას 69 გიგავატის მოცულობის პროექტი გააჩნია. ეს გარკვეულ სიცხადეს უქმნის ინვესტორებს, რომლებსაც აინტერესებთ, როგორ შეძლებს კომპანია დივიდენდების გაზრდას. ამჟამად Brookfield Renewable-ის ფორვარდული შემოსავალი 3.5%-ს შეადგენს. გარდა ამისა, კომპანიის საინვესტიციო კლასის ბალანსი (საკრედიტო რეიტინგთა ჯგუფი, რომელიც დეფოლტის დაბალ რისკს გულისხმობს) გვიჩვენებს, რომ მას მყარი ფინანსური მდგომარეობა გააჩნია, რაც დამატებით გარანტიას იძლევა, რომ Brookfield Renewable დივიდენდების გადახდის გასაგრძელებლად სათანადოდ არის პოზიციონირებული.
- Essential Utilities
Brookfield Renewable-ის მსგავსად, Essential Utilities არის კიდევ ერთი კომუნალური კომპანია, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. 5 მილიონზე მეტი მომხმარებლისთვის წყლის, ჩამდინარე წყლებისა და ბუნებრივი აირის უზრუნველყოფით, Essential Utilities ძირითადად რეგლამენტირებულ ბაზრებზე მუშაობს, ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას ფასების თვითნებურად გაზრდა არ შეუძლია, მას მომავალი ფულადი ნაკადების მიმართ კარგი პროგნოზები გააჩნია. ეს კი მენეჯმენტს საშუალებას აძლევს, რომ დაგეგმოს კაპიტალური ხარჯები, მათ შორის ინფრასტრუქტურის განახლება და დივიდენდების გადახდები. გარდა ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ კომპანია, თავისი შემოსავლის უმეტეს ნაწილში (მაგალითად 2021 წელს – 98%) რეგულირებულ ბაზრებს ეყრდნობა, ინვესტორებს არ აქვთ შფოთვის მიზეზი, რომ ეკონომიკური ვარდნა კომპანიის ფინანსურ მდგომარეობას ისევე მკვეთრად შეუქმნის საფრთხეს, როგორც სხვა ინდუსტრიებს.
Essential Utilities ამჟამად ინვესტორებს 2.6%-ის ტოლ ფორვარდულ შემოსავალს სთავაზობს. მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოსავალი გასაოცარი არ არის, მნიშვნელოვანია დივიდენდებზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა გააცნობიერონ, რომ შემოსავლიან აქციებში ინვესტირება უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ მაღალშემოსავლიან დივიდენდურ აქციებზე ფოკუსირება. კარგად დივერსიფიცირებული საინვესტიციო პორტფელის შემუშავება რისკის შემცირების მთავარი გზაა. მიუხედავად იმისა, რომ აქციების უფრო აგრესიული არჩევანისთვის ადგილის გამოყოფა გონივრული იქნება, პორტფელის კომუნალური კომპანიის აქციებით გაძლიერება, ასევე ღირებული სტრატეგიაა.
- Phillips 66
გარდა განახლებადი ენერგიის აქციებისა, Phillips 66 ასევე იმსახურებს ახალბედა, დივიდენდებზე ორიენტირებული ინვესტორების ყურადღებას. სინამდვილეში, Phillips 66 გამოცდილი ინვესტორებისთვისაც ღირებული ვარიანტია. 150 წლიანი ისტორიით, Phillips 66 კარგად დივერსიფიცირებული ენერგეტიკული კომპანიაა. შეერთებულ შტატებსა და ევროპაში მდებარე Phillips 66-ს აქვს 12 გადამამუშავებელი ქარხანა, რომელთა ყოველდღიური გადამუშავების სიმძლავრე 2.2 მილიონი ბარელი ნედლი ნავთობია. გარდა ამისა, კომპანია, 7,000-ზე მეტ დამოუკიდებელ მფლობელობაში არსებულ ლოკაციას, ბენზინით, დიზელითა და საავიაციო საწვავით უზრუნველყოფს.
დღეს ინვესტორებს, რომლებიც Phillips 66-ის აქციებს აირჩევენ, შეუძლიათ თავიანთი პასიური შემოსავლის ნაკადები 4.3%-იანი შემოსავლით გააძლიერონ. ენერგიის მაღალი ფასები Phillips 66-სთვის მომგებიანია, მაგრამ მაშინაც კი, როდესაც ფასები ეცემა, კომპანიას უნდა გააჩნდეს ძალა, რომ ძლიერი ფინანსური მდგომარეობას შეინარჩუნოს. განვიხილოთ მისი ეფექტურობა ბოლო 10 წლის განმავლობაში – ენერგიის როგორც მაღალი, ასევე დაბალი ფასების პერიოდში მისი ყოველწლიური დივიდენდური ანაზღაურება ერთ აქციაზე $2.49-ს შეადგენდა. ამავე პერიოდში, კომპანიამ ერთ აქციაზე $3.23-ის ოდენობით საშუალო წლიური თავისუფალი ფულადი ნაკადი გამოიმუშავა.
- Realty Income
Realty Income ერთ-ერთი გამორჩეული კომპანიაა, რომელიც ზედიზედ 27 წელია, რაც დივიდენდურ ანაზღაურებას ზრდის და დივიდენდ არისტოკრატების ჯგუფს მიეკუთვნება. მისი მრავალი კოლეგისგან განსხვავებით, Realty Income დივიდენდებს ყოველთვიურად გასცემს. 1994 წელს კომპანიის საჯარო ბაზრებზე გამოსვლის შემდეგ, Realty Income-მა დივიდენდების გაზრდა 115-ჯერ მოახერხა.
იქიდან გამომდინარე, რომ Realty Income სტრუქტურირებულია, როგორც უძრავი ქონების საინვესტიციო ტრასტი (REIT), ის ვალდებულია, რომ თავისი დასაბეგრი შემოსავლის მინიმუმ 90% აქციონერებზე დივიდენდების სახით გადაანაწილოს.
დივერსიფიკაცია დასაწყებად კარგი ადგილია
ინვესტორებისთვის, რომლებიც დივიდენდურ აქციებში ინვესტირება ახლა იწყებენ, მნიშვნელოვანია, რომ მიმართონ დივერსიფიკაციას, რათა რისკები შემცირდეს. მაგალითად, 3M არის მრეწველობის დარგში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია, რომელიც დივიდენდების ზრდის ხანგრძლივი ისტორიით გამყარებულ მიმზიდველ დივიდენდურ შემოსავალს გვთავაზობს. მეორეს მხრივ, Brookfiels Renewable და Phillips 66 ორ მრავალფეროვან ენერგეტიკულ ვარიანტს წარმოადგენს. იმავდროულად, Essential Utilities და Realty Income ინვესტორების პასიური შემოსავლის ნაკადების დივერსიფიკაციისთვის დამატებით გზებს სთავაზობს.