გასულ კვირაში საფონდო ბირჟა უკეთესად გამოიყურებოდა, მაგრამ S&P 500 წლის დასაწყისიდან დღემდე დაახლოებით 20%-ით არის შემცირებული. შესაძლოა, ინვესტორებმა იფიქრონ, რომ bear market-მა უკვე ფსკერს მიაღწია და ბევრი ხარისხიანი, იაფად შეფასებული აქციის ყიდვის დრო დადგა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უკვე წინ გველის მღელვარე bull market, მაგრამ ამ სიტუაციამ, შეიძლება, ინვესტორებს შიში დააძლევინოს.
მიუხედავად იმისა, თუ საით მიემართება ახლა ბაზარი, თქვენ მაინც შეგიძლიათ შეიძინოთ შესანიშნავი გრძელვადიანი აქციები იაფად. Starbucks და PayPal Holdings არის ორი დადასტურებული ლიდერი, რომელთა აქციების ყიდვა დღეს $100-ზე ნაკლებად შეგიძლიათ.
Starbucks
Starbucks ახლა მტკივნეულ ცვლილებებს განიცდის და ინვესტორებს, როგორც წესი, რთულ სიტუაციებში ჩართვა არ სურთ. ეს ძალიან ლოგიკურია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გამოწვევები მოკლევადიანია და მოცემულ კომპანიას წარმატებული ბიზნეს მოდელის საშუალებით ზრდის მყარი ისტორია აქვს.
მიუხედავად ამისა, ეს წელი კარგად დაიწყო, რადგან კომპანიამ ფისკალურ მეორე კვარტალში შემოსავლის 15%-იანი ზრდა დააფიქსირა. ასევე, სტარბაქსმა გახსნა 300-ზე მეტი ახალი მაღაზია და მთლიანობაში 34,000-ს გადააჭარბა. კომპანია გეგმავს, რომ 2030 წლისთვის 55,000 მაღაზიას მიაღწიოს. სტარბაქსმა პანდემიით გამოწვეულ ლოკდაუნთან გამკლავება ციფრული მოდელის საშუალებით და გაუმჯობესებული ლოიალობის პროგრამით შეძლო.
გარდა უწყვეტი დახურვებისა გარკვეულ რეგიონებში, როგორიც არის ჩინეთი, Strabucks შესანიშნავად არის პოზიციონირებული. მაშინ რა არის პრობლემა? მარტში აღმასრულებელმა დირექტორმა – კევინ კონსონმა პოსტი დატოვა და ამ თანამდებობას ჰოვარდ შულცი დაუბრუნდა. თავისი პირველი საკონფერენციო ზარის დროს შულცმა დეტალურად აღწერა, თუ როგორ ჩამორჩა კომპანია ახალ ტენდენციებს და ყურადღება გაამახვილა იმაზე, რომ Strabucks პოსტპანდემიურ სამყაროში მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს.
დაბრუნების შემდეგ შულცმა კომპანია აღადგინა და ქსელი აქცია „მესამე ადგილად“, სადაც ხალხი სახლისა და სამსახურის შემდეგ ტრიალებდა. ის გეგმავს, რომ დაიქირაოს ახალი აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც კომპანიას ახალი ციფრული ტალღისკენ გაუძღვება.
სტარბაქსის აქციების ფასი წელს 33%-ით შემცირდა (ამჟამინდელი ფასი – დაახლოებით $76.34), მაგრამ ის მეტ-ნაკლებად სტაბილურობას ინარჩუნებს, რაც იმის ნიშანია, რომ, შესაძლოა, ფასმა ფსკერს მიაღწია. ასეთი პოტენციალის მქონე კომპანიისთვის, აქციები საკმაოდ იაფად არის შეფასებული – სტარბაქსის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი დაახლოებით 21-ს შეადგენს.
PayPal Holdings
PayPal იყო ერთ-ერთი ადრეული კომპანია, რომელმაც 2022 წლის პირველი კვარტლის შედეგები გამოაცხადა და მისი იმედგამაცრუებელი პერსპექტივა საცალო სექტორის ხარჯების შენელების მომასწავებელი იყო. მოგვიანებით, მრავალმა კომპანიამ გააკეთა მსგავსი განცხადებები, რამაც მდგომარეობა ისედაც შერყეულ ბაზარზე კიდევ უფრო გააუარესა.
პანდემიის მწვერვალების შემდეგ პირველი კვარტალი უფრო შენელებული იყო, მაგრამ კომპანიამ მაინც მოახერხა მთლიანი გადახდის მოცულობის (TPV – total payment volume) ორნიშნა პროცენტით ზრდა და შემოსავლის 7%-იანი მატება. შედეგად, ფეიფალმა გასული წლის პირველი კვარტლის რეკორდულ მაჩვენებელს გადააჭარბა. ამ პერიოდში კომპანიამ 2.4 მილიონი ახალი აქტიური მომხმარებელი შეიძინა და მთლიანობაში ამ მაჩვენებელმა 429 მილიონს მიაღწია. წლიდან წლამდე მოგება თითო აქციაზე (EPS) შემცირდა, მაგრამ მომგებიანობა კვლავ მტკიცე იყო, თითო აქციაზე $0.88-ს ტოლი მოგებით. რაც შეეხება პერსპექტივას, მენეჯმენტი მოელის, რომ 2022 წელს TPV დაახლოებით 14%-ით, ხოლო შემოსავალი დაახლოებით 12%-ით გაიზრდება.
შესაძლოა, PayPal არ იყოს ისეთი მზარდი პოტენციალის აქცია, როგორიც ადრე იყო, მაგრამ, მისი ღირებულებითი აქციის პოზიციაში გადასვლა გვთავაზობს საიმედოობას ზრდის შესაძლებლობებით. აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის თანახმად, 2024 წლისთვის გლობალური ელექტრონული კომერცია, სავარაუდოდ, ყოველწლიურად 8%-ით გაიზრდება. ამ სფეროში PayPal-ის დომინირება კომპანიას შესაძლებლობას აძლევს, რომ შეიძინოს ახალი მომხმარებლები და თავისი ბიზნესი კიდებ უფრო განავითაროს.
გარდა ამისა, ფეიფალს ინოვაციის კულტურა გააჩნია. ის რეგულარულად ახორციელებს თავის პლატფორმის გაუმჯობესებას ისეთი ნაბიჯებით, როგორიც არის ახლახან გამოცხადებული „გადაიხადე ყოველთვიურად“ გადახდის ვარიანტი, რომელიც კომპანიის „იყიდე ახლა, გადაიხადე მოგვიანებით“ სივრცეში შესვლას უწყობს ხელს. ასევე, ფეიფალმა, თავისი ბიზნესის გასამყარებლად, რამდენიმე შესყიდვა განახორციელა და დიდი რაოდენობით ნაღდი ფული მას ამ მხრივ კიდევ უფრო განვითარების საშუალებას აძლევს.
PayPal-ის აქციების ფასი ამ წელს თითქმის 60%-ით არის შემცირებული (ამჟამინდელი ფასი – დაახლოებით $71), აქციები იგნორირებისთვის ზედმეტად იაფია – P/E კოეფიციენტი დაახლოებით 25-ს შეადგენს. ამ ფასის პირობებში, გრძელვადიანი მოგების მისაღებად, PayPal შესანიშნავი არჩევანია.