საფონდო ბირჟაზე არსებული მდგომარეობა გაშფოთებთ? მაშინაც კი, თუ გრძელვადიან პერსპექტივაზე ორიენტირებული ინვესტორი ხართ, თქვენი საინვესტიციო პორტფელის ღირებულების შემცირების ფაქტი, შეიძლება, თქვენთვის სტრესული იყოს. ამ რთული პერიოდის გაადვილების ერთ-ერთი გზა ხარისხიან დივიდენდურ აქციებში ინვესტირებაა.
S&P 500-ის საშუალო აქციას 1.4%-ზე ნაკლები დივიდენდური შემოსავალი გააჩნია, მაგრამ 3 აქცია, რომელიც უსაფრთხოა და ბევრად მეტი ანაზღაურება აქვს, არის Merck, BCE და General Mills.
- Merck
Merck არის ჯანდაცვის კომპანია, რომლის საბაზრო კაპიტალი $200 მილიარდზე მეტია. როდესაც კომპანიამ აპრილში პირველი კვარტლის კვარტალური შედეგები გამოაცხადა, გამოვლინდა, რომ მის პორტფელში იყო მრავალი პროდუქტი, რომელიც წელიწადში გაყიდვების ზრდის მინიმუმ 15%-ზე იყო პასუხისმგებელი. მათ შორის, ყველაზე გაყიდვადი მედიკამენტი იყო Keytruda, კიბოს წამალი, რომლის გაყიდვებიც 23%-ით – $4.8 მილიარდამდე გაიზარდა.
31 მარტს დასრულებული პერიოდისთვის კომპანიის მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) $1.70 შეადგინა. ეს საკმარისია იმისთვის, რომ მისი კვარტალური დივიდენდი – $0.69 დაიფაროს. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის დივიდენდური სარგებელი უკვე საკმაოდ მაღალია – 3.3%, მომავალი ზრდისთვის კიდევ არის სივრცე. გასულ წელს კომპანიამ დივიდენდების 6.2%-იანი ზრდა დააანონსა და მხოლოდ 5 წელიწადში Merck-ის ანაზღაურება 47%-ით გაიზარდა $0.47-დან, რომელსაც კომპანია 2017 წელს იხდიდა.
ინვესტორები Merck-ის ბიზნესის უსაფრთხოებას აცნობიერებენ და კომპანიის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან დღემდე 10%-ით არის გაზრდილი, რაც S&P 500-ის 23%-იან ვარდნაზე ბევრად უკეთესია. 15-ის ტოლი P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტის გათვალისწინებით, Merck-ის აქციები სულაც არ არის ძვირად შეფასებული.
- BCE
შეგიძლიათ კიდევ უფრო მაღალი სარგებელი სატელეფონო კავშირისა და მედია კომპანიისგან – BCE-სგან მიიღოთ. 6%-იანი დივიდენდური შემოსავლით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი აქცია, რომლის ყიდვაც დიდი რისკის გარეშე შეგიძლიათ. კანადის სატელეფონო კავშირის სექტორში BCE ინდუსტრიის ლიდერებს შორისაა.
მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის მოგება სწრაფად არ იზრდება, შემოსავალზე ორიენტირებული ინვესტორები მისი თანმიმდევრულობით მოიხიბლებიან. 2021 წელს დაფიქსირებული 23.4 მილიარდი კანადური დოლარის მოცულობის შემოსავალი წინა წლის შემდეგ მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, 2019 წელს კი კომპანიამ 24 მილიარდი კანადური დოლარის ტოლი შემოსავალი გამოიმუშავა.
სატელეკომუნიკაციო ბიზნესისთვის, სადაც ცვეთისა და ამორტიზაციის ხარჯები შეიძლება მაღალი იყოს, სააღრიცხვო შემოსავალი კომპანიის დივიდენდების გადახდის უნარის საუკეთესო მაჩვენებელი ყოველთვის არ არის. პანდემიამდე BCE თანმიმდევრულად აწარმოებდა 3 მილიარდ კანადურ დოლარზე მეტ თავისუფალ ფულად ნაკადებს და კომპანიის გადახდების მხარდასაჭერად ეს სავსებით საკმარისი იყო.
მდგომარეობის გამოსწორებისა და მოგზაურობების მატების (და მეტი როუმინგული შემოსავლით) შედეგად, BCE-მ გაუმჯობესებული შედეგები უნდა მიიღოს და მიაღწიოს იმ დონეს, რომელზეც კოვიდ-19-ის პანდემიამდე იყო. მისი დივიდენდები უფრო უსაფრთხოა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, რაც BCE-ს პოტენციურად დაუფასებელ დივიდენდურ აქციად აქცევს. წლის დასაწყისიდან დღემდე კომპანიის აქციების ფასი 8%-ით შემცირდა. ხუთი წლის განმავლობაში BCE-მ დივიდენდური ანაზღაურება 28%-ით გაზარდა.
- General Mills
General Mills ინფლაციისადმი მდგრადი აქციაა, რომელმაც, შესაძლოა, ფართო ბაზარს აჯობოს. წელს კომპანიის აქციების ფასი მხოლოდ 2%-ით შემცირდა. General Mills-ს აქვს ძალაუფლება, პროდუქციის ფასები მოთხოვნაზე დიდი გავლენის გარეშე გაზარდოს.
მხოლოდ გასულ წელს, კომპანიამ, მზარდი ხარჯების ასანაზღაურებლად, ფასები რამდენიმეჯერ გაზარდა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ General Mills-ის ჩრდილოეთ ამერიკის საცალო ვაჭრობის პრეზიდენტის – ჯონათონ ნუდის თქმით, ბიზნესი, თავისი პროდუქტების უმეტეს კატეგორიაში, ბაზრის წილს ზრდის.
ეს ფაქტი კომპანიას, ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, კარგ პოზიციაში აყენებს. ბოლო 12 თვის განმავლობაში General Mills-ის EPS-მა $3.75 შეადგინა, რაც უკვე ბევრად აღემატება $2.04-ს, რომელსაც კომპანია დივიდენდებში ყოველწლიურად იხდის. კომპანიას 2020 წლის შემდეგ დივიდენდური ანაზღაურება არ გაუზრდია, მაგრამ ის მაინც შესანიშნავ 3.1%-იან შემოსავალს გვთავაზობს.