როგორც Amazon-მა, ასევე, Tesla-მ ბოლო ორი წლის განმავლობაში ინვესტორებს დიდი შემოსავალი მოუტანა. ამ დროის მანძილზე Amazon-ის აქციების ფასი 80%-ზე მეტით გაიზარდა, ხოლო Tesla-სი – 1160%-ით. მიზეზები მარტივი იყო: პანდემიამ უფრო და უფრო მეტი მყიდველი მიიყვანა Amazon-თან, ხოლო Tesla-მ, უკვე ელექტრომობილების (EV) ბაზრის ლიდერმა, მიწოდება მნიშვნელოვნად გაზარდა.
ორივე კომპანიისთვის დღეს გრძელვადიანი პერსპექტივები მშვენივრად გამოიყურება. თუმცა, მაღალმა ინფლაციამ და ზოგადად ბაზრის კლებამ იმოქმედა როგორც ამაზონის, ასევე ტესლას აქციებზე. თითოეული კომპანიის აქციებმა ღირებულების 30%-ზე მეტი დაკარგა. ამ დონეზე, ორივე კომპანია ყიდვის კარგ შესაძლებლობად გამოიყურება, თუმცა რომელი უნდა აირჩიოთ? მოდით, ამის გასარკვევად, საკითხს უფრო ჩავუღრმავდეთ.
Amazon
Amazon ორი ძირითადი მიმართულებით ლიდერობს: ელექტრონული კომერცია და ქლაუდ გამოთვლები. ამჟამად, ინფლაციური ზეწოლა კომპანიის ელექტრონულ კომერციას აზიანებს. საქონლის ტრანსპორტირების ხარჯები გაიზარდა. თუმცა, Amazon მუშაობს იმ ხარჯების მართვაზე, რომელთა კონტროლიც მას შეუძლია. ეს კომპანიას წინაღობის გადალახვაში უნდა დაეხმაროს.
იმავდროულად, ამაზონის Prime წევრობის პროგრამამ მომავალ ზრდას ხელი უნდა შეუწყოს. უახლესი კვარტალური ანგარიშის წარდგენისას კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წევრები, შოპინგისა და გართობის მიზნით, სულ უფრო მეტად ხდებიან პლატფორმაზე დამოკიდებულნი.
რაც შეეხება ქლაუდ გამოთვლებს, Amazon Web Services (AWS) გაყიდვებისა და ოპერაციული შემოსავლების გაზრდას ორნიშნა პროცენტებით აგრძელებს. იმავდროულად, Amazon მთელი მსოფლიოს მასშტაბით AWS ინფრასტრუქტურას აფართოებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს მიმართულება, სავარაუდოდ, კიდევ უფრო გაიზრდება. ზოგადად, ეს ბიზნესი Amazon-ის მთლიანი საოპერაციო შემოსავლის უმეტეს ნაწილს წარმოადგენს, ამიტომ ის კომპანიის მოგების მთავარი მამოძრავებელია.
ახლა კი შევხედოთ შეფასებას. ამაზონის P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად დაახლოებით 55-ს უტოლდება. აქციები ამ და უფრო მაღალ დონეზეც მიმოიქცეოდა ბაზარზე მანამ, სანამ Prime პროგრამა და AWS ჩაეშვებოდა მოქმედებაში. თუ გავითვალისწინებთ იმ შემოსავალს, რომელიც Prime-მა და AWS-მა გამოიმუშავა, აქცია ახლა იაფად გამოიყურება.
Tesla
მაღალმა ინფლაციამ, მიწოდების ჯაჭვის შეფერხებებმა და ჩიპების დეფიციტმა Tesla-ს პრობლემები შეუქმნა. მიუხედავად ამისა, პირველ კვარტალში კომპანიამ რეკორდული შემოსავალი, მანქანების მიწოდების მაჩვენებელი და საოპერაციო მოგება დააფიქსირა. გარდა ამისა, საოპერაციო მოგების მარჟამ 19%-ს გადააჭარბა. იმავდროულად, Tesla წარმოებას ორ ახალ ქარხანაში აძლიერებს: ერთი ოსტინში (ტეხასი) და მეორე – ბერლინში.
ტესლა ფინანსური სურათიც კარგად გამოიყურება. კომპანიის თავისუფალი ფულადი ნაკადები და ინვესტირებულ კაპიტალზე უკუგება იზრდება.
პირველი კვარტლის ბოლოს ტესლას დაახლოებით $18 მილიარდის მოცულობის ნაღდი ფული და ეკვივალენტები ჰქონდა. გასული წლის ბოლოს მთლიანი დავალიანება კი $1.4 მილიარდიდან $1 მილიარდამდე შემცირდა. კომპანია მიზნად ისახავს, რომ მომავალი წლების განმავლობაში ელექტრომობილების მიწოდება ყოველწლიურად 50%-ით გაზარდოს.
არსებულმა წინაღობებმა, შეიძლება, მოკლევადიან პერსპექტივაში Tesla-ს მოგებაზე იმოქმედოს და აქციების ფასების ზრდა დაამუხრუჭოს. მიუხედავად ამისა, ამჟამინდელ დონეზე, აქცია, რომელიც ფორვარდული P/E დაახლოებით 58-ს უტოლდება, შესანიშნავ გარიგებას ჰგავს. წლის დასაწყისიდან ეს მაჩვენებელი დაახლოებით 90-ით შემცირდა.
Amazon თუ Tesla?
რომელ კომპანიაში ინვესტირება სჯობს ახლა? ეს დამოკიდებულია რისკთან თქვენს კომფორტზე. შესაძლოა, ტესლას მოგების უფრო დიდი პოტენციალი ჰქონდეს, მაგრამ ეს უფრო სარისკო ფსონია, ვიდრე ამაზონი. ტესლას აქციები ახალი ამბების მიმართ უფრო მგრძნობიარეა. ასევე, ის ერთ ბიზნესზეა დამოკიდებული – ელექტრომობილებზე. გარდა ამისა, შეიძლება, ამ სექტორში კონკურენცია გამწვავდეს, რადგან ბაზრის წილის მოსაპოვებლად სხვა ავტომწარმოებლებიც იბრძვიან.
Amazon-ის მოგება, სავარაუდოდ, რაიმე დადებითი ახალი ამბის შედეგად სწრაფად არ გაიზრდება, მაგრამ კომპანიის ორ დიდ ბიზნესში დომინირება მისი აქციებისთვის მყარ საფუძველს ქმნის. მაშინაც კი, თუ მაღალი ინფლაცია შენარჩუნდება, ელექტრონული კომერციის ჩამორჩენას AWS აანაზღაურებს. ეს Amazon-ის ერთ-ერთი ძალიან დიდი პლუსია.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ თუ ფრთხილი ინვესტორი ხართ, თქვენთვის უფრო შესაფერისი ამაზონში ინვესტირებაა. თუმცა, თუ რისკისადმი უფრო მეტად ხართ მიდრეკილი, შესაძლოა, ტესლას არჩევა მოგინდეთ. სავარაუდოდ, როგორც კი ამჟამინდელი წინაღობები გაქრება, კომპანიის აქციების ფასი სწრაფად გაიზრდება.