ბოლო თვეებში მრავალი ინვესტორი ბაზარზე თხელ ყინულზე დადიოდა. ინფლაციის რეკორდული დონეების, მზარდი საპროცენტო განაკვეთების და შეშფოთების გამო, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული, მზარდი პოტენციალის აქციები ბოლო დროს დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ძალიან ხშირად, გაურკვევლობის პერიოდებში, ინვესტორები სპეკულაციური ინვესტიციებიდან უფრო უსაფრთხო აქტივებზე გადადიან, რაც სწორედ დღეს ხდება.
გონივრული იქნება, თუ ამ დროისათვის უფრო დამკვიდრებულ კომპანიებზე ორიენტირდებით. Nike-ის მსგავსი კომპანიები, დღევანდელ მერყევ ეკონომიკურ გარემოში, ინვესტორებს ძალიან საჭირო უსაფრთხოებას სთავაზობს. Nike-ს, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ბრენდია, გრძელვადიანი საინვესტიციო პორტფელისთვის მრავალი ხელსაყრელი მახასიათებელი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ მოწინავე საცალო ვაჭრობის ბიზნესით მოხიბვლის ბევრი საფუძველი არსებობს, ამ სტატიაში განვიხილავთ Nike-ის აქციების ყიდვის და მათი სამუდამოდ შენარჩუნების 3 მიზეზს.
- მსოფლიო დონის უპირატესობა
სპორტული ტანსაცმლის ბაზარზე Nike-ის უპირატესობა შეუდარებელია. 2021 წელს Nike-ის გაყიდვებმა $44.5 მილიარდს მიაღწია, ხოლო მისი ტოპ კონკურენტების – Lululemon Athletica-ის, Adidas-ის და Under Armour-ის გაყიდვებმა, შესაბამისად, $6.3, $21.2 და $5.7 მილიარდი შეადგინა. აშშ-ში კომპანია სპორტული ფეხსაცმლის ბაზრის თითქმის 50%-ს და სპორტული ტანსაცმლის მთელი ინდუსტრიის დაახლოებით მესამედს ფლობს.
მოსალოდნელია, რომ 2028 წლისთვის სპორტული ტანსაცმლის ბაზარი $270 მილიარდის ოდენობით გაყიდვებს გამოიმუშავებს, ნაიკი კი, პირველ რიგში, მომდევნო წლებში მყარი ზრდის შესანარჩუნებლად არის პოზიციონირებული. გარდა ამისა, კომპანიის სპორტსმენი სპონსორების სია შეუდარებელია: მაიკლ ჯორდანი, ლებრონ ჯეიმსი, სერენა უილიამსი, ტაიგერ ვუდსი, რაფაელ ნადალი, კრიშტიანუ რონალდუ. როგორც ხედავთ, ნაიკი მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სპორტსმენების პორტფელით არის აღჭურვილი.
- თანმიმდევრული ზრდა
მაშინაც კი, როდესაც ინვესტორები ყველაზე ცუდის მოლოდინში არიან, Nike-ს, როგორც ჩანს, ძლიერი შედეგები აქვს. ცოტა ხნის წინ კომპანია ებრძოდა რამდენიმე დაბრკოლებას, რომელიც პანდემიით გამოწვეული ქარხნების დახურვასთან და ჩინეთის დიდ რეგიონში გაყიდვების ზრდასთან არის დაკავშირებული. მიუხედავად ამისა, Nike-მა მაინც მოახერხა $10.9 მილიარდის მოცულობის შემოსავლის დაფიქსირება და მოგებამ ერთ აქციაზე (EPS) $0.87 შეადგინა. ამ მაჩვენებლებმა პროგნოზებს, შესაბამისად, 3%-ითა და 21%-ით გადააჭარბა.
შედეგებმა ბევრი ინვესტორი გააკვირვა, რადგან ნაიკის გაყიდვები ჩინეთში (რომელიც კომპანიის ბიზნესის სოლიდურ ნაწილს წარმოადგენს) კვარტალში 8%-ით შემცირდა. ნაიკის ხიბლი ფართო და მრავალფეროვან გლობალურ პორტფელში მდგომარეობს. ეს კომპანიას საშუალებას აძლევს მიაღწიოს წარმატებას მაშინაც კი, როდესაც ბიზნესის ზოგიერთ სეგმენტს არასახარბიელო პერიოდი აქვს. განსაკუთრებით დღევანდელ არასტაბილურ საბაზრო პირობებში, ინვესტორები ძალიან კმაყოფილები უნდა იყვნენ ნაიკის უნარით – გადალახოს გამოწვევები და ფინანსურ ფრონტზე ძლიერი შედეგები უზრუნველყოს.
- მუდმივი ინოვაცია
Nike-ის ერთ-ერთი, შედარებით დაუფასებელი ძლიერი მხარე არის, დროთა განმავლობაში მომხმარებელთან ერთად განვითარების უნარი. კომპანიას ცვლილებები და ახალი გამოწვევები არ აშინებს. მსოფლიოში, რომელიც სულ უფრო ელექტრონული ხდება, Nike-ის ციფრული გაყიდვები კვლავ იზრდება. მესამე კვარტალში, Nike Brand Digital-ის გაყიდვების წლიური ზრდა 22%-ს შეადგენდა, რაც, ძირითადად, ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონში 33%-ით ზრდით არის გამოწვეული. Nike-ის მობილური აპლიკაციის გამოყენება ასევე კვარტალში 50%-ით გაიზარდა და Nike.com-ს გადაუსწრო.
Nike აგრძელებს საზღვრების დარღვევას და ისეთ ახალ ბაზრებზე შესვლას, როგორიც არის, მაგალითად, მეტავერსი. 2021 წლის ბოლოს, Nike-მა იყიდა RTFKT Studios – NFT კომპანია, რომელიც ვირტუალური ფეხსაცმლის შექმნაზე არის ორიენტირებული. მიუხედავად იმისა, რომ NFT ბაზარი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, შენაძენი ადასტურებს, რომ Nike-ს სურს სრულყოფილად მოერგოს მომხმარებელთა მოთხოვნებს და უახლესი ტექნოლოგიები აითვისოს.
Nike დღესდღეობით უსაფრთხო ინვესტიციაა
დღევანდელ ბაზარზე Nike შესანიშნავი საინვესტიციო არჩევანია. სპორტული ტანსაცმლის ლიდერის აქციების ფასი წლის დასაწყისიდან 22%-ით შემცირდა. Nike-ის აქციების P/E (ფასი/მოგება) კოეფიციენტი ამჟამად 33.76-ს შეადგენს, რაც კომპანიის ისტორიულ 5-წლიან P/E-ზე (43) დაახლოებით 22%-ით დაბალია. კომპანიის მიმზიდველი შეფასება, ბაზარზე მის მყარ პოზიციასთან და ბიზნესის ძლიერ საფუძვლებთან ერთად, Nike-ს, დღევანდელ არასტაბილურ გარემოში, შესანიშნავ საინვესტიციო შესაძლებლობად აქცევს.