პორტფელის დივერსიფიკაცია არის საინვესტიციო სტრატეგია, რომელიც რისკების მართვაზე არის ორიენტირებული. მხოლოდ აგრესიულ ზრდაზე (მაღალი რისკი) ფოკუსირების ან ათწლეულების განმავლობაში ეტაპობრივი მოგების (დაბალი რისკი) მიღების ნაცვლად, დივერსიფიცირებული პორტფელი ინვესტიციებს ოქროს შუალედის შესაქმნელად აერთიანებს (ყოველ შემთხვევაში, თეორიულად მაინც).
დივერსიფიკაციის ტიპები
პორტფელის დივერსიფიცირების რამდენიმე გზა არსებობს.
აქტივთა კლასის მიხედვით
ინვესტირებაში ძირითადი აქტივთა კლასებია:
- ნაღდი ფული და მისი ეკვივალენტები: სახაზინო ობლიგაციები, სადეპოზიტო სერტიფიკატები (CD), ფულის ბაზრის ფასიანი ქაღალდები და ა. შ.
- აქციები: საჯარო ასპარეზზე მოღვაწე კომპანიების აქციები
- ობლიგაციები: ფასიანი ქაღალდები ფიქსირებული შემოსავლით
- ETF: კონკრეტული ინდექსის, სექტორის და ა. შ. ფასიანი ქაღალდების „კალათა“
- უძრავი ქონება: შენობები, მიწა, წყალი და მინერალური საბადოები, სოფლის მეურნეობა და მეცხოველეობა
- ფართო მოხმარების საგნები: საქონელი რომლისგანაც იწარმოება სხვა პროდუქტი ან მომსახურება
აქციების ან ობლიგაციების ტიპების მიხედვით
იმის მიხედვით, თუ რა სახის ფასიან ქაღალდებს ყიდულობთ, ინვესტიციების დივერსიფიცირების რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, ინვესტორმა, რომელიც აქციებში ინვესტირებაზე არის ორიენტირებული, შეიძლება ინვესტიციები 50/50-ზე ამ სახით დაყოს: დივიდენდური აქციები და მზარდი პოტენციალის აქციები. სხვა ინვესტორმა, შეიძლება, თავისი პორტფელის 50% ლურჯი ჩიპის კომპანიებს დაუთმოს, მეორე ნახევარი კი სტარტაპებს.
ინვესტორებს, რომლებიც ფულს ობლიგაციებში აბანდებენ, ასევე დიდი არჩევანი აქვთ. ობლიგაციების ემიტენტების (კომპანია, ფედერალური მთავრობა და ა. შ) მიხედვით არჩევის გარდა, ინვესტორმა, შეიძლება ყურადღება გაამახვილოს საპროცენტო განაკვეთზე ან სხვა ფაქტორებზე. ობლიგაციებზე ორიენტირებულ ინვესტორს შეუძლია აირჩიოს:
- აშშ-ის სახაზინო ობლიგაციები
- TIPS (ობლიგაციები, რომლებსაც აქვს საპროცენტო შემოსავალი და ერგება ინფლაციას)
- სახელმწიფო და მუნიციპალური ობლიგაციები
- საინვესტიციო დონის კორპორაციული ობლიგაციები
- კორპორაციული ობლიგაციები მაღალი ან დაბალი სარგებლით
სექტორის მიხედვით
პორტფელის დივერსიფიცირების კიდევ ერთი გზა არის ინვესტიციების რამდენიმე სექტორზე გადანაწილება. მაგალითად, ზოგ ინვესტორს, მოგების გასაზრდელად, ტექნოლოგიური ინდუსტრიის აგრესიულ ზრდაზე დაყრდნობა მოსწონს. თუმცა ეს ინდუსტრია, შესაძლოა, წარმოუდგენლად არასტაბილური იყოს, ამიტომ გარკვეული კაპიტალის ისეთ ინდუსტრიებში გადატანა, როგორიც არის წარმოება ან ჯანდაცვა, უფრო გონივრული გადაწყვეტილება იქნება.
სექტორის მიხედვით დივერსიფიკაციის ერთ-ერთი უპირატესობა ის არის, რომ ეს შეიძლება ინვესტიციის ნებისმიერი ტიპისთვის გაკეთდეს. მას, ვინც უპირატესობას ანიჭებს აქციებს, შეუძლია აირჩიოს ნებისმიერი საჯარო, აქციების გამომშვები კომპანია. ინვესტორს, რომელიც ობლიგაციებით არის მოხიბლული, აქვს შესაძლებლობა, რომ ნებისმიერი, ობლიგაციების გამომშვები კომპანიისგან შეისყიდოს ამ ტიპის ფასიანი ქაღალდები და ა. შ.
საბაზრო კაპიტალიზაციის მიხედვით
საბაზრო კაპიტალიზაცია არის კომპანიის მიერ ბრუნვაში ჩაშვებული აქციების ღირებულების საერთო საბაზრო შეფასება ფულად ერთეულში. ამ მაჩვენებლის მისაღებად აქციების საერთო რაოდენობა მათ ფასზე უნდა გავამრავლოთ.
ინვესტორებს, რომლებიც ამ კრიტერიუმის მიხედვით დივერსიფიკაციას მიმართავენ, სამი ძირითადი არჩევანი აქვთ:
- Small-cap (მცირე კაპიტალი) კომპანიები. საბაზრო კაპიტალი: $300 მილიონიდან $2 მილიარდამდე
- Mid-cap (საშუალო კაპიტალი) კომპანიები. საბაზრო კაპიტალი: $2-დან $10 მილიარდამდე
- Big-cap (დიდი კაპიტალი) კომპანიები. საბაზრო კაპიტალი: $10 მილიარდი და მეტი
მიუხედავად იმისა, რომ ყოველ საბაზრო კაპიტალს საკუთარი პოტენციური რისკები გააჩნია, კარგად დივერსიფიცირებული პორტფელი, ამ რისკების კომპენსირების მიზნით, თითოეული მათგანის უპირატესობებს გამოიყენებს.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა, გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც – მოგება. ამიტომ, დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა, აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.