2022 წლის პირველი თვე მზარდი პოტენციალის ტექნოლოგიური აქციებისთვის რთული პერიოდი იყო. რამდენიმე კვირის წინ iShares S&P 500 Growth ETF 20%-ზე მეტით დაეცა.
მზარდი პოტენციალის აქციებმა, როგორებიც არის Fiverr International, Roku და Roblox, დანაკარგების აღდგენა შეძლო. ანალიტიკოსების აზრით, რომლებიც უოლ სტრიტზე ამ აქციებს თვალყურს ადევნებენ, მათ ბევრად უფრო მაღალ ნიშნულზე ასვლა შეუძლია. ნავარაუდევია, ამ აქციების ფასების მინიმუმ 44%-ით ზრდა.
Fiverr International
Fiverr International-ის აქციების ფასი წელს თითქმის 50%-ით დაეცა, მაგრამ გარკვეულწილად აღდგა. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები, რომლებიც თვალყურს ადევნებენ ფრილანსინგის ბაზარს ფიქრობენ, რომ ამ კომპანიის აქციების ფასი, შეიძლება, კიდევ 44%-ით გაიზარდოს.
Fiverr-ის აქციების ფასი პანდემიის ადრეულ ეტაპებზე გაიზარდა, რადგან ფრილანსერებზე (შტატგარეშე მომუშავე ადამიანი) მოზღვავებული მოთხოვნა გაჩნდა. შედეგად, 2021 წელს მთლიანი შემოსავალი 57%-ით გაიზარდა.
აქციების ფასი წელს საკმაოდ იკლებს, რადგან თებერვალში, მენეჯმენტის მიერ გაზიარებული პერსპექტივები ბევრად სუსტი იყო, ვიდრე კომპანიის მიმდევარი ანალიტიკოსები მოელოდნენ. მენეჯმენტი ელოდება, რომ 2022 წელს შემოსავალი დაახლოებით 26%-ით – $373-$397 მილიონის დიაპაზონში გაიზრდება.
Fiverr-ის აქციების ფასზე, შეიძლება, ძლიერად მოქმედებდეს პანდემიური მდგომარეობის გამოსწორება, რეგულაციების შერბილება და ის ფაქტი, რომ ადამიანები ეტაპობრივად პანდემიამდელ ცხოვრების წესს უბრუნდებიან. თუმცა, სავარაუდოდ, ეს ეფექტი არ გაგრძელდება. გასულ წელს, ერთი მყიდველის საშუალო დანახარჯი 18%-ით – $242-მდე გაიზარდა, ხოლო აქტიური მყიდველების რაოდენობა – 23%-ით და 4.2 მილიონს მიაღწია.
Roku
Roku-ს აქციების ფასი, ამ წლის დასაწყისში ნახევარზე მეტით დაეცა. ამერიკის წამყვანი სატელევიზიო სტრიმინგის ბიზნესის აქციების ფასი, 2022 წლის მდგომარეობით, ჯერ კიდევ 45%-ით არის შემცირებული, მაგრამ უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ძლიერ აღდგენას ელიან. Roku-სთვის სამიზნე ფასის კონსენსუსი (ანალიტიკოსების ინდივიდუალური სამიზნე ფასების საშუალო მაჩვენებელი), მის ბოლო ფასებთან შედარებით, 47%-იან პრემიას წარმოადგენს.
Fiverr-ის მსგავსად, Roku-ც, კომპანია, რომელმაც პანდემიური ლოკდაუნის პირობებში დიდი სარგებელი მიიღო, 2022 წელს იმაზე ნაკლებ ზრდას ელის, ვიდრე ინვესტორები იმედოვნებდნენ. მცირე რაოდენობა იმ ოფისის თანამშრომლებისა, რომლებიც დღის განმავლობაში Zoom-ის შეხვედრებს შორის ტელევიზორს უყურებს, Roku-ს ერთადერთი პრობლემა არ არის. მიწოდების ჯაჭვის პრობლემები Roku-ს აღჭურვილობის ხარჯების ზრდას იწვევს.
Roku ფულს რეკლამების გაყიდვით გამოიმუშავებს და არა იმ ტელევიზორებითა და სტრიმინგით, რომელიც მომხმარებელს ამ რეკლამებს აწვდის. საბედნიეროდ, კომპანიის სტრიმინგ ბიზნესი საკმაოდ მომგებიანია იმისთვის, რომ აღჭურვილობის გაყიდვების მიმართულებით დროებითი ზარალი დააბალანსოს. 2021 წლის ბოლოს კომპანიის მენეჯმენტმა, ანგარიშის წარდგენისას, განაცხადა, რომ თითო მომხმარებლიდან მიღებული საშუალო შემოსავალი წელიწადში 43%-ით – შთამბეჭდავ $41,03-მდე გაიზარდა.
Roblox
Roblox-ის აქციების ფასი თითქმის ორი მესამედით დაეცა იმ პიკიდან, რომელსაც მან გასულ ნოემბერს მიაღწია. უოლ სტრიტის ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ უახლოეს პერსპექტივაში ამ კომპანიის აქციებს შთამბეჭდავი ანაზღაურების მოტანა შეუძლია. ანალიტიკოსი, რომელიც Roblox-ს ადევნებს თვალს, ფიქრობს, რომ ეს მეტავერსული აქცია, ამჟამინდელ ღირებულებაზე დაახლოებით 49%-ით მეტი ღირს.
Roblox-ს ყოველდღიურად დაახლოებით 55 მილიონი აქტიური მომხმარებელი ჰყავს, რომლებსაც შეუძლიათ გამოიმუშაონ ვალუტა სახელად Robux. აქციების ფასი მცირდება, რადგან კომპანიის პერსპექტივა Robux-ის ყოველთვიური ყიდვის ხელმოწერებთან ან „დაჯავშნებთან“ დაკავშირებით, მოსალოდნელზე გაცილებით სუსტი იყო.
კომპანიის წარმომადგენლებმა ინვესტორებს განუცხადეს, რომ იანვრის ჯავშნები წელიწადში დაახლოებით 2.5%-ით გაიზარდა. ეს უკეთესია ვიდრე უკან დახევა, მაგრამ ჯერ კიდევ შორს არის კომპანიის მიერ 2021 წელს დაფიქსირებული 45%-იანი ზრდა და 2020 წლის გასაოცარი 171%-იანი მატება.
გამომწერების რაოდენობის შემცირების მიუხედავად, კარგი იქნება თუ ინვესტორები, რომლებიც გრძელვადიანი პერსპექტივაზე არიან ორიენტირებულნი, თავიანთ დივერსიფიცირებულ პორტფელებში Roblox-ის რამდენიმე აქციას დაამატებენ.
გასულ წელს, Roblox-ის თავისუფალი ფულადი ნაკადების მოცულობა $558 მილიონს შეადგენდა. ვინაიდან კომპანიას არ სჭირდება კონტენტისთვის ფულის გადახდა, ამ ფულადი სახსრების დიდი ნაწილი, შეიძლება, ინვესტორებს, აქციების გამოსყიდვის საშუალებით დაუბრუნდეს.