გასულ კვირას გამოქვეყნებულ სტატიაში აღინიშნა, რომ ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანიებს არასახარბიელო პერიოდი ჰქონდათ, მაგრამ, ამჯერად, ჩინური ტექნოლოგიური აქციების ფასები გაიზარდა, რადგან პეკინი მიისწრაფვის, აშშ-სთან აუდიტორულ დავაში საკვანძო შემაფერხებელი დაბრკოლება გაანეიტრალოს, რაც ამსუბუქებს ინვესტორების შეშფოთებას ჩინური აქციების ამერიკული საფონდო ბირჟებიდან გაძევების თაობაზე.
Hang Seng Tech ინდექსი ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში 4.8%-ით გაიზარდა. მათ შორის მოიმატა ამ ინდექსში გაერთიანებული ისეთი კომპანიების აქციების ფასებმა, რომლებიც აშშ-ის ბირჟაზე მიმოიქცევა: Bilibili Inc., XPeng Inc. და Baidu Inc.
შაბათს, 2 აპრილს, პეკინში განაცხადეს, რომ ჩინეთი გეგმავს შეცვალოს წესი, რომელიც საზღვარგარეთული ბირჟების ლისტინგში არსებულ კომპანიებს, სენსიტიური ფინანსური მონაცემების უცხოელ მარეგულირებელ ორგანოებთან გაზიარებას უზღუდავს. ამ ცვლილებებმა, შეიძლება, აშშ-ის ხელისუფლებას საშუალება მისცეს მიიღოს სრული წვდომა აშშ-ის საფონდო ბირჟის ლისტინგში არსებულ ჩინური ფირმების აუდიტის ანგარიშებზე. ეს ხელს შეუწყობს იმ ორმხრივი დავის მოგვარებას, რომელმაც ინვესტორები გააღიზიანა.
ჩინური ფირმების Nasdaq Golden Dragon ინდექსი პარასკევს, 1 აპრილს, გაიზარდა მას შემდეგ, რაც ბლუმბერგმა ჩინეთის მოსაზრებები გაავრცელა. ჩინეთში დღეს ფინანსური ბაზრები დაკეტილია სახალხო არდადეგების გამო.
Citigroup-ის ანალიტიკოსი – ალისია იაპი ორშაბათის მოხსენებაში წერს, რომ მოდიფიკაცია ნაწილობრივ შეასუსტებს შეშფოთებას, კომპანიების აშშ-ის ბირჟიდან გაძევების შესახებ, თუ ტრანსსასაზღვრო მარეგულირებელი თანამშრომლობა შეუფერხებლად წარიმართება.
თუმცა, ზოგიერთი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ჩინეთის ხელისუფლების მხრიდან საჭიროა უფრო გადამწყვეტი ქმედება, რათა აშშ-ის მარეგულირებელთან ლისტინგის გაუქმების რისკი საბოლოოდ აღმოიფხვრას. ისინი ამატებენ, რომ ზოგიერთი კომპანია, როგორებიც არის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოები ან ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებსაც უფრო მგრძნობიარე მონაცემები აქვთ, შესაძლოა, საბოლოოდ გამოეთიშოს აშშ-ის საფონდო ბირჟის ლისტინგს.
Hang Seng Tech ინდექსი, 2021 წლის თებერვლის პიკიდან 60%-ით დაეცა, რაც პეკინის მარეგულირებელი ზეწოლითა და აშშ-ის საფონდო ბირჟაზე არსებული ჩინური ტექნოლოგიური კომპანიების ბედის გაურკვევლობით არის გამოწვეული. ეს ყველაფერი მიუხედავად იმისა, რომ ინდექსი მარტის შუა რიცხვებში დაფიქსირებული რეკორდული მინიმუმიდან 30%-ზე მეტით აღდგა, ჩინეთის მთავრობამ პირობა დადო, რომ კაპიტალის ბაზრებს სტაბილურობას შეუნარჩუნებს და მარეგულირებელ ცვლილებებს უფრო პროგნოზირებადს გახდის.
CMC Markets-ის ანალიტიკოსმა – კელვინ ვონგმა თქვა, რომ ლისტინგის გაუქმებასთან დაკავშირებული ინვესტორების შიშის სრულად გასაქრობად, საჭიროა ჩინეთისგან კონკრეტული ქმედებები და არა მონახაზი, რომელიც ჯერ კიდევ შემუშავების პროცესშია.