სხვადასხვა ინვესტორს განსხვავებული ტიპის აქციები შეეფერება. სწორედ ამიტომ ყველა საინვესტიციო პორტფელი ცოტათი მაინც განსხვავდება სხვებისგან და ასეც უნდა იყოს.
თუმცა არის რამდენიმე კომპანია, რომელიც იმდენად საიმედოა, რომ ყველა პორტფელს შეესაბამება. ამ სტატიაში განვიხილავთ სწორედ სამ ასეთ კომპანიას, რომელში ინვესტირებაც უნდა განიხილოთ.
Alphabet
Alphabet არის საძიებო სისტემის გიგანტის – Google-ის მშობელი კომპანია, რომელიც Global Stats-ის მონაცემებით, კვლავ მართავს მსოფლიო საძიებო ტრაფიკის 92%-ს. თითოეულ ამ ძებნას მოჰყვება კიდევ ერთი, შემოსავლის მომტანი რეკლამის ჩვენება. Alphabet ასევე დგას მსოფლიოში უდიდესი ონლაინ ციფრული ვიდეო საცავის – Youtube-ის უკან, რომლის ყოველთვიური მომხმარებლების რაოდენობა 2 მილიარდს აჭარბებს.
Android-ის ოპერატიული სისტემაც Alphabet-ის ქოლგის ქვეშ ხვდება, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს ბაზარზე მსოფლიო მობილური მოწყობილობების უმეტეს მფლობელებსა და ინტერნეტს შორის შუამავალი იყოს. პლანეტის აქტიურად გამოყენებული სმარტფონებისა და პლანშეტების 70%-ზე მეტს, სწორედ Android-ის სისტემა აქვს, ეს კი ამ მოწყობილობების მომხმარებლებს Google-ის შემოსავლის მომტანი პლატფორმებისკენ უბიძგებს.
უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა, რომ სამყარო მოულოდნელად შეწყვეტს ინტერნეტის გამოყენებას ან ადვილად ხელმისაწვდომი გასართობი ვიდეოების მიმართ უეცრად ინტერესს დაკარგავს. ხალხი ახლა აქტიურად იყენებს Google-ს, Youtube-სა და Android-ს ყოველგვარი განხილვის გარეშე და ამით Alphabet შემოსავალს გამოიმუშავებს. აქედან გამომდინარე, გასული 10 წლის განმავლობაში კომპანიამ წლიდან წლამდე შემოსავლის შემცირება მხოლოდ ორ კვარტალში დააფიქსირა. ერთ-ერთი ეს შემთხვევა ჩრდილოეთ ამერიკაში კოვიდ-19-ის გავრცელებასთან იყო დაკავშირებული.
Texas Instruments
როდესაც ინვესტორების უმეტესობა ფიქრობს კომპიუტერული მოწყობილობების მწარმოებელ კომპანიებზე, თავში მოსდით ისეთი სახელები, როგორებიც არის Nvidia ან Intel. ეს გასაგებიცაა, რადგან ამ კომპანიებმა ხელი შეუწყო თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქას.
თუმცა ასეთი აქციების ფლობას თან ახლავს პრობლემები. ეს კომპანიები ჰიპერკონკურენტულ ინდუსტრიაში მოღვაწეობენ, სადაც ერთ კონსტრუქციულ ხარვეზს ან ქარხანაში შექმნილ პრობლემას შეუძლია კომპანია ძალიან დააზარალოს. ტექნოლოგიური სექტორის უფრო სანდო კომპანიები ორიენტირებულია უფრო მარტივ, მუდმივად გაყიდვად პროდუქტებზე, როგორებიც არის სენსორები, ტრანზისტორები და ა. შ.
თქვენ, შეიძლება, Texas Instruments-ს უპირველეს ყოვლისა მისი კალკულატორებით იცნობდეთ, მაგრამ ეს კომპანია ბევრად მეტია. ჩამოვთვალოთ მხოლოდ რამდენიმე: მისი ნახევარგამტარები გვხვდება ფართოხაზოვან მოდემებში; ის მხარს უჭერს ავტონომიური მართვის ევოლუციას და ასევე ნახავთ მის ტექნოლოგიას დამონტაჟებულს თვითმფრინავის კაბინებში. და მაინც, ადამიანების უმეტესობას რეალურად არ შეუძლია დაასახელოს ერთი კონკრეტული ნივთი (გარდა კალკულატორებისა), რომელსაც Texas Instruments აწარმოებს. სწორედ ამაშია აზრი. ეს არის მიმწოდებელი ტექნოლოგიურ სექტორში, რომელზეც არასდროს ფიქრობთ, მაგრამ აუცილებლად შეამჩნევთ, თუ მოულოდნელად წარმოებას შეწყვეტს.
მთავარი: Texas Instruments ზედიზედ 18 წელია ზრდის დივიდენდებს წლიური 25%-იანი განაკვეთით. ამასთან, იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლის ანაზღაურება თითო აქციაზე, რომელიც $4.21-ს შეადგენს, კომპანიის მიერ თითო აქციაზე გამომუშავებული მოგების ($8.26) მხოლოდ მცირედ ნაწილს შეადგენს და მომავალი ზრდისთვის შესაძლებლობა არსებობს. შესაბამისად, კომპანიას აქვს პოტენციალი, რომ დივიდენდ არისტოკრატების ჯგუფს შეუერთდეს. აქციის ამჟამინდელი სარგებელი 2.5%-ს შეადგენს.
Dollar General
და ბოლოს, დაამატეთ Dollar General იმ კომპანიების სიას, რომლის აქციებიც თქვენს პორტფელისთვის მომგებიანი იქნება.
ერთი შეხედვით ჩანს, რომ ნებისმიერი საცალო მოვაჭრე, რომელსაც Wamart-თან კონკურენცია უწევს, არახელსაყრელ მდგომარეობაშია. თუმცა, Dollar General იყენებს თავის პატარა მაღაზიებს და აკეთებს იმას, რაც Walmart-ს არ შეუძლია. კერძოდ, კომპანია ემსახურება პატარა ქალაქების მოსახლეობას, რომელსაც, შესაძლოა, არ სურდეს რამდენიმე ნივთის საყიდლად ძალიან შორ მანძილზე წასვლა. კომპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ Dollar General-ის 18,000-ზე მეტი მაღაზიის 75% განლაგებულია ისეთ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა 20,000-ზე ნაკლებია. კომპანია მათ სთავაზობს პროდუქტებს, როგორიც არის რძე, პური, გაყინული საკვები და სხვა სამომხმარებლო საქონელი, რომელიც აუცილებელია, მაგრამ, შეიძლება, ახლომდებარე მაღაზიებში ხელმისაწვდომი არ იყოს. ეს მოდელი მუშაობს – Dollar General-ის შემოსავალი ბოლოს 10 წლის განმავლობაში ორზე მეტჯერ გაიზარდა.
2019 წელს Dollar General-ის მიერ დაწყებული DG Fresh ინიციატივის ფარგლებში, კომპანია ახლა დაახლოებით 2,000 მაღაზიას ამარაგებს მალფუჭებადი საქონლით, მაგრამ არსებობს პოტენციალი, რომ ეს რიცხვი 10,000-მდე გაიზარდოს.
იმავდროულად, კომპანია უფრო პირდაპირ ურტყამს Walmart-სა და სხვა კონკურენტებს, როგორიც არის Party City და Five Below. მიუხედავად იმისა, რომ მისი ახალი pOpshelf ბრენდის მაღაზიები ჯერ კიდევ ექსპერიმენტია და არა მოგების ცენტრი, ეს გარეუბნებზე ორიენტირებული კონცეფცია გამიზნული იქნება უფრო მდიდარ მომხმარებელთა ბაზაზე, რომელზე წვდომაც Dollar General-ს არ აქვს. კომპანია მიზნად ისახავს, რომ 2025 წლისთვის უკვე pOpshelf ლოკაციებიც ჰქონდეს.