მეტავერსის ზრდის პოტენციალი ირგვლივ დიდ შფოთს იწვევს. ამ სიტყვის ამჟამინდელი კონცეფცია ჯერ კიდევ ვითარდება, ასე რომ, ნუ იდარდებთ, თუ ის თქვენთვის ბუნდოვანია.
მარტივი სიტყვებით, მეტავერსი, შეიძლება, მივიჩნიოთ, როგორც ფიზიკური და ვირტუალური სამყაროს შერწყმა. ინვესტორებისთვის მთავარია იმის ცოდნა, რომ მეტავერსს გააჩნია პოტენციალი – ინტერნეტის შემდეგი ევოლუცია იყოს. როგორც ჩანს, არა მხოლოდ ინტერნეტში არსებული გამოცდილება გაფართოვდება, არამედ გამოჩნდება ბევრი ახალი აპლიკაცია, რომელთაგან ზოგიერთს ჯერ ვერავინ წარმოიდგენს.
Roundhill Ball Metaverse ETF: ტოპ 10 საფონდო ჰოლდინგი
ქვემოთ მოცემული კომპანიები დახარისხებულია 2022 წლის 25 მარტის მონაცემების მიხედვით. კონტექსტისთვის, წარმოდგენილია თავად ETF-ის ეფექტურობა Nasdaq Composite-ის ეფექტურობასთან ერთად, რადგან ეს უკანასკნელი საორიენტაციო ინდექსი ძლიერად არის ტექნოლოგიური კომპანიების აქციებით დატვირთული.
სქემაში ნაჩვენები პერიოდის განმავლობაში საფონდო ბირჟა არასახარბიელო მდგომარეობაში იყო. ბაზრის ვარდნა გასული წლის ბოლოს დაიწყო, ძირითადად იმის გამო, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა (Fed) 2022 წლის დასაწყისში და მიმდინარე ერთი წლის განმავლობაში, ინფლაციური ზეწოლის კონტროლის მიზნით, საპროცენტო განაკვეთების ზრდას აპირებდა. პირველი 0,25%-იანი ზრდა ამ თვის დასაწყისში განხორციელდა. ტექნოლოგიური მზარდი პოტენციალის აქციები და სხვა საპროცენტო განაკვეთებისადმი მგრძნობიარე აქციები, ამ პერიოდის განმავლობაში, ძირითადად, ყველაზე მეტად დაზარალდა. შემდეგ კი, თებერვლის ბოლოს, არასტაბილურობის ახალი მიზეზი გაჩნდა: რუსეთის უკრაინაში შეჭრა.
კომპანია | ETF-ის მფლობელობის რიგითი ადგილი 2021 წლის 17 დეკემბერს/მიმდინარე მფლობელობის რიგითი ადგილი | საბაზრო კაპიტალი | უოლ სტრიტის მიერ პროგნოზირებული წლიური EPS (მოგება ერთ აქციაზე) ზრდა მომდევნო 5 წლის განმავლობაში | ანაზღაურება 2021 წლის 17 დეკემბრიდან 2022 წლის 25 მარტამდე |
Apple | 6/9 | $2.9 ტრილიონი | 14.9% | 2.2% |
Nvidia | 1/1 | $695 მილიარდი | 30.7% | (0.4%) |
Amazon.com | 7/8 | $1.7 ტრილიონი | 34.8% | (3.1%) |
Microsoft | 3/5 | $2.3 ტრილიონი | 17.4% | (6%) |
Nasdaq Composite | N/A | N/A | N/A | (6.4%) |
Qualcomm | 9/11 | $178 მილიარდი | 14.7% | (10.3%) |
Tencent Holdings | 10/15 | $439 მილიარდი | 2.3% | (16.5%) |
Roundhill Ball Metaverse ETF | N/A | $762 მილიონი | N/A | (19.8%) |
Autodesk | 8/10 | $46.1 მილიარდი | 26.7% | (23.6%) |
Unity Software | 5/4 | $27.6 მილიარდი | N/A | (32.1%) |
Meta Platforms | 4/3 | $604 მილიარდი | 18.5% | (33.6%) |
Roblox | 2/2 | $27.7 მილიარდი | N/A | (54%) |
აქ მოცემულია რამდენიმე განახლება, რომელიც ინვესტორებმა Roundhill Ball Metaverse ETF-ის შესახებ უნდა იცოდნენ:
- ფასიანი ქაღალდის აბრევიატურა (Ticker Symbol) შეიცვალა: 31 იანვარს ამ ETF-ის აბრევიატურა – META, METV-თი შეიცვალა. კომპანიას ამ ცვლილების მიზეზის შესახებ კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მეტა პლატფორმებთან არევის თავიდან ასარიდებლად გაკეთდა. შეგახსენებთ, რომ კომპანიამ, რომელსაც ყველა Facebook-ის სახელით ვიცნობდით, მისი მეტავერსზე ფოკუსირების ხაზგასასმელად, ოქტომბერში სახელი შეიცვალა და Meta დაირქვა.
- მფლობელობის რაოდენობა: ფონდის მფლობელობაში ახლა 44 სხვადასხვა აქციაა.
- ხარჯების კოეფიციენტი: ხარჯების კოეფიციენტი 0.75%-დან 0.59%-მდე შემცირდა. ეს მცირე კლებაა, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მნიშვნელოვანი განსხვავებების გამოწვევა შეუძლია.
როგორც გრაფიკიდან ჩანს, Qualcomm და Tencent Holdings აღარ არიან ფონდის ტოპ 10-ში. ისინი ახლა, შესაბამისად, მეთერთმეტე და მეთხუთმეტე ადგილებს იკავებს. მათ ნაცვლად ტოპ 10-ში შევიდა სოციალური მედიის კომპანია – Snap (მეექვსე ადგილი) და Sea Limited (მეშვიდე ადგილი) – სინგაპურში დაფუძნებული ციფრული გასართობი და ელექტრონული კომერციის კომპანია, რომლის დიდ წილსაც ჩინური ტექნოლოგიური გიგანტი – Tencent Holdings ფლობს.
ის, რასაც ინვესტორები უნდა დააკვირდნენ
ამ ეტაპზე, ტექნოლოგიური მზარდი პოტენციალის აქციებზე ორიენტირებულმა ინვესტორებმა, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ შემდეგ კომპანიებზე: Nvidia, Apple, Amazon, Microsoft.
Nvidia – კომპიუტერული თამაშების და ტექნოლოგიური გიგანტი არის იმ ინსტრუმენტების პროვაიდერი, რომლებიც სხვა კომპანიებს საკუთარი მეტავერსული სამყაროს შესაქმნელად სჭირდებათ. მისი პლატფორმა აერთიანებს გრაფიკული ჩიპების სპეციალისტების გამოცდილებას ხელოვნურ ინტელექტის (AI), სიმულაციის, გრაფიკისა და გამოთვლით ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
Nvidia-ს ინვესტორები უახლოეს ჰორიზონტზე ერთ დიდ მოვლენას უნდა დააკვირდნენ: ჩიპების დამზადების გიგანტის – Intel-ის დიდი ხნის ნანატრ შესვლას, Nvidia-ს დისკრეტული გრაფიკული დამუშავების ერთეულების (GPU) ტერიტორიაზე. Intel-ის Arc-ის ბრენდის პირველი გრაფიკული ბარათები მომხმარებლებისთვის, შეიძლება, ხვალ გამოვიდეს, რადგან ამ თარიღისთვის (აღმოსავლეთის დროით დილის 11 საათზე) კომპანიას ონლაინ გამოვლენის ღონისძიება აქვს დაგეგმილი.
ერთი მნიშვნელოვანი შენიშვნა ამაზონისთვისაც: ელექტრონული კომერციის ტიტანი 6 ივნისს გეგმავს აქციების 1/20 მიმართებით დაყოფას. ინვესტორები, რომელთაც ბაზრის დახურვისას ამაზონის აქციები ექნებათ, 27 მაისს, თითოეული მათი აქციისთვის დამატებით 19 აქციას მიიღებენ.
რაც შეეხება Meta Platforms-სა და Tencent Holdings-ს, ინვესტორები, რომლებსაც რისკისადმი მაღალი ტოლერანტობა აქვთ, შეიძლება, ამ აქციების შეძენის შემდეგ კარგად დაჯილდოვდნენ. მაგრამ საპროცენტო განაკვეთების, ინფლაციის და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მატებასთან ერთად, ბაზარი, შეიძლება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში საკმაოდ არასტაბილური იყოს. ამიტომ, გონივრული იქნება, თუ ის ინვესტორები, რომლებიც რისკისადმი დაბალი ან საშუალო ტოლერანტობით ხასიათდებიან, ამ აქციების ყიდვისგან თავის შეკავებას განაგრძობენ.