სამშაბათს ევროპული აქციების ფასი უკრაინაში ომის განახლებული შეშფოთების გამო დაეცა, მაშინ, როდესაც ინვესტორები ფედერალური სარეზერვო ბანკის შეხვედრას ელიან, სადაც სავარაუდოა, რომ საპროცენტო განაკვეთების გაზრდა გადაწყდება.
Stoxx Europe 600 0.3%-ით შემცირებული პოზიციით დაიხურა, მას შემდეგ, რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში პირველად დაეცა. ეს კი იმან გამოიწვია, რომ რუსეთის პრეზიდენტმა – ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინას გამოსავლის პოვნისადმი სერიოზული მიდგომა არ აქვს. მაღაროების მფლობელი კომპანიების აქციების ფასები ყველაზე მეტად შემცირდა, რადგან ჩინეთში, კორონავირუსის მძვინვარების ფონზე, ფართო მოხმარების საქონლის ფასებმა დაიკლო, ხოლო მედიისა და ავტომწარმოებლისთვის კარგი პერიოდი იყო.
ევროპული აქციების ფასები წელს შემცირდა, რადგან ინვესტორები წუხდნენ მზარდი ინფლაციისა და ცენტრალური ბანკის მკვეთრი პერსპექტივების გამო. რუსეთის უკრაინაში შეჭრამ გაამწვავა აქციების გაყიდვა, რადგან ამან საქონლის ფასების ზრდა და რეგიონში ზრდის პერსპექტივების შენელება გამოიწვია.
Flowbank SA-ის მთავარმა ინვესტიციების ოფიცერმა – ესტი დვეკმა თქვა, რომ ევროპული ბაზრები უკვე აშკარად ძალიან ნეგატიურ სცენარებში ფასდება. მან ასევე დასძინა, რომ კონფლიქტის ხანგრძლივობა და ევროზონაზე მიმდინარე გავლენა ჯერჯერობით გაურკვეველია, ამიტომ კითხვები ზრდისა და ინფლაციის შესახებ, სავარაუდოდ, გარკვეული დროის განმავლობაში გაგრძელდება.
Bank of America Corp.-ის მარტის ევროპული ფონდების მენეჯერების გამოკითხვის თანახმად, უკრაინის ომმა ევროპის ზრდის მოლოდინების „ისტორიული კოლაფსი“ გამოიწვია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ინვესტორები ბანკებსა და ფინანსურ აქციებს, ნაღდი ფულისა და თავდაცვითი სექტორის სასარგებლოდ დემპინგს უწევენ.
გლობალური ინვესტორების 18% ამბობს, რომ მათ ევროპული აქციების მცირე კონცენტრაცია აქვს, როდესაც წინა თვეში, მათი 30% ამბობდა, რომ ევროპული აქციების ჭარბ რაოდენობას ფლობდა.
Sanford C. Bernstein-ის სტრატეგების (მარკ დაივერის ჩათვლით) თქმით, ისტორია გვიჩვენებს, რომ, მას შემდეგ, რაც ინვესტორებმა, ზედიზედ მეორე კვირას, რეგიონის კაპიტალის ფონდების რეკორდული რაოდენობა გაყიდეს, შეიძლება ვიხილოთ ევროპული აქციების გადინების შემდეგი ტალღა.
ინვესტორები ასევე შეშფოთებულნი არიან გლობალურ ზრდაზე ჩინეთის ჩაკეტვის ზეგავლენით. Interactive Investor-ის ბაზრების ხელმძღვანელმა – რიჩარდ ჰანტერმა თქვა, რომ კოვიდ-19-ის ინფექციების ბოლოდროინდელმა მწვერვალმა გამოიწვია მღელვარება იმის შესახებ, რომ, შეიძლება, მიწოდების ჯაჭვი შეფერხდეს და პირველ კვარტალში ჩინეთის ეკონომიკური ზრდის ტემპი შემცირდეს.
Hennes & Mauritz AB-ის (H&M) აქციების ფასი შემცირდა, მას შემდეგ, რაც კომპანიამ კვარტალური გაყიდვების შედეგები გამოაქვეყნა. ფუფუნების საგნების მწარმოებელი კომპანიების, მათ შორის LVMH-ის აქციების ფასები შემცირდა ჩინეთის ახალი კორონავირუსული ტალღისა შედეგებისა და იმის გამო, რომ ევროკავშირი აპირებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ფუფუნების საგნებიც დაამატოს.