ოთხშაბათს რუსული რუბლი რეკორდულ ნიშნულამდე დაეცა, მიუხედავად მოსკოვის ზომებისა, უკრაინაში შეჭრით გამოწვეული სანქციების ფონზე, შეენარჩუნებინა ეკონომიკა და ვალუტის მყარი კურსი.
ბაზრის დახურვიდან ორი დღის შემდეგ, რუბლი მოსკოვის ბირჟაზე დოლართან მიმართებით 120.83-მდე ავიდა, შემდეგ კი 120-ზე დაიხურა, რაც პარასკევის მაჩვენებელზე 12.5%-ით ნაკლებია.
მას შემდეგ, რაც ადრეულ ვაჭრობაში ევროსთან მიმართებაში 131-ს მიაღწია, რუბლი 6.3%-ით დაბლა – 127-ზე დაიხურა.
რუბლის ოფშორული სავაჭრო ოპერაციები ფასების დიდი უთანასწორობით ხასიათდებოდა. Refinitiv-ზე ერთი დოლარის საფასური 129 რუბლი იყო, ხოლო EBS პლატფორმაზე – 138 რუბლი.
რუსეთის ფინანსურ ბაზრებზე არეულობამ მას შემდეგ დაისადგურა, რაც მისმა უკრაინაში შეჭრამ მკაცრი ეკონომიკური სანქციები გამოიწვია.
ოთხშაბათს ევროკავშირმა ბელორუსის ცენტრალურ ბანკთან და ასევე იქ არსებულ წამყვან ბანკებთან კავშირები გაყინა, რადგან ეს ქვეყანა უკრაიანასთან წინააღმდეგ ომში რუსეთის მოკავშირეა.
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთები 2-ზე მეტჯერ – 20%-მდე გაზარდა და მთავრობამ მხარდამჭერი ღონისძიებები ჩაატარა, თუმცა რუსული აქტივების ძლიერი გაყიდვის ტენდენცია დაფიქსირდა და უკრაინაში ჯარების გაგზავნის შემდეგ მოსკოვში რუბლის კურსი დაახლოებით 30%-ით შემცირდა.
სამშაბათს, ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ ის ფინანსურ ფირმებს დამატებით კრიზისულ დახმარებას სთავაზობს და ბანკებს მომდევნო 6 თვის განმავლობაში მოქალაქეებისთვის უცხოური ვალუტის მიყიდვა აეკრძალათ. ეს ნაბიჯი მიზნად ისახავს ქვეყანაში ეროვნული ვალუტის მყარი კურსის შენარჩუნებას.
ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, რუსულ ბანკებს უფლება ექნებათ გასცენ სესხები კომპანიებზე, რომლებსაც არარეზიდენტები აკონტროლებენ. ეს რუსეთში ბიზნესის წარმოების მსურველ კომპანიებს ჩვეულ რეჟიმში მოქმედების საშუალებას მისცემს.
საფონდო ბირჟა მოსკოვში კვლავ დახურულია. ბოლოს აქ აქციებით ვაჭრობა 25 თებერვალს განხორციელდა.
BMO Wealth Management-ის მთავარმა საინვესტიციო სტრატეგმა – იუნგ-იუ მამ განაცხადა, რომ როგორც კი საფონდო ბირჟა კვლავ გაიხსნება, არსებობს შანსი, ფასები აქციების გრძელვადიან ღირებულებაზე დაბალ დონეზე დაეცეს, მაგრამ ამ დროის გაანგარიშება რთული იქნება.
რუსეთის 5-წლიანი საკრედიტო დეფოლტის სვოპები – ქვეყნის დაზღვევის ღირებულების საზომი – მკვეთრად გაიზარდა რეკორდულ 2,960 საბაზისო პუნქტამდე.
წლიური ინფლაცია რუსეთში იანვრის 8.73%-იანი მაჩვენებლიდან თებერვალში 9.15%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო 7 წლის განმავლობაში მაქსიმალური მაჩვენებელია. რუბლის შესუსტებასთან ერთად ფასები რუსეთში კიდევ უფრო გაიზარდა.
State Street Global Markets-ის მაკრო სტრატეგიის გლობალურმა ხელმძღვანელმა – მაიკლ მეტკალფმა კვლევით ჩანაწერში თქვა, რომ იყო ნიშნები რუსეთში ფასების იმაზე მეტად გაზრდისა, ვიდრე ვალუტის წინა კოლაფსის დროს. იგი ამბობს, რომ თუ ეს მდგომარეობა მომდევნო კვირებსა და თვეებში შენარჩუნდება, შესაძლოა, რუსეთის წლიური ინფლაციის მაჩვენებელი გაორმაგდეს.