აი უფასო ბიზნეს გაკვეთილი ისააკ ნიუტონისგან: ყოველი ქმედება იწვევს შესაბამის უკუქმედებას.
როდესაც რუსეთი უკრაინაში შეჭრასთან ერთად კიბერ ომს აწარმოებს, მთავრობები და კომპანიები მთელი მსოფლიოს მასშტაბით (განსაკუთრებით ისინი, რომლებიც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში არიან ჩართულნი) თავიანთი კიბერუსაფრთხოების პროფილების გაძლიერებას ცდილობენ. შედეგად, კიბერუსაფრთხოების კომპანიების აქციების ფასები იზრდება.
ომი ციფრულ ეპოქაში
უკრაინის ზოგიერთი სამთავრობო ვებ-გვერდი ჰაკერული შეტევის მსხვერპლი გახდა. ჰაკერები იყენებდნენ მათ მიერ მართულ „ბოტებს“ იმისთვის, რომ ვებ-გვერდები ზედმეტად დაეტვირთათ და მათი გამორთვა გამოეწვიათ. მაგრამ კიდევ უფრო დიდი საზრუნავია უკრაინაში აღმოჩენილი დესტრუქციული „გამწმენდი“ მავნე პროგრამა, რომელიც ინფიცირებული კომპიუტერიდან მონაცემებს შლის და მისი უფუნქციოდ ქცევა შეუძლია. FBI-მ, ისევე, როგორც კიბერუსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურის დაცვის სააგენტომ, ამერიკული კომპანიები გააფრთხილა, რომ შაბათ-კვირას მომზადებულიყვნენ და დაცვა გაეძლიერებინათ. ორშაბათს კი, როდესაც საფონდო ბირჟა გაიხსნა, კიბერუსაფრთხოების კომპანიებმა დიდი „მოსავლის აღება“ დაიწყეს:
- Global X Cybersecurity ETF ორშაბათს 3.8%-ით, ხოლო ბოლო სამი სესიის განმავლობაში 12%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, ტექნოლოგიური კომპანიებით დატვირთულმა Nasdaq 100-მა მხოლოდ 0.3%-ით მოიმატა.
- CrowdStrike არის კომპანია, რომელმაც 2016 წელს DNC-ის სერვერებში რუსი ჰაკერების ჩარევა გამოააშკარავა. მისი აქციების ფასი 1 იანვრიდან 23 თებერვლამდე 18%-ით დაეცა. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ კი 20%-ით გაიზარდა.
ტოიოტას პრობლემები: მას შემდეგ, რაც ტოიოტას ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ნაწილების მომწოდებელზე საეჭვო კიბერშეტევა მოხდა, კომპანიამ ორშაბათს იაპონიაში ქარხნები დახურა. თავდასხმის წარმომავლობა ჯერჯერობით გაურკვეველია, თუმცა იაპონიის მაღალჩინოსნებმა Financial Times-ს განუცხადეს, რომ მათი ვარაუდით, ეს იყო რუსეთის შურისძიება უკრაინის ერის მხარდაჭერისთვის.
ქლაუდ უსაფრთხოების ფირმის – Cato Networks-ის აღმასრულებელმა დირექტორმა – შლომო კრამერმა Financial Times-სთან განაცხადა, რომ კიბერ ბაზარი ახლა იწყებს განვითარებას და პატარა კიბერ ომი ამ ბაზრის სწრაფი ტემპებით ზრდას გამოიწვევს. მან ასევე დასძინა, რომ ბაზრის შემდეგ დონეზე გადასასვლელად საკმარისი „ტკივილია“ საჭირო, შეიძლება ეს კონფლიქტი არ აღმოჩნდეს ამის გამომწვევი, მაგრამ ადრე თუ გვიან ეს მოხდება.