ყველამ იცის, რომ Visa საკრედიტო ბარათების გიგანტია, მაგრამ კომპანია ახალი სხვადასხვა მიმართულებებით აპირებს გაფართოებას. მათ შორისაა კრიპტოვალუტები და ელექტრონული კომერციის ტექნოლოგიურ კომპანიებთან თანამშომლობა.
შემოგთავაზებთ ტრევორ ჯენევაინისა და ბრაიან უიდერსის საუბარს Visa-ს მიმდინარე კვარტლისა და კომპანიის ინოვაციური გეგმების შესახებ.
ბრაიან უიდერსი: გამარჯობა ტრევორ, როგორი პერიოდი ჰქონდა Visa-ს?
ტრევორ ჯენევაინი: Visa-ს შესანიშნავი კვარტალი ჰქონდა, ისევე, როგორც Mastercard-ს. დღეს ნაშუადღევის მონაცემებით, Visa-ს აქციების ფასი 10%-ით გაიზარდა. Visa-მ ანგარიში გუშინ წარადგინა. ეს არის უმსხვილესი გადახდების კომპანია ტრანზაქციების კუთხით.
პირველ კვარტალში შემოსავალმა $7.1 მილიარდი შეადგინა, რაც 24%-იან მატებას ნიშნავს. შემოსავლები თითო აქციაზე $1.23 იყო და ეს მაჩვენებელი 29%-ით გაიზარდა. რაც შეეხება მომავალს, კომპანიამ, მომავალი კვარტალისა და მთელი წლისთვის, საკმაოდ მკაფიო პროგნოზები წარადგინა. მათ განაცხადეს, რომ მეორე კვარტალისა და მთელი წლისთვის მაღალ შემოსავლებს ელიან. ჩემთვის ეს მთელი წლის განმავლობაში 18-19%-იან ზრდას ნიშნავს, რაც საკმაოდ მყარი პროგნოზია. ასევე, მნიშვნელოვანი მაჩვენებლია გადახდების მოცულობა, რომელიც 20%-ით გაიზარდა $2.97 ტრილიონამდე. საზღვრის გადამკვეთი ტრანზაქციების (როდესაც გადამხდელი და მიმღები ქვეყნები სხვადასხვაა) მოცულობა 37%-ით გაიზარდა. თუ ამ ყველაფერს აშშ დოლარებში შევაჯამებთ, უცვლელი კურსით გამოვა, რომ შემოსავალმა 40%-ით მოიმატა. მენეჯმენტმა განაცხადა, რომ Covid-19-ის ომიკრონ ვარიანტმა შეაფერხა ზრდები საზღვრის გადამკვეთ (cross-border) ტრანზაქციებში, მაგრამ ისინი თებერვლისკენ ძალების აღდგენას ელიან.
რაც შეეხება საპროცესო ტრანზაქციებს, ისინი 21%-ით გაიზარდა $47.6 მილიარდამდე. ესეც შთამბეჭდავი მაჩვენებელია. ამასთანავე, აღნიშვნის ღირსია, რომ Visa გადახდების 3 მზარდი არეალის ათვისებაზეა ორიენტირებული, ესენია: B2B (ბიზნესიდან ბიზნესზე), B2C (ბიზნესიდან მომხარებელზე) და G2C (სახელმწიფოდან მომხარებელზე) განხორციელებული ტრანზაქციები.
Visa Direct არის საშუალება იმისა, რომ მარტივად შესრულდეს ტრანზაქციები პიროვნებიდან პიროვნებაზე, ბიზნესიდან მომხმარებელზე, ბიზნესიდან დასაქმებულზე. მაგალითისთვის, Visa თანამშრომლობდა Toast-თან, რაც რესტორანს საშუალებას აძლევდა, მომუშავე პერსონალისთვის ხელფასი და ბონუსები ბუფრო სწრაფად გადაეხადა. ამან კი Visa Direct-ის ტრანზაქციები კვარტალში 35%-ით გაზარდა. Visa ასევე დაინტერესებულია კრიპტოვალუტებით. ალ კელიმ, Visa-ს გენერალურმ დირექტორმა, აღნიშნა, რომ კრიპტოსაფულეებით გადახდებმა კვარტალში $2.5 მილიარდზე მეტი შეადგინა. ეს მაჩვენებელი კი უკვე იმის 70%-ია რაც მთლიანად წინა წელს იყო. Visa-მ უკვე ითანამშრომლა 65 სხვადასხვა კრიპტო პლატფორმასთან, Coinbase-ის ჩათვლით. ალ კელის თქმით, კომპანია აპირებს, ამ ტრენდს მიჰყვეს.
გარდა ამისა, Visa-მ წინა პლანზე წამოწია Shopify-სთან თანამშრომლობა. მესამე კვარტალში Shopify-მ დაიწყო ფულის მართვის საშუალების – Shopify Balance-ის გამოშვება. ეს არის ანგარიში, რომელიც Visa Power სადებეტო ბარათთან არის დაკავშირებული, რაც მოვაჭრეებს სახსრებზე მეორე დღესვე წვდომის საშუალებას აძლევს. თანაც, მათ შეუძლიათ, ყველა ბიზნეს ხარჯზე მიიღონ ქეშბექი. ყველა ამ მიმართულებით გაფართოების პერსპექტივები იმედისმომცემია. ერთადერთი რაც მაღელვებს, არის Covid 19-ის ომიკრონ ვარიანტი, დაუბრუნდება cross-border ტრანზაქციები ჩვეულ რიტმს? გაიზრდება მათი მოცულობა? ეს კომპანიის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომ, აუცილებელია, რომ მისი განვითარება გაგრძელდეს.
ბრაიან უიდერსი: მშვენიერია. მინდა გკითხო, რომელ კატეგორიას მიაკუთვნებდი Visa-ს აქციებს, ოქროს, ვერცხლს თუ ბრინჯაოს?
ტრევორ ჯენევაინი: უფრო ვერცხლისკენ გადავიხრებოდი.
ბრაიან უიდერსი: ძალიან კარგი. მომწონს, რომ Visa-მ და Mastercard-მა ამ სეზონში ნაადრევად წარადგინეს ანგარიშები. ფაქტი, რომ ორივე კომპანიამ ასეთი ზრდა განიცადა მომხმარებელთა გადახდების თვალსაზრისით, შთამბეჭდავია. ვფიქრობ, უნდა დაუკვირდეთ სხვა იმ გადახდების კომპანიის შედეგებსაც, რომლებიც მოგვიანებით წარადგენენ ანგარიშებს.
ტრევორ ჯენევაინი: ნამდვილად. შესანიშნავი კვარტალი იყო Visa-სთვის.