დაახლოებით 1 კვირის წინ The Wall Street Journal-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში Qualcomm-ის წარმომადგენლები დაუკავშირდნენ Intel-ს (INTC), შესყიდვის წინადადებით. გარიგება — თუ ის მართლა შედგება და მარეგულირებლების მიერ დაბლოკვის საგანი არ გახდება — იქნება ერთ-ერთი უდიდესი ტექნოლოგიური ინდუსტრიის ისტორიაში.
გარდა ამისა, ასევე ცნობილი გახდა, რომ საინვესტიციო ფირმა Apollo Global Management-მა Intel-ს $5-მილიარდიანი ინვესტიცია შესთავაზა. აღსანიშნავია, რომ ახლო წარსულში Intel-მა Apollo-ს ირლანდიის ჩიპების მწარმოებელი ქარხნის 49%-იანი წილი მიჰყიდა.
გასული კვირის დასასრულს კი კიდევ ერთი მსგავსი ინფორმაცია გავრცელდა. კერძოდ, Bloomberg-ის თანახმად, ჩიპების მწარმოებელმა მისი პროდუქტების განყოფილების შესყიდვის წინადადება მიიღო Arm Holdings-ისგან. ფინანსური სიახლეების სააგენტოს ინფორმაციით, Intel-ის მენეჯმენტი ამ შეთავაზებას არ დათანხმდა და განაცხადა, რომ ეს ბიზნესი არ იყიდება.
პროდუქტების განყოფილების გასხვისება ფუნდამენტურად შეცვლიდა Intel-ს. ეს არის კომპანიის ორი ძირითადი განყოფილებიდან ერთ-ერთი — მეორეა Intel Foundry Services (IFS), მწარმოებელი ფილიალი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში Intel-მა თავისი ოპერაციები ამ მიმართულებებად დაყო, რაც ფართო რესტრუქტურიზაციის მცდელობის ნაწილს წარმოადგენდა. ბაზარზე გაჩნდა ვარაუდები, რომ ჩიპების მწარმოებელი, რომელიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, ორ ცალკეულ კომპანიად დაყოფისთვის ემზადება.
ცნობილი არ არის, რა თანხის გადახდა შესთავაზა Arm Holdings-მა Intel-ს პროდუქტების განყოფილების სანაცვლოდ — ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არცერთი კომპანიის წარმომადგენლებს არ გაუკეთებიათ.
ცოტა ხნის წინ Intel-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — პეტ გელსინჯერმა თქვა, რომ Intel-მა მიაღწია პროგრესს ხარჯების შემცირების მიმართულებით სამუშაო ძალის ნაწილის გათავისუფლების, კომპანიის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების შემცირებისა და Altera Corporation-ში თავისი წილის გაყიდვის წყალობით (ხარჯების შემცირების სხვა ნაბიჯებთან ერთად).
Intel-ის მენეჯმენტმა ასევე განაცხადა, რომ აპირებს, Intel Foundry — განყოფილება, რომელიც ჩიპებს სხვა ფირმებისთვის აწარმოებს — ცალკე შვილობილ კომპანიად გარდაქმნას. ჩიპების მწარმოებელ ფირმაში მიიჩნევენ, რომ ეს გადაწყვეტილება Intel Foundry-ს მეტი თავისუფლებით უზრუნველყოფს, მას საშუალებას მისცემს, დაფინანსება დამოუკიდებლად მოიძიოს, ხოლო თავად Intel-ს თითოეული ბიზნეს მიმართულების კაპიტალის სტრუქტურის ოპტიმიზაციაში დაეხმარება.
სხვა მნიშვნელოვანი სიახლეები
Intel-მა ასევე ახლახან დააანონსა მრავალმილიარდიანი შეთანხმებები, რომლებიც Amazon-ისთვის (AMZN) და აშშ-ის შეიარაღებული ძალებისთვის მორგებული ჩიპების წარმოებას ითვალისწინებს.
Bloomberg-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ Intel-მა მიიღო $3.5 მილიარდის ოდენობის ფედერალური გრანტები, როგორც Secure Enclave პროგრამის ნაწილი. ამ უკანასკნელის მიზანი სამხედრო და სადაზვერვო აპლიკაციებისთვის მოწინავე ჩიპების შექმნაა.
„ეს სიახლე, Amazon-ის ვებ სერვისებთან დაკავშირებულ ჩვენს განცხადებასთან ერთად, აჩვენებს იმ მუდმივ პროგრესს, რომელსაც ჩვენ ვაღწევთ მსოფლიო დონის სამსხმელო ბიზნესის ასაშენებლად” — განაცხადა გელსინჯერმა.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Intel-ის აქციებს?
Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $24.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 34 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $25.47-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $42.00-ს, ხოლო მინიმალური — $18.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Intel-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 6.5%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 34 ანალიტიკოსიდან 1-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 26-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 7-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Intel-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.