გუშინ Visa-ს (V) აქციების ფასი 5%-ზე მეტით შემცირდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ (DOJ) ფინანსური სერვისების გიგანტს ანტიმონოპოლიური პრაქტიკის გამოყენების ბრალდებით უჩივლა.
წლის დასაწყისიდან Visa-ს აქციების ფასი 5%-ზე მეტით არის გაუმჯობესებული.
კვლავ ანტიმონოპოლიური სარჩელი
როგორც ჩანს, ბოლო დროს აშშ-ის ფედერალურმა მთავრობამ თითქმის ყველა მსხვილ ტექნოლოგიურ კომპანიას უჩივლა. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ისეთმა გიგანტმა, როგორიც არის Visa, იუსტიციის სამინისტროს ყურადღება დაიმსახურა.
გუშინ The New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ იუსტიციის სამინისტრო ემზადებოდა სარჩელი შეეტანა Visa-ს წინააღმდეგ. ამის მიზეზი არის ფინანსური სერვისების კომპანიის მიერ კონკურენტების დაბლოკვა მომხმარებლების დასჯის გზით, როდესაც ისინი, გადახდების დასამუშავებლად, ალტერნატიული სერვისების გამოყენებას ცდილობენ.
„უკვე ათწლეულზე მეტია, რაც Visa ყველაზე დიდი, ყველაზე მძლავრი სადებეტო ქსელია“ — წერს DOJ სარჩელში, რომელიც მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში იქნა შეტანილი. იუსტიციის სამინისტროს მტკიცებით, კომპანიის კონტრაქტები მოვაჭრეებთან „არაკანონიერად აფერხებს კონკურენციას და ახშობს ინოვაციებს“.
ანტიმონოპოლიური სარჩელის გამო, 2021 წლის იანვარში Visa-მ და კონკურენტმა გადახდების დამუშავების ფირმა Plaid-მა მოლაპარაკებები გააუქმეს. იუსტიციის სამინისტრომ იმ დროს განაცხადა, რომ დაგეგმილი $5.3-მილიარდიანი შერწყმის გარიგება წარმოადგენდა Visa-ს მონოპოლისტური ქცევის მაგალითს. DOJ-ის წარმომადგენლების თქმით, Visa პოტენციური კონკურენტის შეძენას ცდილობდა მანამ, სანამ ის განვითარდებოდა და უფრო ანგარიშგასაწევ ძალად იქცეოდა.
„ვამაყობთ ჩვენ მიერ შექმნილი გადახდების ქსელით, განხორციელებული ინოვაციებით და ეკონომიკური შესაძლებლობით, რომლებსაც ხელს ვუწყობთ. ეს სარჩელი უსაფუძვლოა და ჩვენ თავს ენერგიულად დავიცავთ“ — განაცხადა Visa-ს გენერალურმა მრჩეველმა, ჯული როტენბერგმა ელექტრონული წერილის საშუალებით.
რთული იქნება ზუსტად იმის თქმა, თუ რა გავლენას იქონიებს სარჩელი Visa-ს ბიზნესზე. თუმცა, მინიმუმ, სავარაუდოა, რომ ეს იქნება იურიდიული თავის ტკივილი გადახდების დამუშავების გიგანტისთვის. უარეს შემთხვევაში კი შეიძლება Visa-ს მილიარდობით დოლარის ოდენობის ჯარიმა დაეკისროს და მის ახალ ბაზრებზე შესვლის პროცესს ხელი შეეშალოს.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Visa-ს აქციებს?
Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $268.00-ს შეადგენს. კომპანიას ამ ეტაპზე 21 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $315.42-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $345.00-ს, ხოლო მინიმალური — $275.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Visa-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.6%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს 21 ანალიტიკოსიდან 17-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი და არცერთმა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Visa-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.