გუშინ Tesla-ს (TSLA) აქციების ფასი თითქმის 5%-ით გაიზარდა, რადგან ანალიტიკოსებმა ხაზგასმით აღნიშნეს რამდენიმე პოტენციური კატალიზატორი, რომელმაც შეიძლება ელექტრომობილების (EV) მწარმოებელზე დადებითად იმოქმედოს.
საინვესტიციო ბანკ Barclays-ის ანალიტიკოსებმა კლიენტებისთვის გაგზავნილ შენიშვნაში განაცხადეს, რომ, შესაძლოა, მესამე კვარტალში Tesla-ს მიწოდების მაჩვენებელმა მოლოდინებს გადააჭარბოს.
Goldman Sachs-ისა და Bank of America-ს ანალიტიკოსები ასევე მიიჩნევენ, რომ ამერიკულ EV კომპანიას შეუძლია, მომავალ თვეში რობოტაქსის ღონისძიებით ინვესტორებზე შთაბეჭდილება მოახდინოს.
Barclays-ის ანალიტიკოსების მოსაზრება
Barclays-ის პროგნოზით, შესაძლოა, მესამე კვარტალში Tesla-ს ელექტრომობილების მიწოდებამ 470,000 ერთეულს მიაღწიოს. ეს მაჩვენებელი, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 8%-იან ზრდას წარმოადგენს და აღემატება უოლ სტრიტის საშუალო პროგნოზს — 461,000-ს.
Barclays-ის გუნდი თავის მოსაზრებას ჩინეთიდან მიღებულ მონაცემებზე აფუძნებს — საინვესტიციო ბანკი ხაზს უსვამს ამ ქვეყანაში მაკროეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებას და ელექტრომობილებზე მოთხოვნის ზრდას.
ანალიტიკოსები ასევე ვარაუდობენ, რომ Tesla-ს შეუძლია ისარგებლოს საფასო ინიციატივებითა და სხვა წახალისების ღონისძიებებით ჩინეთში იმის ფონზე, რომ კომპანია მიზნად ისახავს, უფრო ძლიერი კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ EV მწარმოებლებს. Barclays-ში ასევე ხაზი გაუსვეს Tesla-ს სრული თვითმართვის (FSD) ტექნოლოგიის მოსალოდნელ გამოსვლას ჩინეთში.
Robotaxi, როგორც ზრდის კიდევ ერთი კატალიზატორი
გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, Goldman Sachs-ის ანალიტიკოსებმა ხაზი გაუსვეს კომპანიის 10 ოქტომბერს გასამართ რობოტაქსის ღონისძიებას, როგორც Tesla-ს აქციების პოტენციური ზრდის კატალიზატორს. ანალიტიკოსებმა განაცხადეს, რომ კომპანიას ასევე შეუძლია, ამ ღონისძიებაზე თავისი იაფი ავტომობილიც წარადგინოს.
Bank of America-ს ანალიტიკოსებმა რობოტაქსის ღონისძიება ასევე პოტენციურ კატალიზატორად მოიხსენიეს Tesla-ს აქციებისთვის. მათ აღნიშნეს, რომ ეს ღონისძიება ინვესტორებს დაეხმარება, მეტი გაიგონ სრული თვითმართვის ტექნოლოგიის შესახებ, ამასთან უკეთ გაერკვნენ რობოტაქსის ბიზნესის პოტენციურ სტრუქტურაში. თუმცა Bank of America-ში მიიჩნევენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა, Tesla-მ რობოტაქსის სერვისი ხელმისაწვდომი გახადოს 2025 წლამდე.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Tesla-ს აქციებს?
Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $238.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 36 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $210.56-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $310.00-ს, ხოლო მინიმალური — $24.86-ს. საშუალო სამიზნე ფასი Tesla-ს აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 15.8%-იან კლებას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 36 ანალიტიკოსიდან 12-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 16-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 8-მ — გაყიდვის რეკომენდაცია.
Tesla-ს აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.