ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში პირველად, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო ბანკი (Fed) იწყებს სესხის აღების ხარჯების შემცირებას, მიზნად ისახავს რა ეკონომიკის გაძლიერებას და უმუშევრობის ზრდის თავიდან აცილებას.
გუშინდელ შეხვედრაზე Fed-მა საპროცენტო განაკვეთები 50 საბაზისო პუნქტით — 4.75%-5%-იან დიაპაზონამდე შეამცირა. 2020 წლის მარტიდან განაკვეთების დაწევის პირველი შემთხვევა ფედერალური სარეზერვო ბანკის სტრატეგიის ცვლილებაზე მიგვითითებს. აღსანიშნავია, რომ ოთხშაბათამდე Fed 14 თვის განმავლობაში ინარჩუნებდა საპროცენტო განაკვეთებს 23-წლიან მაქსიმალურ ნიშნულზე. შეხვედრის ჩატარებამდე Fed-ის ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ საპროცენტო განაკვეთების დაწევა მოახლოებული იყო, მაგრამ ბაზრის მონაწილეებს შორის მთავარი დებატების საგანს წარმოადგენდა ის, თუ რამდენად დიდი იქნებოდა შემცირება — 25-პუნქტიანი, თუ 50-პუნქტიანი.
ინფლაციის დონის მიახლოებამ Fed-ის სამიზნე წლიურ 2%-იან მაჩვენებელთან, შეცვალა ღია ბაზრის ფედერალური კომიტეტის (FOMC) სტრატეგია — მისი ფოკუსი ინფლაციასთან ბრძოლიდან შრომის ბაზრის დაცვაზე გადავიდა.
კომიტეტის წევრების გამოკითხვის თანახმად, რომელიც ასევე გუშინ გამოქვეყნდა, Fed-ის წარმომადგენლები საპროცენტო განაკვეთების დაწევას მომავალ თვეებშიც მოელიან — მომდევნო ორ შეხვედრაზე დამატებით 50 საბაზისო პუნქტით შემცირებას.
Fed უფრო აგრესიულ მიდგომას ირჩევს
საპროცენტო განაკვეთების შემცირების შედარებით აგრესიული გზის არჩევით, Fed-ის წარმომადგენლები მიგვითითებენ, რომ ინფლაციის დონე საკმაოდ შემცირებულია, ხოლო შრომის ბაზარზე საკმარისად დიდი რისკები არსებობს. ცენტრალური ბანკის ორმხრივი მისია, რომელიც მას კონგრესმა დააკისრა, მისი ეგრეთ წოდებული „ორმაგი მანდატი“, გულისხმობს ინფლაციის დაბალი დონის შენარჩუნებას და იმის უზრუნველყოფას, რომ ადამიანების უმეტესობას სამუშაო ადგილი ჰქონდეს.
„კომიტეტს გაუჩნდა უფრო დიდი ნდობა, რომ ინფლაცია მდგრადად მიემართება 2%-იანი სამიზნე ნიშნულისკენ, ამასთან ვთვლით, რომ დასაქმებისა და ინფლაციის მიზნების მიღწევის რისკები დაახლოებით დაბალანსებულია. ეკონომიკური პერსპექტივა გაურკვეველია და კომიტეტი ყურადღებით აკვირდება ორმაგი მანდატის ორივე მხარის რისკებს“ — ნათქვამია FOMC-ის განცხადებაში.
რაც უფრო მეტად ამცირებს Fed საპროცენტო განაკვეთებს, მით უფრო სუსტდება ზეწოლა ყველა სახის სესხზე, მათ შორის იპოთეკაზე, საკრედიტო ბარათებზე და ავტო სესხებზე. შესაბამისად, ეს მდგომარეობას ხელს უწყობს სესხების აღებასა და ფულის ხარჯვას როგორც ბიზნესების, ისე ფიზიკური პირების მიერ. Fed-ის წარმომადგენლებმა უნდა დააბალანსონ ეკონომიკის გაძლიერების აუცილებლობა მაღალი ინფლაციის რისკთან, რამაც ბოლო წლებში ეკონომიკა და საყოფაცხოვრებო ბიუჯეტები დააზარალა.
Fed-ის დაბალანსების აქტი
Fed-ის მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის კამპანია, რომელიც 2022 წლის მარტში დაიწყო, მიზნად ისახავდა ეკონომიკის შენელებას და ინფლაციის დონის შემცირებას. აგვისტოს მდგომარეობით, სამომხმარებლო ფასები წლიურად 2.5%-ით გაიზარდა. შედარებისთვის, 2022 წლის ივნისში ამ მაჩვენებლის აღმასვლამ 9.1% შეადგინა, რაც ყველაზე მაღალი ნიშნულია ბოლო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.
ინფლაციასთან ბრძოლა ეკონომიკას ძვირი დაუჯდა — მაღალმა საპროცენტო განაკვეთებმა ბევრი სახლის მყიდველისთვის იპოთეკური სესხი მიუწვდომელი გახადა. Fed-ისთვის კი განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის, რომ დამსაქმებლებმა, ბიზნეს სესხების გაძვირების ფონზე, ახალი თანამშრომლების დაქირავების ტემპი შეანელეს, ამასთან ბევრ მომხმარებელს საკრედიტო ბარათის დავალიანების დაფარვა უჭირს.
უმუშევრობის დონე აგვისტოში, იანვართან შედარებით, 3.4%-დან 4.2%-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებელმა საკმარისად სწრაფად მოიმატა წელს, რათა შექმნილიყო გაფრთხილება რეცესიის შესახებ. თუმცა აღსანიშნავია, რომ უმუშევრობის საერთო დონე ჯერ კიდევ არ არის მაღალი ისტორიული სტანდარტებით.
აღსანიშნავია, რომ გუშინ მიღებულ გადაწყვეტილებას კომიტეტის ყველა წევრი არ ეთანხმებოდა. Fed-ის საბჭოს წარმომადგენელმა — მიშელ ბოუმანმა ხმა საპროცენტო განაკვეთების 25 საბაზისო პუნქტით შემცირებას მისცა. ამ ფაქტმა 2022 წლის ივნისის შემდეგ პირველად დაარღვია FOMC-ის კენჭისყრის ერთსულოვნება.