გუშინ თვითმფრინავების მწარმოებელმა კომპანია Boeing-მა (BA) დააანონსა სავარაუდო შეთანხმება თავის ორ უმსხვილეს პროფკავშირულ პარტნიორთან.
შეთანხმების თანახმად, Boeing-ის დაახლოებით 33,000 თანამშრომელს ვაშინგტონში, ორეგონსა და კალიფორნიაში ანაზღაურება 25%-ით გაეზრდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. გუშინ კომპანიის წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ გარიგება ითვალისწინებს სხვა შეღავათებსაც, როგორებიც არის განახლებული საპენსიო პროგრამა და მშობლის შვებულება (როდესაც მშობლები და აღმზრდელები სამუშაოდან დროებით თავისუფლდებიან ბავშვებზე ზრუნვის მიზნით).
4-წლიან გარიგებაზე ხმის მიცემა ხუთშაბათს იგეგმება
პროფკავშირების — The International Association of Machinists და Aerospace Workers — წევრები ოთხწლიანი კონტრაქტის რატიფიცირებაზე ხმის მიცემას გეგმავენ ხუთშაბათს, როდესაც მიმდინარე ხელშეკრულება ამოიწურება. აღსანიშნავია, რომ წინა გარიგების ვადის ამოწურვის შემდეგ შესაძლებელი იყო გაფიცვის დაწყება, რამაც რიგ ობიექტებში წარმოება შეაჩერა.
გარიგება, პროფკავშირის წევრი თითოეული თანამშრომლისთვის, ხელფასების ზრდის გარდა, მოიცავს ერთჯერადად 3000 აშშ დოლარის გადახდას; ჯანმრთელობის, დაზღვევის გაუმჯობესებულ შეღავათებს და ზეგანაკვეთური სამუშაოს შემცირებას. კომპანია ასევე დათანხმდა Boeing-ის შემდეგი თაობის თვითმფრინავის წარმოებას თავის Puget Sound ობიექტებში.
„ახალი შეთავაზება უზრუნველყოფს ხელფასების ისტორიულ ზრდას; სამედიცინო ხარჯების დაბალ წილს, რათა ჯანდაცვა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს; კომპანიის უფრო დიდ წვლილს თანამშრომლების საპენსიო პროგრამაში; გაუმჯობესებებს სამუშაოსა და ცხოვრების უკეთესი ბალანსისთვის“ — განაცხადა Boeing Commercial Airplanes-ის აღმასრულებელმა დირექტორმა — სტეფანი პოპმა თანამშრომლებისთვის გაგზავნილ წერილში.
როგორ აფასებენ ანალიტიკოსები Boeing-ის აქციებს?
Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასი დაახლოებით $158.00-ს შეადგენს. ამ ეტაპზე კომპანიას უოლ სტრიტის 19 ანალიტიკოსი აფასებს. საშუალო სამიზნე ფასი $212.71-ს შეადგენს, მაქსიმალური პროგნოზი — $270.00-ს, ხოლო მინიმალური — $119.00-ს. საშუალო სამიზნე ფასი Boeing-ის აქციების ამჟამინდელი ფასიდან დაახლოებით 35%-იან ზრდას გულისხმობს. კომპანიის აქციებს ამ 19 ანალიტიკოსიდან 13-მა მიანიჭა ყიდვის რეკომენდაცია, 4-მა — ნეიტრალური რეიტინგი, ხოლო 2-მა — გაყიდვის რეკომენდაცია.
Boeing-ის აქციების შეძენა საქართველოს ბანკის მობილბანკში შეგიძლიათ ბმულზე.